კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველმა საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

17 ნოემბერი, 2008

დღეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მედიისა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს  საქართველოში, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, 2008 წლის პირველი ნახევრის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.

სახალხო დამცველმა ილაპარაკა იმ დარღვევებზე და ზეწოლაზე, რასაც ხელისუფლება და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ქართულ მედიაზე ახორციელებს.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოების წარმოდგენა ქართულ დემოკრატიაზე საგრძნობლად გაუარესდა და ამას მათი ბოლო დასკვნებიც ადასტურებს. ერთი წლის წინ, მედიის თავისუფლების მხრივ საქართველო 66-ე ადგილზე იყო, წელს კი 120-ე ადგილზე გადაინაცვლა.
„ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება ჟურნალისტებზე და ტელევიზიებზე. ამას ადასტურებს მედიამფლობელების ხშირი ცვლა. ნიუსების მიმართულების და პრიორიტეტების მიხედვით დალაგება, სახელისუფლებო წრეებში  ხდება და არა ტელევიზიებში. მედიამფლობელებს იბარებენ ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში და აიძულებენ თავიანთი წილები სხვაზე გადააფორმონ. ამასთანავე, აღნიშნული კომისია ლიცენზიების და სიხშირეების გაცემას სრულიად არაკანონიერად აწარმოებს.  ამას ადასტურებს ისიც, რომ „მაესტროს“ და კიდევ სხვა მოსურნე კომპანიებს სიხშირეები არ გამოუყვეს და განუცხადეს, ჯერ კვლევა უნდა ჩავატაროთ, ხალხს რა სახის ინფორმაცია სჭირდებაო. სწორედ ამ დროს მათ ტელეკომპანია „ალანიას“ მისცეს ლიცენზია, რომელიც მანამდე ულიცენზიოდ მუშაობდა და რატომღაც ამას მარეგულირებელი კომისია ვერ  ამჩნევდა. ლიცენზია არ ჩამოურთმევიათ ასევე „მეცხრე არხის“ სიხშირის მეპატრონესთვის, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირს, ვინმე გეგეშიძეს ეკუთვნის. ტელეკომპანია „იმედი“ ჯერ დაარბიეს და არნახული კანონდარღვევები განახორციელეს, შემდეგ კი ერთჯერადი  გაფრთხილებით ლიცენზია შეუჩერეს. ასე მოხდა სხვა ბევრ მაუწყებელთან მიმართებაშიც, რომელიც მათ სტანდარტებში არ ჯდება და მათ იდეოლოგიას არ ატარებს. არჩევნების დროს საეთერო დრო ძალიან არაპროცორციულად ნაწილდებოდა, როცა გაერთიანებულ ოპოზიციას 2 წუთი და 49 წამი ეთმობოდა, სააკაშვილს   დათმობილი ჰქონდა 35 წუთი და 30 წამი. ამაზე ცესკოს უნდა მოეხდინა რეაგირება, რადგან პირდაპირი კანონდარღვევა იყო.

საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალების საარჩევნო სიაში იყო ადამიანი, რომელმაც რადიო „ჰერეთს“ ლიცენზიის ჩამორთმევით ემუქრებოდა და მართლაც ორ დღეში რადიო „ჰერეთი“ სრულიად უმიზეზოდ დააჯარიმეს. ეს მუქარა ხორციელდებოდა ამჟამინდელი ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის სახელით. ერთ-ერთი კანონდარღვევაა ისიც, რომ „რუსთავი 2“-ის და „მზის“ 40 პროცენტიანი წილის მფლობელი არის კომპანია „მედიაგრუპი“, რომლის მეპატრონის ვინაობაც არ არის ცნობილი. ეჭვი არსებობს, რომ ამ ტელეკომპანიების 40-პროცენტიანი წილის მფლობელი მიხეილ სააკაშვილია“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახალხო დამცველმა ტელეკომპანია  „იმედზე“ თავდასხმის განხორციელებისას მომხდარ კანონდარღვევებზეც ისაუბრა. აგრეთვე მოიყვანა ფაქტები პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლო სტრუქტურებში განხორციელებულ დარღვევებსა და მაქინაციებზე. მისი განცხადებით. ამერიკელი ექსპერტების ცნობით, პატარკაციშვილის ხელმოწერა გაყალბებულია. სუბარმა ტელე-რადიო კომპანია „იმედის“ საინფომაციო პოლიტიკის შეცვლაზეც გაამახვილა ყურადღება.

სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ, რადიო-`იმედის~  ორმა ჟურნალისტმა _ მანანა თოქმაჯიშვილმა და ნინო ცხვარაშვილმა რადიო `იმედის~ ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრეს. როგორც  ჟურნალისტებმა განაცხადეს, ახალმა ხელმძღვანელობამ მათი პოლიტიკური თოქშოუს დახურვის მიზეზად ჟურნალისტების არაკვალიფიურობა მოიმიზეზა.

ჟურნალისტმა ნინო ცხვარიაშვილმა ჟურნალისტებს გაერთიანებისკენ და ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქართული მედიის ამჟამინდელი მდგომარეობა ჟურნალისტების არაერთსულოვნობის ბრალია და თუ ერთად დადგებიან, ვითარებას ნაწილობრივ შეცვლიან.

სუბარის გამოსვლის დამთავრების შემდეგ, „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის გამოსვლის ჩასაწერად „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 20 წუთთი დააგვიანა. ზურაბიშვილის განცხადებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მანდატით გათვალისწინებულია, რომ მსგავსი გამოსვლები სრულად უნდა ჩაიწერონ და პირდაპირ ეთერში გადასცენ. „საქართველოს გზის“ ლიდერმა ეს ფაქტი  კანონდარღვევის კიდევ ერთ ფაქტად შეაფასა.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს სახალხო დამცველმა ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვა რამდენიმე ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტების ობიექტურად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. სუბარის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშს პარლამენტში წარადგენს.

წყარო: მედიანიუსი.

ახალი ამბები