ჩვენ ძალადობის წინააღმდეგი ვართ. გვინდა ღირსეული ცხოვრება მშვიდობიან გარემოში. კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს!
ვთხოვთ მთავრობას, ქმედითი მშვიდობიანი მოლაპარაკება წამოიწყოს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. ყველა პოლიტიკოსს -ქართველს, აფხაზს თუ ოსს, მხოლოდ მშვიდობა უნდა ამოძრავებდეს, რადგან ომი და სისხლისღვრა ჩვენი შვილების, ქვეყნის მომავლის გაწირვა და ღალატია. უძვირფასესია თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ბედნიერება. დაუშვებელია, ისევ განვიცადოთ ომის საშინელება - სიკვდილი, გაუპატიურება, წამება, დამცირება.
ვიცით, რომ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა დებმა ასეთივე სიმწარე განიცადეს და არანაკლებ სტკივათ გული. ჩვენ მათი სიყვარულისა და მიტევების უნარის იმედი გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ მათაც ჩვენსავით უნდათ მშვიდობა. ამიტომ ვთხოვთ, თავიანთ ლიდერებს სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ მოუწოდონ.
გვჯერა, რომ მშვიდობის მშენებლობა, რაც ხანგრძლივ, თანმიმდევრულ, მრავალმხრივ მუშაობას მოითხოვს, ყოველი ჩვენთაგანის სასიცოცხლო ინტერესია და არა მხოლოდ პოლიტიკოსების საქმე. აღარ დავუშვათ ომი: სიკვდილი, უბედურება, ნგრევა.
გთხოვთ ყველას, ქალებს და მამაკაცებს, შემოგვიერთდეთ მშვიდობისთვის ბრძოლაში.