კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ამომრჩეველთან შეხვედრებზე გაწეულ პარტიულ ხარჯებთან დაკავშირებით

8 ივნისი, 2012

2012 წლის  28 მაისს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რესტორან „მონოპოლსა“ და „ტრიუმფში“ მედიცინის მუშაკებს ხვდებიან. სიუჟეტიდან ირკვევა, რომ   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები ათას ხუთასზე მეტ ადამიანს დახურულ ფორმატში ხვდებიან.

მედიცინის მუშაკები ადასტურებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის კეთილმოწყობის საკითხებს, მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებს და სფეროში დაგეგმილ რეფორმებს. ჟურნალისტთან საუბარში ექიმები იმ ფაქტსაც ადასტურებენ, რომ  მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეხვედრებზე მათ „ალაფურშეტითაც“ უმასპინძლდებიან.

სიუჟეტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ შეხვედრებზე, პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ერთად, დედაქალაქის სხვადასხვა სამსახურის  ხელმძღვანელებიც მონაწილეობენ, ხოლო შეხვედრის ადგილები მერიის გეგმაშია გაწერილი. შეხვედრაზე მიწვეული პირები კი აცხადებენ, რომ ისინი არა პარტიულ, არამედ  მერიის ეგიდით ორგანიზებულ შეხვედრაზე მიიწვიეს.

საჯარო პირების აქტიური მონაწილეობა სააგიტაციო შეხვედრებში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საჯარო პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ არის გამიჯნული პარტიული საქმიანობისაგან, რაც იწვევს ხელისუფლებისა და პარტიის საქმიანობის აღრევას და ქმნის ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენების რისკებს. ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტი  სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს ცალსახად გამიჯვნისაკენ და სახელმწიფოებს ავალდებულებს, „პოლიტიკური პარტიები უზრუნველყონ აუცილებელი სამართლებრივი გარანტიებით, რათა მათ შორის კონკურენცია წარიმართოს კანონისა და სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან თანასწორი მოპყრობის პირობებში“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის სააგიტაციო შეხვედრები ამომრჩეველთან დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლებს აღნიშნულ შეხვედრებზე დასწრების და ღონისძიებების გაშუქების საშუალება არ ეძლევათ. რაც, ერთი მხრივ, გარკვეულ კითხვებს ბადებს შეხვედრებზე გაკეთებული განცხადებების და საარჩევნო დაპირებების შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ, დაბრკოლებას უქმნის მედიას, მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

სააგიტაციო ღონისძიებაზე ამომრჩევლისათვის გადაცემულ საკვებთან დაკავშირებით, თბილისის მერი გიგი უგულავა განმარტავს, რომ საკვებზე გაწეული ხარჯი პარტიის ლეგალური ხარჯია და თუ პარტია საკვებს საკუთარი სახსრებით შეიძენს, ეს კანონდარღვევას არ წარმოადგენს.  აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ საკვებზე გაწეული ხარჯი ვერ განიხილება, როგორც პარტიის ლეგალური ხარჯი, ვინაიდან საკვების შეძენა ხდება სააგიტაციო შეხვედრებისთვის და მისი უფასოდ შეთავაზება და ამომრჩევლისთვის გადაცემაც აღნიშნულ ღონისძიებებზე ხორციელდება. შედეგად კი,  ირღვევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 252 მუხლი, რომლის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის უსასყიდლოდ საქონლის ან მომსახურების (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) მიწოდება ან გავრცელება.

გარდა ამისა, აღნიშნულ შემთხვევაში, შესაძლოა ასევე ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებსაც, რაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზების, დაპირების, გადაცემის ან გაწევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება პარტიის მიერ შესაძლო კანონდარღვევასთან დაკავშირებით.

მივმართავთ „უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“,  შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

www.gyla.ge 

ახალი ამბები