პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

„ქართული ოცნება“ შსს-ს სოლომონ ქიმერიძის დაღუპვის ფაქტზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებისკენ მოუწოდებს

05.03.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ბოლომდე გამოიძიოს ბრალდებულ სოლომონ ქიმერიძის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტის გარემოებები და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, მასმედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაღუპულს სასტიკი ცემის კვალი ეტყობა, რაც ბრალდებულის გარდაცვალების შსს-სეულ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.

„ხელისუფლება მრავალი წელია იმით ტრაბახობს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც პატიმრები პოლიციის შენობიდან ცვიოდნენ და ამას თავის უმთავრეს დამსახურებად მიიწერს. ასე იყო 28 თებერვალს, როცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ სიამაყით განაცხადა, რომ ახლა პატიმრები შსს-ს ფანჯრებიდან აღარ ვარდებიან. სწორედ ამ დროს, სოციალურ ქსელებში დაღუპული სოლომონ ქიმერიძის შემზარავი კადრები ვრცელდებოდა, შსს-ს პრესსამსახური კი ოფიციალურად აცხადებდა, რომ ბრალდებული პოლიციის შენობის კიბიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

კოალიციის წევრების აზრით, ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს, ასეთ საეჭვო ვითარებაში პატიმრის დაღუპვას შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მოჰყვებოდა.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ბოლომდე გამოიძიონ ეს საქმე და პასუხი აგოს ყველა დამნაშავე პირმა. გამოძიების დასრულებამდე კი, ხაშურის პოლიციის რაიონის სამმართველოს უფროსი გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან“,- აღნიშნავენ კოალიციაში.

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა. შსს-ს ცნობით, ხაშურის რაიონულ სამმართველოში, 27 თებერვალს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბინის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული სოლომონ ქიმერიძე.

„დაკითხვის დროს ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე, ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და დაეცა პირველი სართულის ფოიეში, რის შედეგადაც მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება. პოლიციის თანამშრომლების მიერ დაუყოვნებლივ გამოძახებული იქნა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სოლომონ ქიმერიძე გადაყვანილი იქნა ხაშურის რაიონულ საავადმყოფოში. მიმდინარე წლის 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

<< უკან დაბრუნება