საქართველოს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციას სახელმწიფომ ქონება წაართვა. 163 კვ.მ ფართობი, მდებარე ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ისე აღმოჩნდა, რომ ტექ.ბიუროს მონაცემებით, ქონება არქიტექტორთა სახელზეა რეგისტრირებული.
„ფართობი, ჩვენ აჭარის მინისტრთა საბჭოს 1975 წლის დადგენილების საფუძველზე გადმოგვეცა. დადგენილება არ გაუქმებულა, ტექ.ბიუროს მონაცემებშიც ფართობი ჩვენია და გაუგებარია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება როგორ გახდა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შევიტანეთ. მიმდინარეობს დავა, მაგრამ მიუხედავად ამისა შენობა დაგვილუქეს“, – აცხადებს არქიტექტორთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რევაზ გოგიტიძე.
რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციაში მისულ თანამშრომლებს კავშირის შენობის კარი აჭედილი და ბოქლომდადებული დახვდათ. ამასთან დაკავშირებით მათ სამართალდამცავებს მიმართეს. არქიტექტორთა კავშირში, ამჟამად, დაახლოებით 250 წევრზე მეტია. ისინი სამართლის ძიებას სტრასბურგის სასამართლომდე აპირებენ.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი