კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს

22 იანვარი, 2008

ბატონო პრეზიდენტო,

გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევას. გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და, ამავე დროს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მოგმართოთ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შექმნილია საკმაოდ არასახარბიელო ვითარება.

უცდომელობა

თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ სახალხო დამცველი ჩვენს მიმართ არ არის კეთილგანწყობილიო. გარწმუნებთ, ეს არ არის მართალი, თუმცა, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მიმართ კეთილგანწყობას ვერც სამომავლოდ შეგპირდებით. 

სამწუხაროა, რომ არაკეთილგანწყობად აღიქმებოდა ჩემი ყველა მცდელობა, შემესწავლა და სააშკარაოზე გამომეტანა ადამიანის უფლებათა დარღვევის ის ფაქტები, რომლებზეც ხელი მიმიწვდებოდა. ამგვარი დამოკიდებულების ნიშანდობლივი გამოხატულება იყო ის, რომ 7 ნოემბერს სპეცრაზმელები ხელკეტებს მირტყამდნენ სწორედ როგორც სახალხო დამცველს. მათ გააკეთეს ის, რა დავალებაც მიიღეს ხელისუფლებისგან. იმედია, გჯერათ, რომ ეს მაგალითი პირადი წყენის გამო არ მოვიყვანე და მინდა დაგარწმუნოთ იმაშიც, ხელკეტები ჩემს შეხედულებებს ვერ შემაცვლევინებს.

ასევე სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართ ჩამოყალიბდა ისეთი დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო უწყებებში ფაქტობრივად არ ხდება რეაგირება სრულიად აშკარა დარღვევებზეც კი. ”რა დროს ადამიანის უფლებებია, ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს,” - ეს არის დევიზი სახელისუფლო ბომონდისა, რომელსაც ჭეშმარიტების ფლობაზე და უცდომელობაზე მონოპოლია აქვს გამოცხადებული. ვინც მათ არ ეთანხმებოდა, შერაცხული იყო სახელმწიფოს მტრად. ვფიქრობ, დღეს ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ”ბომონდი” დათვურ სამსახურს უწევდა ქვეყანასაც, თქვენც და საკუთარ თავსაც.
ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც სერიოზულ მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნის პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში, სრულიად დაუფარავად, ღიად და ცინიკურად აბუჩად იგდებდნენ ადამიანების უფლებებს და, როგორც წესი, იმ ჩინოვნიკების დამცველებად გვევლინებოდნენ, რომლებიც კანონს არღვევდნენ - პირდაპირი მნიშვნელობით ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანის უფლებებს.

ჩვენ ვერ დავძლევთ სიღარიბეს, ვერ განვავითარებთ წარმოებას, ვერ გავხდებით უკეთესი ქვეყანა, თუ არ დავიცავით მთავარი - ადამიანი და მისი უფლებები. როდესაც თქვენ საუბრობდით ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, დამეთანხმებით, მათი უდიდესი ნაწილი სწორედ ადამიანების უფლებების სფეროს ეხება.

შეცდომების დანახვა და აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც სათანადოდ აფასებს ქართული საზოგადოება და ამასთან ელის მთავარს - პოლიტიკურ ნებას და სურვილს, რომ ეს შეცდომები გამოსწორდება და აღარ განმეორდება. საპარლამენტო სიაში მხოლოდ ძველი სახეების ახლებით შეცვლა არ არის საკმარისი, უნდა შეიცვალოს მოქალაქეებისადმი, მათი უფლებებისადმი და ღირსებისადმი დამოკიდებულებაც.

ძალადობა

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნამდვილად ბევრი გაკეთდა მატერიალურ სფეროში სახელმწიფოს აღმშენებლობის კუთხით, ამას ხედავს თითოეული ადამიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე ყველა ხედავს იმასაც, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში უმძიმესი ვითარება შეიქმნა, რაც მოქალაქეს უკარგავს ნდობას სახელმწიფოსადმი და ანგრევს მასში სახელმწიფოებრივ ცნობიერებას.

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია არა აბსტრაქტულმა თუ კონკრეტულმა ქვეყნის მტრების ქმედებებმა (ისინი, რასაკვირველია, ეცდებიან ამ კრიზისის სათავისოდ გამოყენებას), არამედ ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის ლამის ყოველდღიური ცხოვრების წესად ქცევამ.

2 ნოემბერი შედეგი იყო მკვლელობებისა, შეურაცხყოფებებისა, ცემა-ტყეპისა, საკუთრების ხელყოფებისა, ნგრევებისა, შევარდნებისა, წართმევებისა, დაშინებებისა და შემდეგ ტელევიზიით ყველაფერ ამის ცინიკური ღიმილით გამართლებისა. ცხოვრებისეული გამოცდილების არმქონე სახელმწიფო მოხელეები ლამის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტად გაამწარებდა ადამიანებს. ძალადობა და თვითნებობა თავის გამოჩენის ასპარეზი გახდა. ერთი ღვრიდა ღვინოს, მეორე ანგრევდა გარაჟებს და ლოჯებს, მესამე ართმევდა მიწას და სახლს, მეოთხე ხურავდა საწარმოს და ა.შ.

ნიღბები, ავტომატები, ტელედაპატიმრებები...

ეს ხდებოდა ვითომდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში სახელმწიფო მოხელეებს ხშირად ერევათ ერთმანეთში პირადი და სახელმწიფო ინტერესები.

ათობით და ასობით წერილით და რეკომენდაციით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, პარლამენტს; მივუთითებდით, რომ ეს გახლდათ უკანონო ქმედებები, მაგრამ ყველაფერი დარჩა უპასუხოდ და რეაგირების გარეშე. დღესავით ნათელი იყო, რომ ეს გახლდათ ქვეყნისთვის ძალიან ცუდი, ხოლო ხელისუფლების მხრიდან - საკუთარი ტოტის მოჭრა, თუმცა, მაშინ ეს არამცთუ - შეცდომად, გმირობად მიიჩნეოდა. ჩინოვნიკები კარიერას იკეთებდნენ ადამიანთა ცრემლზე და უბედურებაზე.

ყველაფერი ეს წვეთ-წვეთად დაგროვდა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა, რასაც ხელისუფლებამ უპასუხა აშკარად გადამეტებული სისასტიკით და რეზინის ტყვიებით, რის გამოყენებაც, სხვათა შორის, ჩვენი კანონმდებლობით არ არის დაშვებული და დანაშაულია.

აქვე უნდა ითქვას, რომ არანაკლებ დანაშაულია და რეზინის ტყვიაზე არანაკლებ მწარეა ის ცინიკური განმარტებები, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს - კანონში რეზინის ტყვია არ წერია, მაგრამ იგულისხმებაო.

ნდობა იკარგება არა იმდენად შეცდომის დაშვებისას, რამდენადაც მას შემდეგ, როცა უტიფრად ხდება შეცდომის ან დანაშაულის  უეჭველ ჭეშმარიტებად შემოსაღება.

ხელისუფლებაში არის გარკვეული გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზად მხოლოდ ძალადობა და ძალის გამოყენება ესახება. თუმცა, ახლა საკუთარ შეცდომებზე მაინც უნდა ვისწავლოთ და უარი ვთქვათ ძალადობის პოლიტიკაზე, ამ პოლიტიკის შემოქმედებზე და ძალადობის აპოლოგეტებზე. არსებული პრაქტიკის გაგრძელება მძიმე შედეგს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე თავად ხელისუფლებას. თუმცა, ძალადობის პოლიტიკის სამუდამოდ დასრულების ერთადერთი ნიშანი იქნება დასჯა მათი, ვინც უკანონოდ ანგრევდა, ართმევდა, ღვრიდა და ა.შ. ამის უამრავი კონკრეტული ფაქტია, კონკრეტული გვარ-სახელებით. ჯერ ერთი, ისინი სრულად იმსახურებენ სასჯელს, მეორეც - ეს იქნება შთამბეჭდავი გაფრთხილება მომავალი მოხელეებისთვის.

ნეოკორუფცია და კანონიერი ქურდები

კორუფციასთან და შავ სამყაროსთან ბრძოლაში ნამდვილად სერიოზული წარმატებაა მიღწეული. ადამიანებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღარ სძალავენ ფულს, კრიმინალური სამყარო ვერ არეკეტებს ბიზნესს, ვეღარ არჩევს საქმეებს და ვერ ადგენს ტყუილ-მართალს თავისი საზომით. ეს ძალიან კარგია.

ამავე დროს, ძალიან ცუდია, რომ ჩამოყალიბდა ნეოკორუფცია, ”ელიტარული” კორუფცია. არსებობს ადამიანების ჯგუფი, რომელთათვისაც ყველაფერი დაშვებულია, მათ აქვთ სრული პრივილეგია ყველაფერში. სურვილისამებრ შეუძლიათ გამოიყენონ ოფიციალური სტრუქტურები, მოხსნან ვინც უნდათ, დაიჭირონ, გაუჩერონ ბიზნესი, დაუნგრიონ, წაართვან, აუკრძალონ, დაუყადაღონ და ა.შ. ის რაც არ შეიძლება არავისთვის, შეიძლება მათთვის და მათთან დაახლოებული პირებისთვის.
მათ ფაქტობრივად შეითავსეს ქურდობის ინსტიტუტი და ჩამოყალიბდნენ ახალ კანონიერ ქურდებად. სიმართლე არის მხოლოდ ის, რასაც ისინი იტყვიან.

რა თქმა უნდა, ”ნეოქურდებს” არ აწყობთ ძველი ქურდები, რაც დადებითი მომენტია, თუმცა, მათ ასევე არ აწყობთ არც დამოუკიდებელი სასამართლო, არც ევროკავშირი, არც ნატო - არცერთი სტრუქტურა და ორგანიზაცია, რომელიც მათ ძალაუფლებას შეზღუდავს. შეუძლებელია, ვერ ამჩნევდეთ, რომ ხელისუფლებაში პირის რეალურ გავლენას განსაზღვრავს არა თანამდებობა, არამედ მისი ადგილი ”ნეოქურდულ”  იერარქიულ კიბეზე.
ამას ყველა კარგად ხედავს და ეს აუცილებლად მოსაგვარებელი პრობლემაა.

შიში

ჩემდა სამწუხაროდ უნდა დაგიდასტუროთ, რომ საზოგადოებაში ნამდვილად დაისადგურა შიშის სინდრომმა. დღეს ძნელია ვისაუბროთ საქართველოში თავისუფალი საზოგადოების არსებობაზე. ამის დანახვა გაუჭირდებათ უცხოელ დამკვირვებლებს, ვერც მე შევძლებ იმის დოკუმენტურად დასაბუთებას, თუ როგორ უფრთხიან ადამიანები საკუთარი აზრის გამოთქმას ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამსახურში. როგორ იღებენ ტელეფონებიდან ელემენტებს და ჩურჩულით საუბრობენ.

ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს დაუნდობლად რომ ლანძღავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას. რიგით მოქალაქეებს ეშინიათ, რომ თუ მათ არასასურველ პირად შერაცხავენ, სამსახურიდან გააგდებენ, გალახავენ, ნარკოტიკს ჩაუდებენ, ახლობელს დაუჭერენ; ჰგონიათ, რომ ყველა ტელეფონი ისმინება. ცხადია, არ ვამტკიცებ, რომ ყველა შემთხვევაში ასე ხდება (თუმცა, არც უმაგისობაა!), მაგრამ ადამიანებს ეშინიათ, ნამდვილად ეშინიათ და ეს არის შემაშფოთებელი. ეს შიში ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის.
მოვლენათა განვითარების ლოგიკა მაფიქრებინებს, რომ ამ შიშის დამკვიდრება ხდება შეგნებულად და მიზანმიმართულად. როგორც ჩანს, ხელისუფლების ერთ ნაწილში დომინირებს აზრი, რომ ასე უფრო იოლია ქვეყნის მართვა, თუმცა, ისტორია გვასწავლის, რომ შეშინებული ხალხი პირველ რიგში ისევ ხელისუფლებისთვის არის საშიში.

თქვენ თუ დაინტერესდებით, ადვილად დარწმუნდებით, რომ ჩვეულებრივ ამბად იქცა შეთვლა-გაფრთხილება: ”გაჩერდი თორემ გაილახები”, ”დაგიჭერთ”, ”ძმას დაგიჭერთ”, ”ქმარს დაგიჭერთ”, ”შვილს დაგიჭერთ”, ”მამას დაგიჭერთ”, ”ფინანსური შემოვა” და ა.შ.

ეს მუქარები ხორციელდება პოლიციის, უშიშროების, პროკურატურის სახელით და სულაც არ გახლავთ სახუმარო თემა, ნურც სამოქალაქო გმირობას მოვთხოვთ ყველას, მით უმეტეს, სრულიად კონკრეტული მაგალითები აქვთ თვალწინ.

როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი ასეთ დროს? პოლიციას მიმართონ, უშიშროებას, პროკურატურას თუ პირდაპირ სასამართლოს?! ეს ჯერჯერობით უპასუხო კითხვაა. თუმცა პასუხის გაცემა უმოკლეს დროშია საჭირო.

სასამართლო, პროკურატურა და შსს

ხელისუფლება ერთი მხრივ მუდმივად აცხადებს, რომ მისი მიზანია საქართველოს ევროპულ ოჯახში შეყვანა და დამკვიდება, მეორე მხრივ, არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში დაცული იყოს ევროპული ღირებულებები. მეტიც, თითქოს მიზანმიმართულად ხდება ამ ღირებულებათა გაუფასურება.

პლებისციტზე მოსახლეობამ პასუხი გასცა ხელისულების შეკითხვას და დაადასტურა, რომ სურს ნატოში იხილოს საქართველო. მოსახლეობის განწყობა ნათელი იყო პლებისციტის გარეშეც. საზოგადოებას რეალურად სხვა კითხვა აწუხებს, ნამდვილად სურს თუ არა თავად ხელისუფლებას ნატოში შესვლა?

ნატოს ერთი უმთავრესი მოთხოვნა - ქვეყანაში შეიქმნას დამოუკიდებელი სასამართლო და ჩამოყალიბდეს სამართლებრივი სახელმწიფო - დღემდე შეუსრულებელ მოთხოვნადვე რჩება.

თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის და ამას ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და, აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამართალი(!). ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სათავე ყველაფერი ცუდისა.

სასამართლო გადაქცეულია ნოტარიუსად და უუფლებო დანამატად პროკურატურისა, რომელიც გადაიქცა მონსტრად, რომლის წინაშეც სრულიად დაუცველია მოქალაქე. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია პროკურატურის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და არცთუ იშვიათად ხდება მისი ბოროტად გამოყენებაც. თუ კარგად დააკვირდებით, პროკურატურა ერევა და გადაწყვეტილებას იღებს უკვე თითქმის ყველა სფეროში. მნიშვნელოვანწილად დღეს სწორედ პროკურატურა მართავს ქვეყანას, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად, ტელეფონის ზარებით. სახელმწიფო მოღვაწეები ჯერ პროკურატურასთან ათანხმებენ და შემდეგ იღებენ ყველაზე უმნიშვნელო გადაწყვეტილებებსაც კი. რთულია ამის დოკუმენტურად დამტკიცება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასეა და დავხუჭოთ ამაზე თვალი?

როგორ და სად უნდა დაიცვას უბრალო მოქალაქემ ასეთი მონსტრისგან თავი? რას უშველის მას ადვოკატი და კანონების ცოდნა, როცა მისი ბედი წინასწარ გადაწყვეტილია და შეთანხმებულია სადღაც, როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ - ”ზევით”.

თუ დაინტერესდებით, უამრავ შემთხვევას ნახავთ, როგორ ჩუქნიან შუაღამისას პროკურატურაში მიბრძანებული მოქალაქეები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს. განა არ არის შესწავლის ღირსი, რატომ ემართებათ ჩვენს მოქალაქეებს საღამოობით ასეთი უკიდეგანო ალტრუიზმი და დილით რატომ სდით სიმწრის ცრემლები?! ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია, მაგრამ რომელი უწყება გამოიკვლევს მათ?!

მოხელეები, როგორც წესი, ამ დროს ცინიკურად ურჩევენ ხოლმე მოქალაქეებს, სასამართლოში ამტკიცეთ სიმართლეო.
იმედია, თქვენ იგივეს არ ურჩევთ.

გირგვლიანის საქმე

გირგვლიანის საქმე არის ამ ხელისუფლების მოღვაწეობაზე დასმული დიდი შავი ლაქა, რომელიც შემზარავი სიცხადით ასახავს, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში სამართლის სფეროში.

ერთი და მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად ობიექტურად წარიმართა გამოძიება, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა, რა ზნეობრივი და ეთიკური კრიტერიუმებით მიუდგა ხელისუფლება ამ საკითხს.

რა იყო გამოძიების მიზანი გირგვლიანის და რობაქიძის საქმეებთან დაკავშირებით, სიმართლის დადგენა თუ დაფარვა?! შევხედოთ სიმართლეს - საზოგადოებაში არსებობს უნდობლობა, თუნდაც იმ პოზიციის გამო, რომელიც ხელისუფლებამ დაიკავა. არამცთუ შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, იგი თავგამოდებით დაიცვა და სახელმწიფოს ხერხემლად გამოაცხადა იმ ჯგუფმა, რომელიც თავის დროზე ხოტბას ასხამდა და ახლა აძაგებს ირაკლი ოქრუაშვილს. მიდგომა იყო ცალსახა, სანამ აწყობთ, ყველა უდანაშაულოა, როცა აღარ აწყობთ, ყველა დამნაშავეა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შერწყმულია ხელისუფლება და სამართალი, გამოძიებამაც იგივე კრიტერიუმებით იხელმძღვანელა, რითიც ხელისუფლებამ.

ჩემგან არ გესწავლებათ, რომ ევროპაში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ამგვარი ფაქტის შემდეგ აუცილებლად დადგებოდა არა მხოლოდ შს მინისტრის, არამედ მთელი მთავრობის, როგორც ერთიანი გუნდის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენთან პირიქით მოხდა.

რა კომენტარს იმსახურებს ის, რომ დღემდე არაფორმალურად თავის თანამდებობაზეა დათა ახალაია?! თავის თანამდებობაზეა უმძიმეს დანაშაულში ეჭვმიტანილი ირაკლი კოდუა, რისი დამამტკიცებელი საბუთებიც გადავეცი პროკურატურას. როგორც ამბობენ, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის თემის დავიწყებაა.

მისასალმებელია, როცა თქვენ საუბრობთ ხელისუფლების არსებით გადახალისებაზე, თუმცა, თავი ვალდებულად მიმაჩნია, გირჩიოთ, რომ ახალ ხელისუფლებაში აღარ მოიყვანოთ ის პიროვნებები, რომელთა სახელებიც უკავშირდება ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს.
საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ მხოლოდ ტაქტიკურ გადანაცვლებებს განახორციელებთ, ძალაუფლების რეალურ ბერკეტებს კი იმავე პიროვნებებს შეუნარჩუნებთ, ხოლო მათ ადგილებზე ფორმალურად მათივე მარიონეტებს დანიშნავთ. ამის მაგალითები დღეს უკვე არსებობს შსს-ში.
იმედია ასე არ მოხდება, საზოგადოება თქვენგან რეალურ ცვლილებებს ელის.

ტელევიზია

აუცილებლად უნდა შევეხო ტელევიზიების დამოუკიდებლობის საკითხსაც, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. დღესდღეობით ამ მხრივაც არასახარბიელო ვითარება გვაქვს.

თუ სწრაფად გვინდა მდგომარეობის გამოსწორება, არ არის საჭირო დროის კარგვა თვითმიზნურ კამათზე, ვის ეკუთვნის ესა თუ ის არხი და რა მიზნებს ემსახურება იგი. ამ სფეროში ყველა მიმართულებით უამრავი კითხვა არსებობს, რომელზე საუბარსაც მოვასწრებთ.

ამჟამად საშურია, საზოგადოებრივ არხზე დაუყონებლივ შეიქმნას მართლაც დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც გაითვალისწინებს მთელი საზოგადოების და არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს.

თუ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ არხი, რომელიც საზოგადოების ხარჯზე ფინასდება, მართლაც დამოუკიდებელი იყოს, ეს ძალიან სწრაფად და ადვილად გადაწყვეტადი საკითხია. თუ ასეთი ნება არ არსებობს, გაგრძელდება მტკიცება, რომ საზოგადოებრივი არხი დამოუკიდებელია, თუმცა, საზოგადოება ამას არ დაიჯერებს და კამათი და დებატები გადაინაცვლებს ქუჩაში.

არჩევნები

არჩევნები ყოველთვის იყო ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის აქილევსის ქუსლი. ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ უმრავლესობაში მყოფი პარტია და აღმასრულებელი ხელისუფლება შერწყმულნი არიან ერთმანეთთან და, აქედან გამომდინარე, არჩევნებში ერთი სუბიექტის მხარეზე დგას არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი, არამედ ძალოვანი სტრუქტურები - შსს, პროკურატურა, უშიშროება და ა.შ.

ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში ნაკლებად მოდის ის ფაქტი, რომ თქვენს საარჩევნო შტაბს რეალურად  რეალურად ხელმძღვანელობდა შს მინისტრი, რომელიც თათბირებს უტარებდა და საარჩევნო ინსტრუქციებს აძლევდა ადგილობრივ პარტიულ ხელმძღვანელებს, პოლიციის უფროსებს, უშიშროების თანამშრომლებს, პროკურორებს, გამგებლებს, გუბერნატორებს და აძლევდა მათ კონკრეტულ გეგმებს. ცხადია, ამ კრებების ოქმები არ იწერებოდა და ამ სხდომებს არც საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - პატარა ქვეყანაში არაფერი იმალება.

როდესაც სახელმწიფო მანქანა ამგვარად არის მომართული, ადგილებზე ყოველთვის გამოჩნდებიან    გაყალბების მსურველები და შემსრულებლები, რათა ასიამოვნონ ზემდგომებს გეგმების შესრულებით თუ გადაჭარბებით. ისინი იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ და მათ ვერ შეაჩერებთ ზოგადი მოწოდებებით.

ნუ დაიჯერებთ, რომ იმ უბნის თავმჯდომარეებმა, რომლებმაც ოქმები გაიტაცეს, ეს თქვენი პატივისცემით გააკეთეს. მათ ეშინოდათ, რომ პასუხს მოსთხოვდნენ არასასურველი შედეგის გამო.

ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ობიექტური არჩევნების ჩატარება. არსებული ვითარების ბუნებრივი შედეგია მოსახლეობის დაშინება, ბიულეტენების გატაცება, ჩაყრა და ა.შ.  საბოლოოდ მოსახლეობა ხელისუფლების ნდობას კარგავს და ქუჩაში გამოდის. დამეთანხმებით, არანორმალური ფაქტია, როდესაც დედაქალაქში თითქმის მთელი ტრანსპორტი მმართველმა პარტიამ იქირავა და თავისი მომხრეები გადაყავდა. იგივე მოხდა რეგიონებშიც. დამეთანხმებით, ეს არ არის  ევროპისკენ მიმავალი ტრანსპორტი.

ცოტა ხანში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებით გულის დამშვიდება ნამდვილად არ არის საკმარისი, უმთავრესი და გადამწყვეტია ქართველი ხალხის შეფასება. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, აუცილებელია ძალოვანი სტრუქტურების რეალური და სრული დეპოლიტიზაცია.

თანამშრომლობა

ბატონო პრეზიდენტო,
თქვენ გამოთქვით ყველასთან თანამშრობლობის სურვილი.
ნამდვილი და გულწრფელი თანამშრომლობის დაწყების აუცილებელ წინაპირობად მიმაჩნია სიმართლის, როგორი უსიამოვნო მოსასმენიც არ უნდა იყოს იგი, დღის სინათლეზე გამოტანა და მისთვის თვალის გასწორება. ამიტომაც თავი ვალდებულად მივიჩნიე, წარმომედგინა თქვენთვის ვითარების ჩემეული ხედვა. ეს ვალდებულება ეფუძნება რწმენას, რომ თქვენ დღეს შეგიძლიათ და უნდა გადადგათ ის ნაბიჯები, რაც არსებითად შეცვლის ქვეყანაში მდგომარეობას. მერწმუნეთ, საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ამას გააკეთებთ.

პრობლემათა ნუსხა ამით არ ამოიწურება, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ უამრავი საჭირბოროტო თემაა, რომელთა გადაწყვეტაც შესაძლებელია თანდათან, თუ გადაწყდება მთავარი და სახელმწიფო ლიბერალიზმისკენ და ჰუმანიზმისკენ შემობრუნდება.  
 

პატივისცემით,

საქართველოს სახალხო დამცველი
სოზარ სუბარი

ახალი ამბები