საჩხერის რაიონის სოფელ პერევში არსებულ რუსულ ბლოკ-პოსტზე რუსი ჯარისკაცების როტაცია მოხდა, პერევის ტერიტორიაზე სამხედრო ავტომანქანებით რაიონის ტერიტორიაზე 100-მდე რუსი სამხედრო მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა.
როგორც „მედიანიუსს“ საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განუცხადა, პერევის საგუშაგოდან რუსები გასვლას ჯერჯერობით არ აპირებენ, რადგან გუშინ ახალი ძალები ჩაანაცვლეს და ბლოკ-საგუშაგოებს კაპიტალურად აკეთებენ და ამაგრებენ.
„მოსახლეობამ გუშინ ამდენი ჯარისკაცი რომ დაინახა, პანიკაში ჩავარდა, რადგან ამდენი ცოცხალი ძალა ერთად პერევში შემოსვლის პირველ დღესაც კი არ ყოფილა. რაც შეეხება მოროდიორობას, ამ მხრივ მცხოვრებლებს არ აწუხებენ. საჭმელს და სასმელს თავისი ფულით ყიდულობენ, მაგრამ მოსახლეობა მუდმივ შიშსა და სტრესშია, რადგან არავინ არ იცის, მომავალში რას მოიმოქმედებენ. სოფელ პერევში სასწავლო პროცესის დაწყება ორშაბათამდე გადაიდო, რადგან ამ დრომდე რუსების გამო სკოლაში სასწავლო ინვენტარის შეტანა ვერ მოვახერხეთ“, _ განუცხადა „მედიანიუსს“ ზურაბ ცერცვაძემ
წყარო: მედიანიუსი.