კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი და ოსი ჟურნალისტების მიერ გამოცემული „ომის სხვა სახე“

25 აპრილი, 2012

25 აპრილს, გორში, არტ კაფეში, ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნზე ქართველი და ოსი ჟურნალისტები მუშაობდნენ და აგვისტოს ომის შემდეგ ეს პირველი ერთობლივი გამოცემაა. წიგნს „ომის სხვა სახე“ ჰქვია, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე 300-300 ცალი დაიბეჭდა.

წიგნში ქართულ–ოსური თანადგომის ისტორიები შევიდა. ქართული მხრიდან ისტორიების შეგროვებაზე  გაზეთ ქართლოსის“(ორენოვანი ერთობლივი გაზეთი) წარმომადგენლები მუშაობდნენ, ოსურ მხარეს კი თანადგომის ისტორიებს გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი და მისი ჟურნალისტები აგროვებდნენ.

წიგნის რედაქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ხელმძღვანელი მეგი ბიბილური,  ამბობს, რომ ეს პროცესი ადვილი არ ყოფილა, რადგან პოზიტიური ამბების გახსენების წინ ადამიანები ჯერ ომის საშინელებებს ჰყვებოდნენ, რომლის ფონზეც ამ წიგნის გმირებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უხდებოდათ მოქმედება. მისი აზრით, იმ დროს, როცა საინფორმაციო სივრცე გაჯერებულია ნეგატიური ინფორმაციით და სიძულვილის ენით, რომელიც უფრო აღრმავებს დაპირისპირებულ თემთა შორის არსებულ უფსკრულს, მნიშვნელოვანია, რომ  ის ისტორიებიც სააშკარაოზე გამოვიდეს, როცა ადამიანები ჰუმანურობით სიძულვილის დაძლევას ახერხებდნენ. 

გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი ასევე აღნიშნავს, რომ ადვილი არ ყოფილა ისტორიების შეგროვება. ორივე მხრიდან, ჯამში, 150 ისტორია შეგროვდა, მაგრამ წიგნისთვის მხოლოდ 40 დამუშავდა. ცხოვრებოვი წიგნზე მუშაობისას დარწმუნდა, რომ სიკეთე არასოდეს იკარგება.

„ომი კაცობრიობის არსებობის სიბინძურეა, მაგრამ  ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ სიბინძურეშიც კი შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სახე შეინარჩუნოს. ეს გვაძლევს მომავლის იმედს, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუგებენ. აი, ეს გვინდოდა გვეჩვენებინა და იმედი მაქვს გამოგვივიდა“, – აცხადებს თემურ ცხოვრებოვი.

აქვს თუ არა ომს სხვა სახე, გარდა სიკვდილის, ნგრევის, სისასტიკის  და ათასი უბედურებისა? წიგნის ავტორების აზრით, დიახ, ომს სხვა სახეც აქვს. წინასატყვაობაში ვკითხულობთ: „ომშიც კი შესაძლებელია ადამიანური ფასეულობების შენარჩუნება. ამ ომშიც კი აღმოჩნდა ადგილი ჰუმანიზმისა და კეთილი საქმეებისთვის. ისტორიები თავისი შინაარსით მრავალფეროვანი გამოვიდა. ისინი ძირითადად ეხება მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც ერთ წამში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, მაგრამ ყველა ისტორიას ერთი მთავარი მომენტი აერთიანებს. ჩვენ გვახსოვს სიკეთე, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში გვინახავს“.

აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია COBERM-ის მიერ, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ადმინისტრირებას კი გაეროს  განვითარების პროგრამა უწევს.  წიგნის რუსული ვარიანტის პრეზენტაცია ცხინვალშიც გაიმართება.

გოგა აფციაური, media.ge

ახალი ამბები