სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სპორტული სკოლების გაერთიანების დირექტორმა თამილა ძმანაშვილმა, ჟურნალისტთან ურთიერთობის მიზეზით, ტიბაანის სამუსიკო სკოლის დირექტორი რუსუდან ქოქიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.
როგორც ცნობილია, ტიბაანის სამუსიკო სკოლის პედაგოგებს ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების ხელფასები 16 ოქტომბრამდე მისაღები ჰქონდათ. ამასთან ერთად, ოფიციალური ბრძანების არსებობის მიუხედავად, გაერთიანების დირექტორის ზეპირი მითითებით სამუსიკო სკოლაში მრავალშვილიანი ოჯახების და დედ – მამით ობოლ ბავშვებს უფასოდ სწავლის საშუალებას არ აძლევდნენ, მაშინ, როცა ამისათვის სიღნაღის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხებია გამოყოფილი.
პრობლემების შესახებ “ადამიანის უფლებათა ცენტრს” ტიბაანის მაცხოვრებლებმა შეატყობინეს, რაზედაც ორგანიზაციის კორესპონდენტმა სტატია გამოაქვეყნა, რის შემდეგაც პედაგოგებმა ხელფასები მიიღეს, დედ – მამით ობოლი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს კი სკოლაში უფასოდ სწავლის საშუალება მისცეს, მაგრამ ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მიწოდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ტიბაანის სამუსიკო სკოლის დირექტორს რუსუდან ქოქიაშვილს დააბრალა და ამ მიზეზით ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულს რუსუდან ქოქიაშვილი ადასტურებს. სახელოვნებო და სპორტული სკოლების გაერთიანების დირექტორი თამილა ძმანაშვილი კი აცხადებს, რომ ქოქიაშვილს შრომითი ხელშეკრულება 2008 წლის 11 სექტემბერს შეუწყდა და 2008 წლის 13 ოქტომბრამდე ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა.
გელა მთივლიშვილი, კახეთი