პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

სოხუმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს აკრიტიკებს

26.04.2012

სივილ ჯორჯია

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი  სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა.

25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა „იმ კონფრონტაციული პოზიციის გამო, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს უკავია“ და იგი „აფხაზური მხარის პოლიტიკური დაშანტაჟების მცდელობებში“ დაადანაშაულა.

„ბატონი ტიშკევიჩი უგულებელყოფს ჩვენს თხოვნებს და მიმართვებს და აფხაზეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო მისიის დაშვების არამართლზომიერ მოთხოვნებს აყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში; თუმცა, სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები, ისევე როგორც რუსეთი, რომელსაც ჯარები ჰყავს ამ ორ რეგიონში განთავსებული, უკრძალავენ მისიას მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლას.

„სადამკვირვებლო მისია ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით აშკარად არ არის მიდრეკილი, რომ მიუკერძოებელი მონიტორინგი განახორციელოს და რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველ პროცესებს ობიექტური შეფასება მისცეს“, – ნათქვამია განცხადებაში, „კერძოდ, ბატონ ტიშკევიჩის ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების პროცესები, რის შესახებაც რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი იტყობინებოდა“.

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა მარტში, რომ საქართველოს ხელისუფლება შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის.

„თავისი ქმედებებით, და უფრო ხშირად გულწრფელი უმოქმედობით, ბატონი ტიშკევიჩი ფაქტიურად ძირს უთხრის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ეფექტურობას... ასევე საერთო ჯამში, მოლაპარაკებების პროცესის კონსტრუქციულ სულისკვეთებას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ასევე ადანაშაულებს ტიშკევიჩს აფხაზური მხარის მიმართ „უპატივცემულობაში“.

პოლონეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი ანდჟეი ტიშკევიჩი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად შარშან ივლისში დაინიშნა; მან ამ პოსტზე გერმანელი დიპლომატი, ჰანსიორგ ჰაბერი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის დამკვირვებლების ჩამოსვლის პირველივე დღიდან ხელმძღვანელობდა ამ მისიას.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა აფხაზური მხარის უარი მონაწილეობა მიეღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 24 აპრილს გალში დაგეგმილ შეხვედრაში.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და რომელიც ასევე უზრუნველყოფს ცხელ ხაზს ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის, საქართველოს და აფხაზეთის წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ადგილს წარმოადგენს. შეხვედრები რუსული ძალების და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გაეროს წარმომადგენლების თანდასწრებით იმართება.

ჩვეულებრივ, ამ მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები გალში თვეში ერთხელ იმათება, სადაც ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. გალში 23 მარტს გამართულ ბოლო შეხვედრაზე, მონაწილეებმა „მკვლელობების, სროლის და დაკარგული პირის შესახებ“ ინფორმაცია გაცვალეს.

24 აპრილს ამ მექანიზმის ფარგლებში 36–ე შეხვედრა იგეგმებოდა, თუმცა ის არ ჩატარდა და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება ან რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებას შემდგომი შეხვედრების პერსპექტივაზე. სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ აღნიშნა განცხადებაში, რომ სოხუმს ამ მექანიზმის შენარჩუნება „მნიშვნელოვნად“ მიაჩნია.