პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

შესასრულებელი რეკომენდაციები

30.03.2012

ნატა ძველიშვილი, media.ge

„ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ხალისით მიღებული საერთაშორისო რეკომენდაციები, ხალისითვე შეასრულოს“, - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, თამარ გურჩიანმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის საქართველოს ოფისის მიერ 27-28 მარტს გამართულ შეხვედრაზე.

დისკუსიას, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ეხებოდა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის ადამიანის უფლებათა მთავარმა მრჩეველმა, ვლადიმერ შკოლნიკოვმა შეკრებილ საზოგადოებას „უნივერსალური პერიოდული გადახედვის“ (UPR) რეკომენდაციები გააცნო.

UPR  2006 წლის 15 მარტს შეიქმნა. აღნიშნული მექანიზმის მეშვეობით ადამიანის უფლებათა საბჭოს აქვს მანდატი, გაერთიანებული ერების ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობა პერიოდულად განიხილოს და შემდეგ რეკომენდაციები მისცეს. რეკომენდაციები  საქართველოს  2011 წელს გაუგზავნეს, საიდანაც ქვეყანამ 144-ის შესრულების ვალდებულება აიღო, 17 კი არ მიიღო.

ევროპული ქვეყნები დაინტერესებული არიან, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ სხვა საკითხებთან ერთად, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიასთან დაკავშრებული პრობლემებიც აღმოიფხვრას. მაგალითად, ნიდერლანდები საქართველოს ურჩევს აქტიურად  შეუწყოს  ხელი  პრესის  თავისუფლებას,  მათ შორის, ინფორმაციის  საჯარო  ხელმისაწვდომობას  და უზრუნველყოს ამ მიმართულებით  მიღებული  ყველა   საჩივრის  სათანადო გამოძიება. ეს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ვლადიმერ შკოლნიკოვის თქმით, რეკომენდაციების შესრულება ნებაყოფლობითია და ქვეყნის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

„ქვეყანას შეუძლია რეკომენდაციები არ მიიღოს, მაგრამ თუ იღებს პასუხისმგებლობას, უნდა შეასრულოს კიდეც, საერთაშროისო რეპუტაციის საკითხია“, - აღნიშნა შკოლნიკოვმა.

სამთავრობო უწყებების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საქართველომ 2011 წლის 30 აგვისტოს კიდევ ერთი ვალდებულება აიღო მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამას ინიციატივას „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ (Open Government Partnership) შეუერთდა. თამარ გურჩიანის თქმით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მთავრობა მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე გახდება.

„თუმცა მთავრობა არ ასრულებს პროექტის მთავარ პრინციპს - არ აწარმოებს კონსულტაციებს ხალხთან და რეალურად მხოლოდ სამი არასამთავრობო უწყებაა ჩართული „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“,- აღნიშნა თამარ გურჩიანმა - „ სამოქალაქო საზოგადოება უნდა გააქტიურდეს, რომ რეკომენდაციები, თუ ვალდებულებები სრულად შესრულდეს“, - დასძინა მან.

რამდენიმე კვირაში ბრაზილიაში OGP-ს შუალედური შეხვედრა იგეგმება, სადაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომაც უნდა წარადგინოს სამთავრობო უწყებების გამჭვირვალობის მიზნით უკვე შესრულებული სამუშაოების ანგარიში.

საერთაშორისო კვლევების მიხედვით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში არც ისე მძიმეა. მაგალითად Access Info Europe-ის მიერ გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველო საბიუჯეტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, განსხვავებული სიტუაციაა ქვეყნის შიგნით. ის ვარაუდობს, რომ ისეთი კანონის მიღება როგორიცაა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ მნიშვნელოვნად შეზღუდავს ინფორმაციის მიღებას.

„ამას ემატება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და პრაქტიკულად ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ საქართველო საზღვრებს გარეთ გამჭვირვალე  ქვეყნის იმიჯს იმკვიდრებს, შიგნით კი რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს“, - დასძინა ქორიძემ.

ორიგინალი

<< უკან დაბრუნება