კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა ბატონ მიხეილ სააკაშვილს

6 ივნისი, 2008

2008 წ. 1 ივნისი


ბატონო პრეზიდენტო,

ამ წერილით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის შემცირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე და გვსურს მოგიწოდოთ მათი გაუქმებისაკენ. საქართველო რისკავს დაარღვიოს საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებები, თუკი ეს საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შევა 1 ივლისს, როგორც ეს განისაზღვრა კანონმდებლობით და ბავშვების ცხოვრებას და მათ განვითარებას მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს.

როგორც ცნობილია, 2007 წლის 23 მაისს მთელი რიგი ცვლილებები შევიდა სამ კანონში, რითაც მოხდა არასრულწლოვანების პასუხისმგებლობის ასაკის 14-დან 12 წლამდე შემცირება  ზოგიერთ დანაშაულთან მიმართებაში (განზრახი მკვლელობა, განზრახი მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, გაუპატიურება, ძარცვა, ყაჩაღობა, ცივი იარაღის ტარება).

ეს საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება გაეროს რეკომენდაციას, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკის შემცირებას. ძირითად კომენტარებში, რომელიც ეხებოდა ბავშვთა უფლებებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობას უწევს სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნების შესრულებას, 2007 წლის 9 თებერვალს განაცხადა, რომ სახელმწიფოებმა “არ უნდა შეამცირონ პასუხისმგებლობის ასაკი 12 წლამდე” და ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს გადადგან ნაბიჯები, რათა პირიქით მოხდეს პასუხისმგებლობის ასაკის გაზრდა.

მაშინ როდესაც ეს საკანონმდებლო ცვლილებები იქნა შეტანილი განსახილველად, ჩვენ და სხვა ორგანიზაციები აქტიურად მოგიწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ კანონის უკან გამოხმობა და ჩვენ ვიშველიებდით ევროპის სასამართლოს ცნობილ გადაწყვეტილებებს სამართლიანი სასამართლოს შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კანონზე უარის თქმა არ მოხდა, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება შეექმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სათანადო სისტემა იმ არასრულწლოვანებისათვის, რომლებიც 12-13 წლის ასაკის ჯგუფს განეკუთვნებიან და კანონთან კონფლიქტში იმყოფებიან. ამ კუთხით შეინიშნება გარკვეული პროგრესი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის შედეგად. მაგალითად დაიწყო მოსამართლეებისა და ადვოკატების სწავლება და გადამზადება, ასევე ხორციელდება პილოტური მცირე მასშტაბის პროექტები არასრულწლოვან პრობაციონერთა რეაბილიტაციის მიზნით. თუმცა, საქართველო კვლავაც შორსაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებისაგან, რომელიც უზრუნველყოფს 12 წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანთა გასამართლებას სამართლიანი სასამართლოს პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველო არ არის მზად სრულად უზრუნველყოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება 14-17 წლის ასაკის არასრულწლოვნებთან მიმართებაშიც, რომლებიც კანონთან კონფლიქტში იმყოფებიან.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომხრეებს მაგალითად ყოველთვის მოჰყავდათ სხვა ევროპული ქვეყნები, სადაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი დაბალია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი ევროპული ქვეყნები უმცირესობაში არიან და მათ მიმართ არის არსებითი ზეწოლა იმ მიზნით, რომ მოხდეს პასუხისმგებლობის ასაკის გაზრდა. მაგალითად 2006 წელს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა გააკრიტიკა ირლანდია პასუხისმგებლობის ასაკის შემცირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ არც გაეროს ,,სტანდარტული მინიმალური წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ” და არც ბავშვის უფლებათა კონვენცია არ ადგენს კონკრეტულად ასაკს, საიდანაც პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არასრულწლოვანს, “პეკინის წესებში” საუბარია იმაზე, რომ  “ასაკის ქვედა ზღვარი არ უნდა დადგინდეს ძალიან ადრეულ ასაკში ემოციური, გონებრივი და ინტელექტუალური მოწიფულობის ფაქტის გათვალისწინებით”. ეს პრინციპები აშკარად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის ზედა ზღვარის მომხრეა და მათთან შეუსაბამო იქნება სხვადასხვა დანაშაულისათვის სხვადასხვა ასაკობრივი პასუხისმგებლობის დაწესება.

აგრეთვე განსხვავებულია შედეგები არასრულწლოვანებისათვის განსაკუთრებით როდესაც ქვეყანას არ აქვს სხვადასხვა სერვისები, რომლის შეთავაზებასაც შეძლებს პატიმრობის სანაცვლოდ; მაგალითად, არ არსებობს შესაბამისი სოციალური სამსახურები, არასისხლისსამართლებრივი ინსტიტუციები, მეთოდოლოგია და რესურსები ინდივიდუალური რისკისა და საჭიროების შეფასებისა. მხოლოდ ასეთი რესურსების არსებობა აძლევს სახელმწიფოს შესაძლებლობას უპასუხოს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 37-ე მუხლის მოთხოვნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ,,ბავშვის დაკავება, დაპატიმრება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში”. ბავშვის უფლებათა კონვენციასთან შეუსაბამობის გარდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემცირება 12 წლამდე იწვევს სერიოზულ დაფიქრებას იმის თაობაზე, თუ რამდენად არის ის შესაბამისი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

მიუხედავად საქართველოს მცდელობისა, რომ შეცვალოს სიტუაცია მრავალწლიანი სტაგნაციისა და უგულებელყოფის შემდეგ, მაგალითად ბავშვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მოხდეს დეინსტიტუციონალიზაცია და განვითარება სოციალური მუშაკის ინსტიტუტისა, სახელმწიფოს კვლავაც დასჭირდება დრო ვიდრე შეძლებს საჭირო პრევენციული და დამცავი ღონისძიებების უზრუნველყოფას იმ არასრულწლოვანების მიმართ, რომლებიც 14-17 წლის ასაკის ჯგუფს განეკუთვნებიან. ეს ყოველივე კი აყენებს მათ რისკის ქვეშ და ამ კატეგორიას ემატება 12-13 წლის ბავშვებიც, იმ შემთხვევაში თუ ზემოთხსენებული ცვლილებები შევა ძალაში.

ჩვენ გთხოვთ, რომ 2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებები გაუქმდეს და შესაბამისად შეიცვალოს ის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 12-13 წლის არასრულწლოვანის საპატიმროში მოთავსებას. ჩვენი წინადადებაა, რომ ამის ნაცვლად მოხდეს რესურსების გამოყენება შემდგომი კვლევებისათვის, რათა შესწავლილ იქნეს თუ რა განაპირობებს ბავშვებში კრიმინალურ ქმედებებს, როგორია ბავშვთა მხრიდან სერიოზული კრიმინალური რისკის მასშტაბები; როგორია საერთაშორისო პოზიტიური პრაქტიკა არასრულწლოვანთა დანაშაულზე რეაგირებისათვის; მოხდეს სოციალური დახმარებისა და სხვა პრევენციული სამსახურების განვითარება, რაც შეესაბამება ქართულ კულტურასა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე მის ვალდებულებებს. 

ქვემორე ხელისმომწერნი მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ამ მისიის შესრულებაში.


ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
ასოციაცია ,,მკურნალი”
ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი”
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
დემოკრატიის ინსტიტუტი
დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (DCDA)
ევრიჩაილდ-ის ფილიალი საქართველოში (Everychild Georgia)
ზალიკო ქიქოძის ფონდი
კავკასიის ქალთა ქსელი
კავშირი ,,საფარი – ოჯახი ძალადობის გარეშე”
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემო”
ორგანიზაცია ,,ქალი და ჯანმრთელობა”
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა"
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია ,,ამაგდარი”
"ფონდი ტასო" (ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი)
ქალთა კლუბი ,,პეონი”
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათია”
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი Gჩღთ
,,ციხის საერთაშორისო რეფორმა”
,,ჰუმან რაითს ვოჩი” (Human Rights Watch )

ჩამოთვლილი ორგანიზაციების სახელით,

მერი მერფი

რეგიონული დირექტორი
ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა” (PRI)

ახალი ამბები