პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

საგარეჯოში „ქართული ოცნების“ 13 მხარდამჭერი ადვოკატების გარეშე დაკითხეს

13.03.2012
კონტროლის პალატის თანამშრომლებმა საგარეჯოში „ქართული ოცნების“ 13 მხარდამჭერი ადვოკატების გარეშე დაკითხეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა კევლიშვილმა განუცხადა.

„დაკითხვა გამგეობის შენობაში, მეორე სართულზე დილის 11:00 საათიდან ღამის 10:00 საათამდე გაგრძელდა. კორიდორში ყოფნასაც კი მიშლიდნენ, აქ ნუ დგახარო. 20 პოლიციელი იყო მობილიზებული. ადვოკატები არ შეუშვეს. შეკითხვები იყო ძალიან უხერხული კონტროლის პალატისთვის. ეკითხებოდნენ, რატომ ხარ პარტიაში, როდის მიხვედი, ვისი მეშვეობით, თუ რამე მოუციათ ან შეგპირდნენ და კიდევ სხვა ბევრი სისულელე. ზეწოლაც იყო, ჩვენებას თუ არ მოგვცემთო, დაჭერით ემუქრებოდნენ. მიმართავდნენ, „ბიჭო, მიპასუხე, თორემ პროკურატურაში გექნება საქმე; ძმაო, ეგრე არ არის, წაგათრევ“ და ასეთები“, - განაცხადა გელა კევლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

<< უკან დაბრუნება