საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოსთვის რთულ, საარჩევნო პერიოდში დახმარება სთხოვა.
პატრიარქმა ელჩებს 23 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიმართა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აფტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავს მიეძღვნა.
„ბედნიერი ვიქნები, თუ ხშირად მობრძანდებით. ჩვენ გვაქვს რთული პერიოდი, არის პარლამენტის არჩევნები და გთხოვთ დახმარებას“, - მიმართა ელჩებს უწმინდესმა.
შეხვედრის დასასრულს სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს პატრიარქმა მისი ნაწარმოები „აგნუს დეი“ მოასმენინა და სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი მეუღლესთან ერთად, ჩეხეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ისრაელის, ლატვიის, იაპონიის, საბერძნეთის ელჩები, გაერო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლები, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები.
დიპლომატებმა საპატრიარქო კომენტარის გარეშე დატოვეს.
ინტერპრესნიუსი