კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პარლამენტის არჩევნები - უპრეცედენტო სისასტიკე

22 მაისი, 2008

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების დეტალები

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადამიანის უფლებების დამცველი, ყოველგვარი პოლიტიკური და რელიგიური ინტერესებისგან თავისუფალი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მისი მიზანია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა საქართველოში, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ცენტრი აქტიურად უწევდა მონიტორინგს საქართველოს მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს. ცენტრი ასევე მონაწილეობდა არჩევნების მონიტორინგის პროცესშიც და წარმოდგენილი იყო როგორც დამკვირვებელი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდებოდა, ცენტრმა გადაწყვიტა მთელი თავისი ადამიანური რესურსი სწორედ ამ მიმართულებით გადაესროლა და ეწარმოებინა დაკვირვება სწორედ ამ არჩევნებზე. ცენტრის მიზანი იყო შეედარებინა ქართული საარჩევნო პროცესი რამდენად შესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით კი ქვეყნის რამდენიმე პრობლემატურ რეგიონში.  მისი მიზანი ასევე იყო რაც შეიძლება აემაღლებინა საზოგადოების ცნობიერება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში და მესამე, გაეხადა ეს პროცესი გამჭვირვალე, როგორც ამას ყველა დემოკრატიული საზოგადოება მოითხოვს.

ცენტრმა 21 მაისს საკუთარი დამკვირვებლები ასე გაანაწილა:

თბილისში - 5 დამკვირვებელი;
კახეთში 22 (მათ შორის მობილური ჯგუფები)
სამეგრელოში 53 (ასევე მობილური ჯგუფები)
შიდა ქართლი - 9 (მობილურ ჯგუფი)
ახალციხე  - 1 დამკვირვებელი
ბათუმი -9 დამკვირვებელი.
21 მაისს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და „კოალიციამ დემოკრატიისათვის“ ოთხი პრეს-კონფერენცია ჩაატარეს - 12; 15; 18  და 20 საათზე და მხოლოდ ბოლო, ცესკოსთან გამართული ბრიფინგი გააშუქა მედიამ.

არჩევნების დღის დეტალები

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საარჩევნო ოლქების  უმრავლესობაში აღმოაჩინა ფუნდამენტური დარღვევები საარჩევნო პროცედურის დროს. ამ დარღვევების ავტორები ან თავად კომისიის წევრები, ან გაურკვეველი ვინაობის და თანამდებობის ადამიანები იყვნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ცესკოს მიერ გაცემული დამკვირვებლის მოწმობების ქონის მიუხედავად, დამკვირვებლებს უბნებზე არ უშვებდნენ.

სისასტიკის კონკრეტული ფაქტები

შუადღისას მდგომარეობა უფრო გართულდა. რამდენიმე დამკვირვებელს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალიან მალე კი ეს ყველაფერი ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუშვილი თავად გახდა თავდასხმის ობიექტი. მასზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა სწორედ იმ მომენტში, როცა ის ცდილობდა გადაეღო საარჩევნო დაღვევები. ის საგარეჯოს საარჩევნო უბნებს აკვირდებოდა, კერძოდ აზერბაიჯანულ სოფლებში: იორმუღანლო, ზემო და ქვემო ლამბალო, თულარი და ქესალო. უცნობმა ადამიანებმა იერიში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კამერაზე მიიტანეს და დაამტვრიეს, რადგან დაინახეს, რომ მასზე აისახებოდა ის სისასტიკე, რაც უბნებზე ხდებოდა - ადამიანების ცემა, უბნიდან გაყრა, ბიულეტენების ჩაყრა ყუთებში და ა.შ. ხალხის ჯგუფი ცდილობდა ალყა შემოერტყა ნანუაშვილის მანქანისთვის და არ გამოეშვა ადგილიდან. ეს იყო ნამდვილი დევნა და რომ არა მანქანის მოდელი (ჯიპია), სოფლიდან გამოღწევა შეუძლებელი იქნებოდა.

ლაგოდეხის მე-15 ოლქის, კაბალის მე-18 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა სცემეს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. რომელსაც სურდა საჩივრის დაწერა იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო ბიულეტენები უბნის ტერიტორიიდან სადღაც გაიტანეს. ამას გარდა კომისიის თავმჯდომარეს აღმოუჩინეს წინასწარ შევსებული 12 შემაჯამებელი ოქმი. მას შემდეგ, რაც მთივლიშვილმა ეს ფაქტი ხმამაღლა დააფიქსირა, მას თავმჯდომარემ თავში სკამი ჩაარტყა.

ნუგზარ აბულაშვილი და გურამ კაკალაშვილი, რომლებიც ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან,  დახლოებით ათ ადამიანთან ერთად დადიოდნენ საარჩევნო უბნებზე. ზოგიერთ მათ თანმხლებ პირში ხალხმა ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოშვებული კრიმინალები შეიცნო. ისინი შედიოდნენ უბნებზე დ ატერორებდნენ კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს. სოფელ საქობოში, სიღნაღის რაიონში, ნუგზარ აბულაშვილმა პოლიციის ოფიცრის დახმარებით „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელს კომისიაში ნოდარ კუტიბაშვილს ხელები გადაუგრიხა და უბნიდან გააძევა და უკან დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრა.

დაახლოებით 14 საათისათვის  ათი მთვრალი პიროვნება შევარდა ზემო ლამბალოს 47-ე უბანზე და საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. ამ უბანზე 1069 ამომრჩეველია (აქედან 11 სპეც სიით). 12 საათისათვის მხოლოდ 23 ადამიანი იყო უბანზე მისული. ერთი საათის შემდეგ კი მხოლოდ 24.  14.00  საათზე სააარჩევნო ყუთში კვლავ ჩაყარეს ყალბი ბულეტენები. ათობით ადამიანი სასტიკად სცემეს. მათ შორის სანდრო გაგნიაშვილი (რესპუბლიკური პარტიიდან) და მამუკა მასურაშვილი („ლეობორისტებიდან“). ამ პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული თავად კომისიის თავმჯდომარე მასიმოვი. ნაცემი იყო პოლიციაც.

ორი საათისთვის განსაკუთრებით გამწვავებული ვითარების გამო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იძულებული გახდა გამოეწვია საკუთარი დამკვირვებლები უბნებიდან, რადგან პასუხისმგებლობის აღება მათ სიცოცხლეზე მეტად სარისკო იყო.
საარჩევნო უბნებს მასიურად ტოვებდნენ სხვა არასამთავრობო ორაგნიზაციების და ოპოზიციის დამკვირვებლებიც.

დაახლოებით იგივე დარღვევები და სიტუაცია იყო სამეგრელოშიც, სადაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ასევე აკვირდებოდა არჩევნებს. ცენტრის დამკვირვებელი და ჟურნალისტი ნანა ფაჟავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გელა თოფურიას და კახა კუპრავას მსხვერპლი აღმოჩნდა, მას მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა.

ნანა ფაჟავამ აღმოაჩინა, რომ აბაშის 63-ე ოლქის 22 უბანზე საარჩევნო უბანი დაკეტილი იყო. მან ახსნა-განმარტება მოითხოვა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. სწორედ ამ დროს ჩაერივნენ ზემოთ ნახსენები პირები.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დაღვევებისა, რაც საარჩევნო კოდექსით დარღვევად ითვლება. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს ყველა კანონიერ გზას, რათა კანონის დამრღვევებმა პასუხი აგონ. მათ შორის, საჩივრების დაწერას ყველა დარღვევაზე.

 

ახალი ამბები