ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დევნილებისთვის საგადასახადო და საბანკო დავალიანების გამო ჯარიმების დაწესებას აპროტესტებს.
დღეს, ადამიანის უფლებათა კვირეულის პირველ დღეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დევნილების საბანკო და საგადასახადო დავალიანების გამო არსებულ პრობლემებზე გადაღებული ფილმი უჩვენა. ფილმში ნაჩვენები იყო კონკრეტული ფაქტები.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა განაცხადა, ომის შემდეგ დევნილებს საგადასახადო დავალიანების გამო სახელმწიფომ ჯარიმა დააკისრა, რაც ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელი ქმედებაა. მისი თქმით, ასევე პრობლემაა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა საბანკო დავალიანება, რის გამოც ისინი გარკვეული ფსიქოლოგიურ და მორალურ წნეხს განიცდიან.
„სახელმწიფო გარკვეულწილად უნდა ჩაერთოს და გარკვეული როლი უნდა ითამაშოს ამ პრობლემის მოგვარებაში. რადგან ის ხალხი ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა “საქართველოში არსებულ ბანკებს, რომ დევნილებისთვის საბანკო დავალიანებასთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები გაეწიათ. სხვადასხვა ბანკისგან არაერთგვაროვანი პასუხი მივიღეთ.
ზოგიერთმა ბანკმა არ გაითვალისწინა ამ ადამიანების ფორსმაჟორული მდგომარეობა, დავალიანებაზე ჯარიმა დააკისრა და შავ სიაშიც შეიტანა. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი ბანკიდან უშიშროების თავზე დაყენებით, დაჭერით ემუქრებოდნენ. ეს ხალხი საშინელ ფსიქოლოგიურ და მორალურ წნეხს განიცდის. შიშით ტელეფონსაც კი ვერ პასუხობენ, რადგან ჰგონიათ, რომ ბანკიდან ურეკავენ“, - აცხადებს თამარ ხიდაშელი.
წყარო: მედიანიუსი