კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამხედრო ხარჯების შემცირებას და მილიტარისტული რიტორიკის შეწყვეტას მოითხოვს

12 აპრილი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება სამხედრო დანახარჯების შესახებ გლობალური აქტივობის დღეს - 12 აპრილს და შეახსენებს ყველას, რომ სამხედრო დანახარჯების გაზრდით სახელმწიფო ვერც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს მოაგვარებს და ვერც უზარმაზარ აგრესორ სახელმწიფოს - რუსეთს დაამარცხებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით არის შესაძლებელი. ხოლო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო.

12 აპრილი სამხედრო დანახარჯების შესახებ გლობალური აქტივობის დღეა. ამ თარიღის აღნიშვნის ინიციატორია მშვიდობის საერთაშორისო ბიურო (IPB) და პოლიტიკური კლვევების ინსტიტუტი (IPS). ამ დღის აღნიშვნის მიზანია სამხედრო დანახარჯებთან დაკავშირებული პროლემების შესახებ საზოგადო ცნობიერების ხელშეწყობა. ასევე მისი მიზანია, რჩევა მისცეს შესაბამის ინსტიტუტებს, ეს თანხები ჰუმანური განვითარების ხელშეწყობისთვის დახარჯონ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) საქართველოში მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს (IPB) წარმომადგენელი ორგანიზაციაა. IPB ერთმანეთს უპირისპირებს სამხედრო დანახარჯების მაღალ დონეს, მაგალითად, მილენიუმის განვითარების მიზნების შეუსრულებლობას. სტოქჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კლვლევის ინსტიტუტის 2010 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 1.531 მილიარდი დოლარი დაიხარჯა სამხედრო მიზნებისათვის.

IPB-ს მიაჩნია, რომ ძალადობრივი კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების კვლევა ნათელყოფს უამრავ ფაქტორს, მაგრამ არ მიანიშნებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უფრო მრავალრიცხოვანი არმიების შექმნას. ფაქტობრივად, იარაღზე დახარჯულმა თანხებმა შეიძლება, გამოიწვიოს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო რესურსების გაფლანგვა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ეს რესურსები ხელს შეუწყობდა კონფლიქტების ძირეული მიზეზების აღმოფხვრას. მსგავსი ნეგატიური ეფექტები მოიცავს არა მარტო პირდაპირ ფულისა და რესურსების ხარჯვას იარაღზე (მაშინ, როცა ისინი შეიძლება გამოვიყენოთ ადამიანური განვითარებისათვის), არამედ ამასთან დაკავშირებულ უარყოფით გავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი იარაღების კვლევამ, განვითარებამ, ტესტირებამ და ასევე  იარაღის უსაფრთხო გაუვნებელყოფამაც - განსაკუთრებით, როცა საქმე გვაქვს ატომურ, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან.

ცხადია, რაც უფრო დიდია სამხედრო ხარჯები მით უფრო მცირე თანხა რჩება სხვა მიმართულებებზე დასახარჯად, როგორიცაა - კომუნალური ხარჯები, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და შენახვა, ასევე განათლება და ჯანდაცვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი მილიტარისტული განცხადებებით. შეშფოთების საფუძველს ისიც იძლევა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსი გამოსვლები წინ უძღოდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს რუსეთთან, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა. 

11 აპრილს მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საწარმო „დელტას“ ესტუმრა. საწარმოს თანამშრომლებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მშვიდობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს საკუთარი სამხედრო წარმოება და განავითაროს ნებაყოფლობითი რეზერვის ახალი სისტემა.

„სახელმწიფომ აიღო ქარხანა მთლიანად კონტროლის ქვეშ  – ეს და სხვა ქარხნები – და აღმოჩნდა, რომ ყუმბარმტყორცნების გამოშვებაც შეგვიძლია, ავტომატებისაც და ნაღმტყორცნებისაც... არავინ გვაძლევდა ანტისატანკო იარაღს 2008 წლამდე. ყველას ვეხვეწებოდით, რომ მოგვეცით. ახლა, სხვათაშორის, უფრო გაიხსნა ეს ბაზრები, მაგრამ ახლა არც გვჭირდება ყიდვა – ჩვენი გამოვუშვით, ჩვენი გვაქვს!.. დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვიმუშავებთ, ავაწყობთ ანტისაჰაერო სისტემას“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ექნება განახლებული საფრენი აპარატები, რითაც შეძლებს იარაღის გადატანას ბევრად უფრო გრძელ მანძილზე და ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე ძველი რუსული „შტურმავიკები“.

სააკაშვილმა საწარმოდელტასგახსნაზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენა: „თქვენ ნახეთ ქარხანა, რომელიც იბომბებოდა. ქვეყანა, რომელიც გარდაცვლილად გამოაცხადეს. პრეზიდენტი, რომელიც, მათი ჭკუით, ცხედარია უკვე რამდენიმე წელიწადია და სხეულის ერთი ნაწილით უნდა ყოფილიყო დაკიდებული... ყველანი ერთად შევიკრიბეთ და ვუყურებთ ჩვენს „ლაზიკებს“, ჩვენს „დიდგორებს“, ჩვენს ყუმბარმტყორცნებს, ჩვენს უპილოტო საფრენ აპარატებს. მგონი ჩვენს მტერს ძალიან ცუდი სიზმარი ესიზმრება და ჯობია იბწკინოს და გამოიღვიძოს“.

პრეზიდენტ სააკაშვილის ასეთი რიტორიკა ადამიანის უფლებათა ცენტრს მხოლოდ ოთხი წლის წინანდელ ტრაგიკულ გამოცდილებას ახსენებს - გამოცდილებას, რომელმაც ვერც პრეზიდენტს და ვერც მთავრობას ვერაფერი ასწავლა. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო სახსრები სოციალურ პროექტებზე იყოს მობილიზებული და მოხმარდეს ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანცების მოცულობა 2001 წლიდან 2008 წლამდე 2.600.000 ლარიდან - 1.545.225.000 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი დაწვრილებით წერდა სპეციალურ ანგარიშში - „ფეთქებადი მილიარდი“. 2011 წლის ნოემბერში კი საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ სწრაფი ტემპით განიხილა და დაამტკიცა ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 660 მილიონი ლარიდან 704,6 მილიონამდე გაიზარდა. ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების გარდა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს „დახმარების“ სახით ადგილობრივი თვითმმართველოების ბიუჯეტიდანაც ერიცხება სოლიდური თანხები. ეს თანხები, რეგიონებში, სავარაუდოდ, ნებაყოფლობითი რეზერვის მომზადებას უნდა მოხმარდეს. იმ დროს, როდესაც უამრავი ადამიანი სიღატაკეში ცხოვრობს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების ბიუჯეტებიდან თავდაცვის სამინისტროსთვის გაღებული „დახმარება“, უბრალოდ, უსინდისობაა და არაფერი აქვს საერთო არც მშვიდობის დაცვასთან, არც პატრიოტიზმთან და არც ზოგადად, გონივრულობასთან.

პრეზიდენტი სააკაშვილი ნებაყოფლობითი რეზერვის თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა: „ჩვენ დავიწყეთ რეზერვისტთა სისტემის ხელახალი აწყობა და მივიღეთ ფენომენალური შედეგი – ჩვენს მტერს ეს ძალიან აღიზიანებს და მათ ქართველ აგენტებს, ე.წ. პოლიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ რეზერვისტები, მაგრამ სოფლებში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა რეზერვში – გამაოგნებელი შედეგია –  ყველა საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წამორმავლობისა“.

პრეზიდენტის თქმით, ზაფხულისთვის 70 000 ნებაყოფლობითი რეზერვისტი იქნება გადამზადებული, ხოლო მომავალ წელს მათი რიცხვი 150 000 მიაღწევს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელს ეყოლება რაზმი თავდაცვისათვის და ეს არის ყველაზე მყარი გარანტია მშვიდობის“, – განაცხადა სააკაშვილმა და იქვე მოიყვანა ფაშისტური გერმანიის მაგალითი, რომელმაც „უარი თქვა შვეიცარიაში შესვლაზე  იმიტომ, რომ შვეიცარია ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო, რომელსაც აწყობილი ჰქონდა რეზერვისტთა სისტემა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი წუხს, რომ ხან ფინეთის, ხანაც შვეიცარიის წარსულიდან მეტისმეტად უადგილო და შეუფერებელი მაგალითებით პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ და კვლავ ცდილობს, გააღვივოს მილიტარისტული განწყობები ქვეყანაში და გააგრძელოს გამალებული შეიარაღება. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებას, რომ ხელისუფლებამ ნებაყოფლობითი რეზერვი, შესაძლოა, პოლიტიკური ოპონენტების მიერ მოწყობილი დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენოს. ამ შეშფოთების საფუძველს იძლევა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის თანახმად, ნებაყოფლობით რეზევრში გაწვევის უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსაც მიეცათ. გაუგებარია, რატომ უნდა წავიდეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნებაყოფლობით რეზევრში, როდესაც მას ისედაც აქვს თავისი ვალდებულება ქვეყნის თავდაცვის წინაშე?!       

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, შეამცირონ შეიარაღების ხარჯები, მეტი დრო დაუთმონ მშვიდობიან დიპლომატიას და არ დაუშვან სხვადასხვა სახის კონფლიქტების გაღვივება საქართველოში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიმართავს სამოქალაქო საზოგადოებას,  თითოეულ მშვიდობისმოყვარე ადამიანს, მშვიდობიანი ფორმებით გამოხატოს პროტესტი ხელისუფლების მილიტარისტულ ქმედებებზე, წინ აღუდგეს ომისა და დაპირისპირების საფრთხის შემცველ ნებისმიერ ინიციატივას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

12.04.12.

ახალი ამბები