კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატები - სამართლისათვის (მიმართვა)

29 აპრილი, 2008

საქართველოს სამართალწარმოების პრაქტიკაში დარღვეულია ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი, რომელიც თეორიულად აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-11 მუხლის I პუნქტით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სსსკ-ის  მე-15 მუხლის I და III ნაწილებით.


ადვოკატისათვის შექმნილი ხელოვნური ბიუროკრატიული ბარიერები

1. ადვოკატისათვის საქმის მასალების ქსეროასლების გადაღების აკრძალვა პატიმრის ხელმოწერის გარეშე, რომელსაც უნდა ამოწმებდეს ციხის სოციალური მუშაკი და ბეჭდით ამტკიცებდეს ციხის უფროსი.
2. ადვოკატისათვის წინასწარი პატიმრობის გასაჩივრების უფლების აკრძალვა პატიმრის ხელმოწერის გარეშე, რომელსაც უნდა ამოწმებდეს ციხის სოციალური მუშაკი და ბეჭდით ამტკიცებდეს ციხის უფროსი.
3. ადვოკატისათვის განაჩენის გასაჩივრების უფლების აკრძალვა პატიმრის ხელმოწერის გარეშე, რომელსაც უნდა ამოწმებდეს ციხის სოციალური მუშაკი და ბეჭდით ამტკიცებდეს ციხის უფროსი.
4. ციხეების ინფრასტრუქტურაში ადვოკატის სამუშაო პირობების გაუთვალისწინებლობა – რამდენიმე ათასი პატიმრისათვის განკუთვნილ ციხეში მათი ადვოკატებთან შეხვედრისათვის მხოლოდ რამდენიმე ოთახის გამოყოფა, რის შედეგადაც პატიმართან შესვლისას ადვოკატს უწევს დილიდან საღამომდე რიგში დგომა ჯერ საშვის ასაღებად, შემდეგ დამამცირებელი ჩხრეკის ჩასატარებლად, შემდეგ საბუთების გაფორმებისას და პატიმრის გამოყვანისას.
5. პატიმრისა და ადვოკატის შეხვედრის კონფიდენციალობის დარღვევა – შეხვედრის ოთახებში ვიდეოთვალისა და მოსასმენი აპარატურის დაყენება. მართალია, მოსასმენი აპარატურის არსებობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა უარყოფს, მაგრამ ტოტალური მოსმენების სახელმწიფოში შეუძლებელია არ უსმენდნენ პატიმრისა და ადვოკატის შეხვედრებს იმ ოთახში, სადაც ოფიციალურად დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. თუნდაც მხოლოდ ვიდეოთვალების არსებობა ამ შეხვედრების კონფიდენციალობის დარღვევაა და მის არსებობას საფუძველი არა აქვს, რადგან პატიმარიც და ადვოკატიც შეხვედრამდე საფუძვლიანად იჩხრიკებიან, პატიმარი ასევე საფუძვლინად იჩხრიკება შეხვედრის შემდეგაც (ახალ, გლდანის ციხეში პატიმრის ჩხრეკები ხდება მისი სრული გაშიშვლების მეთოდით), ხოლო ასეთ პირობებში დამატებით ვიდეოთვალის არსებობა არა უსაფრთხოების დაცვის, არამედ ადვოკატის პატიმართან შეხვედრის კონფიდენციალობის დარღვევის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ადვოკატის, როგორც მხარის იგნორირება

1. გამომძიებელი აღარ არის ვალდებული წინასწარი გამოძიების დასრულების შესახებ აცნობოს ადვოკატს.
2. გამომძიებელი აღარ არის ვალდებული საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნამდე პატიმრისათვის ახალი ბრალის წარდგენის შესახებ გამოიტანოს დადგენილება და აცნობოს ადვოკატს.
3. ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას სასამართლოს აღარ წარედგინება საქმის ყველა მასალა, მას წარედგინება საქმის მასალების მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის ბრალდების მხარე, რაც ადვოკატს ართმევს საქმის მასალების გაცნობისა და მათი დაცვის ინტერესებისათვის გამოყენების შესაძლებლობას.
4. ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის გასაჩივრებისას სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაუშვებლად ცნოს ან ზეპირი მოსმენის გარეშე (ანუ ადვოკატის მონაწილეობის გარეშე) განიხილოს საკითხი..
5. მოსამართლე, როგორც წესი, არ აკმაყოფილებს ადვოკატის საფუძვლიანი შუამდგომლობების აბსოლუტურ უმრავლესობას.
6. ადვოკატს არა აქვს რეპლიკის უფლება სასამართლო გამოძიების არც ერთ სტადიაზე, გარდა საკამათო სიტყვის სტადიისა, რაც შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციას.
7. საკამათო სიტყვის წარმოთქმისას მოსამართლე ადვოკატს უსაზღვრავს ისეთ ხანმოკლე ვადას (როგორც წესი, ეს ვადა არ აღემატება 10-15 წუთს), რომელშიც ხშირად შეუძლებელია დაცვის ყველა საჭირო არგუმენტის ჩამოყალიბება.

მხარეთა შორის შეჯიბობითობისა და თანასწორობის პრინციპის დარღვევა და პროკურორისათვის მოსამართლის ფუნქციების ნაწილის გადაცემა

1. განსასჯელისათვის პირობითი სასჯელის ან უმდაბლესზე დაბალი სასჯელის დადგენა მოსამართლეს აღარ შეუძლია გადაწყვიტოს შინაგანი რწმენით, ამის გაფორმება მას შეუძლია მხოლოდ პროკურორის მოთხოვნის საფუძველზე.
2. ბრალდების მხარეს აქვს მოწმეებზე ზემოქმედების შეუზღუდავი საშუალება, რასაც ის სისტემატურედ იყენებს დაშინებისა და შანტაჟის მეთოდების გამოყენების გზით.
3. საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთი სახის, “დაპირისპირების” გაუქმებამ ადვოკატს გამოაცალა დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი.
4. დრაკონულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა სასჯელის ვადები გააორმაგა და გაასამმაგა. სასჯელის განსაზღვრისას საერთოდ გაუქმდა სასჯელის სრული და ნაწილობრივი შთანთქმის პრინციპი და დარჩა მხოლოდ შეკრების პრინციპი, დაუსრულებელი დანაშაულისათვის (დანაშაულის მომზადება და მცდელობა) სანქცია გაუთანაბრდა დასრულებული დანაშაულისათვის გათვალისწინეულ სანქციას. შემოვიდა ძებნაში მყოფი განსასჯელის დაუსწრებლად გასამართლების პრინციპი.

მოსამართლეებისთვის უფლებების შეზღუდვამ გააუარესა სამართლიანი სასამართლოს ჩატარების პირობები

2007 წლის სექტემბრიდან მოსამართლეებს დაურიგდათ სახელმძღვანელო პრინციპები – ე. წ. “გაიდლაინები”, რომლებიც უზღუდავს მათ კონკრეტული მუხლებით დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის დაწესებას. ამ სავალდებულო ხასიათის მითითებებში პირდაპირ არის ჩამოთვლილი ის კონკრეტული გარემოებები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსამართლემ. ეს ეწინააღმდეგება მოსამართლის შინაგანი რწმენით სასჯელის დადგენის პრინციპს.


ახალი ამბები