რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანილია 15 დაზარალებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ირაკლი რუხაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გია მაისაშვილს თავის არეში აღენიშნება დაზიანება, რომელიც უკვე დამუშავებულია. ასევე თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანებები ზვიად ძიძიგურს. ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ დაზიანებები ძირითადად მიყენებულია ბლაგვი საგნით.
ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება გაზეთ “ვერსიის” ფოტო-კორესპონდენტი ანი ხავთასი, რომელიც სწორედ ამ დაპირისპირების დროს დაშავდა. როგორც “ვერსიის” მთავარი რედაქტორი მაია ფურცელაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ჟურნალისტი ნინო კომახიძე და ანი ხავთასი სამმართველოს შენობასთან მაშინ მივიდნენ, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ჯერ არ იმყოფებოდნენ და სწორედ ამიტომ როდესაც დაიწყო დაპირისპირება, ისინი უშუალოდ მოყვნენ დაპირისპირებულთა შორის.
წყარო: ინტერპრესნიუსი