პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

საქართველოს Freedom House-ს მსოფლიო პრესის თავისუფლების ახალ რეიტინგში

02.05.2012

თამარ ფარადაშვილი, media.ge

საქართველომ  7 პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა  ავტორიტეტული უფლებადამცველი  ორგანიზაციის Freedom House-ს  2012 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში, რომელიც ორგანიზაციამ 1 მაისს გამოაქვეყნა. თუმცა, ანგარიშის თანახმად,  საქართველო კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების  სიაში.

წინა ანგარიშში, სადაც ასახულია  2010 წელს მსოფლიო პრესის თავისუფლების მდგომარეობა, საქართველოს  118-ე პოზიცია ეკავა. ბოლო ანგარიშში მან  111-ზე პოზიციაზე გადაინაცვლა. 

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კრისტოფერ უოლოკერი რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საქართველოს დაწინაურებას ფაქტორებზე საუბრობს: „წელს საქართველოში რამდენიმე ახალი მედიასაშუალება დაარსდა, კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ კი გასცა ლიცენზია იმ რამდენიმე ორგანიზაციაზე, რომლებიც მთავრობის ძალაუფლებასთან კავშირში არ არიან“. უოლოკერის თქმით, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ ამ მხრივ ვითარება საქართველოში უკეთესობისკენ მიდის, რაც მას ბალტიისპირეთის გარდა, პოსტსაბჭოთა ყველა ქვეყნისგან განასხვავებს.

მაგრამ  ქართველი მედიაექსპერტებს მიაჩნიათ, რომ  ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგში  საქართველოს დაწინაურების მიუხედავად,  არსებითად ვითარება შეცვლილი არ არის.

„დიახ, მივიღეთ კანონი მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. იაქტიურა მედიამაც  ფოტორეპორტიორთა გახმაურებულ საქმეზეც, მაგრამ მედიის მდგომარეობა არსებითად არ არის შეცვლილი. საჯარო ინფორმაცია კვლავ ხელმიუწვდომელია. გარდა ამისა, რეგიონის მოსახლოებას ალტერნატიულ ინფორმაციაზე, რომელსაც, მაგალითად „მაესტრო“ ავრცელებს,  ხელი ნაკლებად მიუწვდება. რეგიონებში ძირითადად   სახელისუფლებო ტელეარხები არხები ვრცელდება“, - უთხრა Media.Ge-ს ჟურნალისტმა ია ანთაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის ინფორმირება ალტერნატიული და მრავალფეროვანი ინფორმაციით პირდაპირ კავშირშია არჩევნების შედეგებთან, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ამბობს, რომ საქართველო ნაწილობრივ  თავისუფალ ქვეყანათა რიცხვიშია, რაც  იმას ნიშნავს, რომ მედია გარემო არ არის პლურალისტური.

„კვლევაში ავტორებმა ყურადღება მიაქციეს დადებით და უარყოფით მოვლენებს. 26 მაისს, როცა ჟურნალისტებს არ მიეცათ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება, ფოტოგრაფების საქმეს, მედია „პალიტრაში“ საგადასახადო რევიზიის შესვლას. დადებითად შეფასდა კანონმდებლობის მიღება ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე; ასევე - ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიამ ლიცენზიების გაცემა დაიწყო, რაც 6 წლის მანძილზე არ ხდებოდა. თუმცა, ჰიპოთეტური განსჯის სფეროა რამდენად შეცვლის მედიაგარემოს და გახდის მას უფრო გამჭვირვალეს ის მედიასაშუალებები, რომლებმაც ლიცენზია მიიღეს. რახან საქართველო ამ კვლევით ნახევრადთავისუფალ ქვეყანათა რიცხვშია, ეს ნიშნავს, რომ მედიაგარემო არ არის პლურალისტური და ამ კვლევაში ეს არის მთავარი. ის ფაქტი, რომ 118-ე ადგილიდან 111 -ზე გადმოვინაცვლეთ, დიდად საამაყო არაა“, - განაცხადა ქორიძემ.

“Freedom House  სულ   197 ქვეყანას აკვირდებოდა. მათგან  პრესის თავისუფლების მხრივ 66 (33.5%) თავისუფალი, 72 (36.5%) ნაწილობრივ თავისუფალი, ხოლო 59 (30%) არათავისუფალი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში  2011 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრესის თავისუფლება. ეს ცვლილება შეეხო უნგრეთს, მაკედონიას და უკრაინას. რეგიონში მცირედი გაუმჯობესება ამ მხრივ ეხება საქართველოს, კოსოვოსა და მონტენეგროს.

„Freedom House-ს დაკვირვებით, შარშან რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტორიტარულმა რეჟიმებმა, შიდა არეულობის თავიდან ასაცილებლად პრესაზე ცენზურა გააძლიერეს. ჩინეთის, ისევე როგორც აფრიკისა და შუა აზიის ქვეყნების მთავრობებმა ინტერნეტის არასასურველი ინფორმაციისგან გასაფილტრად სპეციალისტები დაიქირავეს.

მთავრობის მიერ კონტროლირებადი სამაუწყებლო მედია, საკაბელო და სატელიტური მაუწყებლობის წილის გაზრდის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში  და კრიტიკული შინაარსის კონტენტის  კონტროლი მთავარ ინსტრუმენტად რჩება. სამაუწყებლო მედიას აკონტროლებენ რუსეთში, ვენესუელაში,  ჩინეთსა და ვიეტნამში.

გამოწვევების წინაშე დგას თავისუფალი მედია მთელ რიგ დემოკრატიულ ქვეყნებშიც - ინდოეთში, ისრაელში, იტალიაში და  სამხრეთ აფრიკაში. 2011 წელს ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა , განაპირობა ჩილეს თავისუფალი ქვეყნიდან, ნაწილობრივ თავისუფლთა რიგში  ჩამოქვეითება. უნგრეთს კი, ეს სტატუსი მიენიჭა მთავრობის მცდელობის გამო,   განეხორციელებინა კონტროლი მედიის საკანონდებლო და მარეგულირებელ ორგანოებზე.

ამავე დროს, Freedom House-ს ანალიტიკოსები  აღნიშნავენ იმ წინსწვლას, რომელიც მედიის თავისუფლების მხრივ,  შუა აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებმა პირველად მიაღწიეს, ბოლო   რვა წლის განმავლობაში. რაც, მათი აზრით, „არაბულ გაზაფხულს“ უკავშირდება.

ორიგინალი

<< უკან დაბრუნება