პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

ტურისტებს საქართველოში იშვიათ სახეობებზე სანადიროდ იწვევენ

03.04.2012

ანი ბერუკაშვილი, ნეტგაზეთი

ამერიკელი ბლოგერი ლინ ჰამილტონი საქართველოს პარლამენტს პეტიციით მიმართავს და წითელი ნუსხის სახეობების დაცვისკენ მოუწოდებს.

პეტიციას, რომლის გასაგზავნადაც 20 000 ხელმოწერაა საჭირო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ინტერნეტის საშუალებით ხელი 12 000–ზე მეტმა ადამიანმა უკვე მოაწერა.

„ლამაზი და ელეგანტური კავკასიური ჯიხვი მხოლოდ დასავლეთ კავკასიის მთების ნახევარში ბინადრობს. თუმცა ცოტა ხნის წინ ერთ–ერთმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ ამერიკაში, ლას ვეგასში, პრეზენტაცია გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკელი ტურისტების სანადიროდ საქართველოში მოზიდვას. საკითხი შეეხებოდა გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობებზე, მათ შორის მურა დათვსა და კავკასიურ როჭოზე ნადირობას“, – ნათქვამია პეტიციაში.

როგორც ირკვევა, ფაქტს Moscow Times–ში სტატიაც მიეძღვნა. სტატიაში ნათქვამია, რომ წითელი ნუსხის სახეობების დახოცვა საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია და აქ IUCN-ის (International Union for Conservation of Nature) წითელ ნუსხაში მყოფ ცხოველებზე უკანონოდ ნადირობა უფრო ხშირია, ვიდრე მათი დაცვა.

ბლოგერის პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ „გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ გარემოს დაცვის მრეწველობა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადააბარა, რაც არასწორი ნაბიჯია“.

იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რომელი კომპანია ეპატიჟებოდა ტურისტებს წითელი ნუსხის სახეობებზე სანადიროდ საქართველოში, „ნეტგაზეთმა“ ვერ შეძლო. თუმცა, სანადირო ტურებს რამდენიმე ტურისტული კომპანია ინტერნეტ– სივრცეშიც აცხადებს.

კომპანიების უმეტესობამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოინდომა, „ნეტგაზეთის“ შეკითხვებს მხოლოდ Concord Travel Georgia-მ უპასუხა.

Concord Travel–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე ღიად უწერია, თუ რა სახის მომსახურებას სთავაზობს სანადიროდ ჩამოსულ ტურისტებს. გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ მათ ხოხობზე, კაკაბზე, გარეულ ქათამზე, გარეულ ღორზე, შველზე, მურა დათვსა და არჩვზე ნადირობას სთავაზობენ.

აქვე აღნიშნულია, რომ ერთი დღით ცხოველებზე სანადიროდ წასვლა 250$ ჯდება, თითოეულ მოკლულ მურა დათვზე კი ტურისტს 400$–ის დამატება უწევს.

„სანადიროდ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, განსაკუთრებით - კვიპროსიდან; ტური საკმაოდ პოპულარულია, სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობაში შეტანილი სასიკეთო ცვლილებების ინიცირების შემდეგ კი უფრო მეტი საშუალებაა ამ ტურების პოპულარიზაციისა“, – აცხადებენ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები.

Concord Travel Georgia-ს საიტზე ის თარიღებიცაა გამოქვეყნებული, თუ რომელ ცხოველზე სანადიროდ რა დროს იწვევენ ტურისტებს. თარიღებიდან თითქმის არც ერთი არ ემთხვევა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ თარიღებს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დასრულების თაობაზე.

მაგალითად, თუკი მურა დათვზე ნადირობა პირველი ნოემბრიდან – პირველ იანვრამდეა დასაშვები, კომპანია ტურისტებს ცხოველზე ნადირობას ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით სთავაზობს. თუკი არჩვზე ნადირობა 15 დეკემბრიდან – პირველ მარტამდეა დასაშვები, საიტზე დადებული ინფორმაციის მიხედვით, არჩვზე სანადიროდ ტურისტებს ოქტომბრიდან დეკემბრამდე ეპატიჟებიან.

მიუხედავად საიტზე გამოქვეყნებული ასეთი დეტალური ინფორმაციისა, კომპანიის წარმომადგენლები წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობას უარყოფენ. მათი თქმით, ტურისტები ამ ცხოველებზე სანადიროდ არ დაყავთ და არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს მურა დათვი მოეკლას.

პეტიციის ხელმომწერები პარლამენტისგან საკითხზე მეტი ყურადღების გამახვილებას ითხოვენ, რაც, მათი თქმით, „არა მარტო წითელ ნუსხაში შესულ სახეობებს გადაარჩენს, არამედ საქართველოს ეკოტურიზმის ინდუსტრიასაც“.

<< უკან დაბრუნება