პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

დავით ბერძენიშვილი ქუთაისის მერიის შეთავაზებას "პოლიტიკურ პინგ პონგს" უწოდებს

01.06.2012
ქუთაისის მერიის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ აქციის გასამართად ალტერნატიული ადგილის შეთავაზებას დავით ბერძენიშვილი „პოლიტიკურ პინგ პონგს“ უწოდებს. როგორც ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემაში, „პირდაპირი საუბრები ეკა ბერიძესთან ერთად“ განაცხადა, ქუთაისში დაგეგმილი შეკრება მაინც ჩატარდება.

„ქუთაისის მერიამ ჩვენს მოთხოვნაზე გაგვცა პასუხი, რომ მთელი თავის განმავლობაში ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი და უზარმაზარ მოედანს ავსებენ სკოლების მოსწავლეებით. თუ აქამდე კონტროლის პალატა იყო მთავარი ინსტიტუტი, რომლითაც გვერჩოდნენ, ახლა ბავშვები აიფარეს. ეს არაადეკვატურობის მაჩვენებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ქუთაისში შეხვედრას ჩავატარებთ და თან ძალიან დიდ შეხვედრას“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მან არც ის გამორიცხა, რომ აქციის თარიღი შეიცვალოს, რადგან ხელისუფლებას „შარის მოდების შესაძლებლობა არ მისცენ“.

„გვითხრეს, რომ 7-ში საღამოს 5-დან 8 საათამდე მოედანზე „ჯეოსტარია“. ვუთხარით, რომ ჩვენც გვიყვარს „ჯეოსტარი“ და 8-დან 9 საათამდე დაეთმოთ სცენა. მართლა გვიყვარს „ჯეოსტარი“. ძალიან ბევრ ჩვენს მხარდამჭერს მოსწონს. მინდა ვთქვა, რომ გაუჭირდება ხელისუფლებას ამ პოლიტიკური პინგ პონგის თამაში. ქუთაისში იქნება თანაზომადი აქცია, რაც იყო თბილისში. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს იყოს 7-ში. ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას შესაძლებლობას, შარი მოგვდოს“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ქუთაისში დაგეგმილი მანიფესტაცია არა უგვიანეს ივნისის პირველი ნახევრისა ჩატარდება.

ქუთაისის მერიამ „ქართულ ოცნებას“ მიტინგისათვის ალტერნატიული ადგილი შესთავაზა. კოალიციამ მერიისაგან ითხოვა ნებართვა, რომ 7 ივნისს მიტინგი ჩატარდეს ცენტრალურ მოედანზე, თუმცა, ადგილობრივ მთავრობაში განმარტეს, რომ ამ დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე კონცერტია დაგეგმილი და ივნისის ერთი თვის პროგრამა მთლიანად გაწერილია. მათივე თქმით, ეს ფესტივალი ჯერ კიდევ 25 მაისს, ტელეკომპანია „რიონის“ ეთერით დააანონსეს. ქალაქის ცენტრში ერთი თვის განმავლობაში, მუსიკალური და თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ყოველდღე, დილიდან საღამომდე მოედანი დაკავებული ექნება სხვადასხვა ღონისძიებებს. 

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აღნიშნეს, ქალაქის თვითმმართველობამ კოალიციას ალტერნატიული ადგილი აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიან კიბეებთან შესთავაზა.

ინტერპრესნიუსი
<< უკან დაბრუნება