კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო მოხელე გაზეთ ,,გურია ნიუსის“ ჟურნალისტებს ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრება.

5 თებერვალი, 2009

საქართველოს პრეზიდენტს,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
საქართველოს სახალხო დამცველს,
საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებს,
უცხო ქვეყნების საელჩოებს საქართველოში,
გურიის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორს,
პოლიტიკურ პარტიებს,
სამართალდამცავ ორგანოებს,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს,
ჩვენს კოლეგებს,
არასამთავრობო ორგანიზაციებს,
ჩვენს მკითხველს, საზოგადოებას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჟურნალისტის უსაფრთხოება და სიტყვის თავისუფლება!

გაზეთ “გურია ნიუსის" მიმართვა

გაზეთი “გურია ნიუსი" მრავალი წელია ერთგულად და შეძლებისდაგვარად ჟურნალისტიკის საერთაშორისო ნორმების დაცვით ემსახურება საზოგადოებას, ქვეყანას. სწორედ ამის გამოა, რომ მას არასდროს მოკლებია მკითხველის სიყვარული, თანადგომა. ჩვენ, “გურია ნიუსის" თანამშრომლები, როცა ამ პროფესიას ვირჩევდით, უკვე მზად ვიყავით იმ წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებებისთვის, რომლებიც ამ პროფესიას მუდამ თან ახლავს. ვცდილობთ შრომით და არა წუწუნით გავუმკლავდეთ ფინანსურ და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამო არსებულ კრიზისს. მაგრამ ამჯერად საქმე ეხება ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხეს!

საჯარო მოხელე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე უკვე ღიად, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება ჩვენს ჟურნალისტებს!

თუკი მანამდე, თანამდებობაზე სრულიად საეჭვო ვითარებაში დანიშვნის (და არა არჩევის!) შესახებ გამოქვეყნებული ჟურნალისტური მოკვლევის გამო გაგულისებული, შედარებით “მოკრძალებულად" გვებრძოდა სრულიად ამორალური ხერხებით, ამჯერად ფიზიკურ ანგარიშსწორებას “გვპირდება": 20 იანვარს მან მობილური ტელეფონით დაურეკა გაზეთის ოზურგეთის განყოფილების თანამშრომელს, გიორგი გირკელიძეს და “კაცურად" გასწორებით დაემუქრა: “არ გაპატიებ. მალე ჩამოვალ ოზურგეთში, გნახავ და მაგ გაზეთს თავზე გადაგახევ! როგორც საკრებულოს თავმჯდომარე კი არა, როგორც კაცი კაცს, ისე შეგხვდები!"

მანამდე, გაზეთის ჩოხატაურის განყოფილების ჟურნალისტის ნატო გოგელიას მიერ, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, სრულიად კანონიერად ბიუჯეტის ფორმირების, აგრეთვე, ხუნდაძის პირად სარგებლობაში გამოყენებული ავტომანქანის “წარმომავლობის" შესახებ ინფორმაციის მოთხოვნამ ხუნდაძის ცინიკური, შეურაცხმყოფელი რეაქცია გამოიწვია, რაც შესაბამისად აისახა 19 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში. პუბლიკაციას მაშინვე მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი ჟურნალისტთან, რომ გოგელიას - აქ, “კაცი რომ იყოს, კაცურად მოუვლიან," გირკელიძეს კი იქ, ოზურგეთში “ცალკე გასცემენ პასუხს".

ჩვენ, ცხადია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის ფაქტს სასამართლოს მეშვეობით დავუპირისპირდებით და ამით საშუალებას მივცემთ ქართულ სასამართლო სისტემას, დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება რეფორმების ახალ ტალღას მხოლოდ ქაღალდზე არ ჰპირდება საზოგადოებას. მანამდე კი მოვითხოვთ მიმართვის ადრესატებისგან: დაიცავით ჟურნალისტების ხელშეუხებლობა!

საქართველოს უმაღლესმა ხელისუფალმა სატელევიზიო გამოსვლისას,  განაცხადა, რომ “ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის, და არა ხალხს - ხელისუფლების, ხელისუფლება უნდა აბარებდეს ანგარიშს ხალხს და არა ხალხი - ხელისუფლებას". ჩვენ თქვენგან ამ პრინციპის რეალურად დაცვას მოვითხოვთ და ჩვენი ერთგული მკითხველის, საქართველოს მომავლის სასარგებლოდ, უარს ვაცხადებთ მუდმივად დემოკრატიულობის მითში ცხოვრებას შევურიგდეთ!

გაზეთ “გურია ნიუსის" რედაქცია

ახალი ამბები