სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსი ხათუნა პაპუნაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ხათუნა პაპუნაშვილი კომენტარს არ აკეთებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თეონა ქალდანის ინფორმაციით, პაპუნაშვილი კუთვნილ შვებულებაში გავიდა, თუმცა მისი შვებულებაში გაშვების შესახებ სააგენტოს უფროსის ბრძანება არ არსებობს. "ხათუნა პაპუნაშვილის გათავისუფლების ფაქტს ვერვ უარვყოფ და ვერც დავადასტურებ", - განაცხადა ქალდანმა.
როგორც ცნობილია, სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხათუნა პაპუნაშვილს არაერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი დაუპირისპირდა. უმწეოები მას სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებას დარღვევებში ამხელდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისიც, რომელმაც გასულ წელს, გურჯაანში, სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგი განახორციელა.
გელა მთივლიშვილი,კახეთი