კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰუმან რაით ვოთჩმა აგვისტოს მოვლენებზე ანგარიში გამოაქვეყნა

23 იანვარი, 2009

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩმა“ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფაქტზე 200-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის სახელწოდებაა „ცეცხლის ალში: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა, სამხრეთ ოსეთში განვითარებული კონფლიქტის დროს“.

დოკუმენტი მასმედიას ორგანიზაციის ასოცირებულმა დირექტორმა ქარლ ბოგერკმა და ევროპისა და ცენტრალური აზიის  განყოფილების დირექტორმა რეიჩელ დენბერმა სასტუმრო „თბილისი-მარიტში“ გააცნეს.

ანგარიშში დეატალურად არის აღწერილი როგორც საქართველოს, ისე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არადამიზნებადი იარაღისა და არაპროპორციული ძალების  გამოყენების ფაქტები, ასევე ოსური მხარის მიერ ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლების მიზანმიმართული განდგურების კამპანია.

დოკუმენტს საფუძვლად უდევს 460-ზე მეტი ინტერვიუ, რომლებიც საველე კვლევის პირობებში ჩაიწერა.
„სამხრეთ ოსეთში ომი მხოლოდ ერთ კვირას გაგრძელდა, მაგრამ მისი საზარელი შედეგები მომავალი თაობებისთვისაც საგრძნობი იქნება. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე - ეს არის დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემისა და დევნილთათვის საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნების შესაძლებლობის სასწრაფოდ მიცემა“, - განაცხადა რეიჩელ დენბერმა.

როგორც 200-გვერდიან ანგარიშში არის ნათქვამი, რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა ძალამ, ვერ შეასრულა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებით დაკისრებული ვალდებულება - შეძლებისდაგვარად უზრუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, რუსეთის ჯარმა საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ოს მოხალისეებს, ჩაედინათ ფართომასშტაბიანი მაროდიორობა, გადაეწვათ ქართველთა საცხოვრებელი სახლები, მოეკლათ, ეცემათ, გაეუპატიურებინათ და დაეშინებინათ ადამიანები.

„ამგვარი შეგნებული თავდასხმები სამხედრო დანაშაულია და თუ ის ფართომასშტაბიან და სისტემატურ ხასიათს ატარებს, ამ ქმედებებზე შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე“, _ ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ოსურმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა გაძარცვეს, დაანგრიეს და დაწვეს მრავალი საცხოვრებელი სახლი, მათ შეგნებულად მოკლეს სულ ცოტა 9 სამოქალაქო პირი და გააუპატიურეს სულ მცირე 2 ადამიანი. ნგრევასა და მაროდიორობაში, რიგ შემთხვევებში, რუსეთის შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობდნენ.

"ჰუმან რაითს ვოთჩის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ  ასევე ცხადყო, რომ რიგ შემთხვევებში ქართულმა სამხედრო შენაერთებმა სამხრეთ ოსეთზე საარტილერიო თავდასხმებისას არადამიზნებადი იარაღი და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, იყო შემთხვევებიც, როცა მათ  არაპროპორციული ძალის გამოყენება სახმელეთო ოპერაციების დროსაც დასჭირდათ.

ორგანიზაცია  რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს და პასუხი აგებინოს შეიარაღებულ ძალებში მყოფ იმ პირებს, რომლებმაც ადამიანის უფლებები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაარღვიეს. ხელისუფლებამ ასევე მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროპის  ადამიანის უფლებათა  სასამართლოსთან აგვისტოში  ჩადენილი დარღვევების გამო საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ პოტენციურ სარჩელებთან დაკავშირებით.

ჰუმან რაითს ვოთჩი რეკომენდაციას უწევს რუსეთის ხელისუფლებას, საჯაროდ აღიაროს და დაიცვას კონფლიქტის შედეგად დევნილი ყველა ადამიანის უფლება, რაც საკუთარ სახლებში მათ უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას ითვალისწინებს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება, რომლებიც ამავე ქვეყნის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ. კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა მოეღოს ბოლო ოსური უკანონო შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმებსა და მაროდიორობას ახალგორის რაიონში მცხოვრებ ქართველებზე. რუსეთის ხელისუფლებამ ასევე უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ წარმომადგენლებს სამხრეთ ოსეთში გადაადგილებისა და საჭირო ინფორმაციის შეგროვების საშუალება მიცეს.

"ჰუმან რაითს ვოთჩი" მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება და ხელი შეუწყოს დევნილი პირების საკუთარ სახლებში უსარფხო და ღირსეულ დაბრუნებას.

ანგარიში ასევე შემუშავებულია რეკომენდაციები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ევროსაბჭოს, ევროკავშირისა და აშშ-ის ხელისუფლებისადმი.

წყარო: მედიანიუსი. 

ახალი ამბები