კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღურიცხავი ნარკოდაავადებულები და "კოსმეტიკური ცვლილებები" კანონში

11 ივნისი, 2012

მარიკა ვაჭარაძე

ნარკომომხმარებელი ს.გ. სხვადასხვა სახის მომსახურებას ფსიქო-სოციალური ცენტრის, "ახალი გზის" ქუთაისის ოფისში იღებს. იგი ამავე დროს С ჰეპატიტით არის ინფიცირებული. "რამდენიმე თვის წინ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკას მივაკითხე. ექიმს ვუთხარი, რომ ინფიცირებული ვიყავი, მან კი მომსახურებაზე უარი მითხრა. იქედან გამოსულმა სხვა კლინიკას მივმართე, სადაც ჩემი დაავადების შესახებ ექიმს არაფერი ვუთხარი. ამის შემდეგ მან მკურნალობის სრული კურსი ჩამიტარა ისე, რომ არც კი უკითხავს რაიმე ინფექციის მატარებელი ვიყავი თუ არა", - ამბობს ჩვენთან საუბრისას ს.გ. 

მედიკოსები შიშობენ, რომ C ჰეპატიტით ინფიცირებული პაციენტების მომსახურებით, შესაძლოა, ჯანმრთელი პაციენტების დაინფიცირების ალბათობა გაიზარდოს. მედიკოსები ხშირად იმართლებენ თავს, რომ ინფიცირებულთა უარის თქმით სხვების ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. მეორე მხრივ, ეს ვითარება გვიჩვენებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობაში შესაბამისი სტერილური და სანიტარული პირობები დაცული არ არის. ასეთ შემთხვევაში, უფლებადამცველები თვლიან, რომ ცალსახად ირღვევა როგორც ინფიცირებული, ისე არაინფიცირებული პაციენტების უფლება.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის" კონსტიტუცია "ჯანმრთელობას" განმარტავს როგორც სრულ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კუთვნილებას და არა როგორც მხოლოდ კონკრეტული დაავადებ(ებ)ის არქონას. ამავე კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, განურჩევლად მისი რასის, რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის, რწმენისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა.

ჯანმრთელობის უფლება არაერთ საერთაშორისო დოკუმენტშია ხაზგასმული. "ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის"  ოცდამეხუთე მუხლის თანახმად, "ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, როგორიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად".

ბუნებრივია, საერთაშორისო აქტებს და ხელშეკრულებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვისაც. თუმცა, ჯანმრთელობის დაცვის უფლების უზრუნველყოფა, პირველ რიგში, ეროვნული კანონმდებლობის დონეზე ხდება. ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, ქვეყანაში არსებობდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. ჯანდაცვის საკითხს ეთმობა საქართველოს კონსტიტუციის ოცდამეჩვიდმეტე მუხლი და პარლამენტის მიერ მიღებული კანონები და აქტები.
 
საქართველოს კანონში "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" მე-4 მუხლი იმ პრინციპებზე საუბრობს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს. ამავე კანონის მე-2 თავის მე-6 მუხლი ამბობს: " არ დაიშვება პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო".

ამავე კანონში წერია, რომ: "ჯანდაცვის უფლება განუყოფელია ადამიანის სხვა სოციალური, ეკონომიკური, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისგან". გარდა ამისა, სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ნარკომოხმარება დაავადებად აღიარა, ხოლო ნარკომომხმარებლები - დაავადებულ ადამიანებად. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალოდ რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათ მკურნალობას სახელმწიფო პროგრამები აფინანსებს. მკურნალობის მეთოდი, რეაბილიტაციიის გარდა, ჩანაცვლებითი თერაპიაცაა, რომელიც სერვისის არსებობასთან ერთად ხელმისაწვდომია. საქართველოს ხელისუფლება 2006 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაეთანხმა, რომ ნარკომანიაა დაავადებაა, თუმცა ამ დაავადებულებს სახელმწიფომ მხოლოდ ჩანაცვლებითი თერაპია შესთავაზა. დღეს კი ბაზალეთზე სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, თუმცა ხელისუფლებას ჯერჯერობით ცენტრის პროექტი ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია.

ზიანის შემცირების ქსელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ურანტის" ბაზაზე, ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" დაფინანსებით, ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის ბარიერების გამოსავლენად კვლევა ჩაატარა. "ურანტის" ხელმძღვანელის, ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის თქმით. კვლევამ აჩვენა, რომ საკმაოდ მაღალი ბარიერებია ჩანაცვლებით თერაპიაში მოხვედრაზე: „ საზოგადოებაში არის სტიგმა ამ პროგრამებში მონაწილე პაციენტებზე. თუმცა, კანონის თვალსაზრისით, გაცილებით სერიოზული პრობლემებია. ეს გამოიხატება დასაქმების კუთხით. ასევე, ჩანაცვლებითი თერაპიის მონაწილეებს მართვის მოწმობის აღების უფლება არა აქვთ. ახალ კანონში, რომელსაც პარლამენტი უკვე რამდენიმე წელი განიხილავდა, ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. მინდა გითხრათ, რომ ამ კანონში მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები შევიდა. ფაქტობრივად, ცვლილება შეეხო იმ ნივთიერებებს, რომელიც რეალურად დღეს ბაზარზე აღარ არის. აქვე გეტყვით, რომ თავად ნარკომომხმარებლებს არა აქვთ ზუსტი ინფორმაცია ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ. ისინი თვლიან, რომ ეს არის ჭაობი". 

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი მისი დეკრიმინალიზაციაა და მასთან ბრძოლა ეფექტური მკურნალობით შესაძლებელია.

ამავე დროს, საქართველოს მუნიციპალური ცენტრის საავადმყოფოებში წლებია, არ მუშაობს ნარკოლოგიის კაბინეტები. ექიმი-ნარკოლოგის მომსახურება მხოლოდ დიდ ქალაქებშია ხელმისაწვდომი.

პრობლემაა ისიც, რომ ნარკოტიკების ბაზარზე ცვლილებებმა და რეგიონის მზარდმა ინტეგრაციამ ნარკოტრეფიკინგის საერთაშორისო ქსელში, გამოიწვია  გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების შეცვლა. ბოლო ოცწლეულის მანძილზე რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის -  საქართველოც, გასცდა "უფრო რბილი" მცენარეული ნარკოტიკების მოხმარებას, რომელიც ადგილზე იწარმოებოდა (კანაფი). დღეს კი, ბევრ შემთხვევაში, ჰეროინმა კუსტარულად დამზადებული ნარკოტი ჩაანაცვლა (ჯეფი, ვინტი, ნიანგი). ეს უკანასკნელი გაცილებით იაფი ჯდება, რამაც ხელი შეუწყო ნარკოტიკების მოხმარების პრობლემურ ზრდას.

ნარკომოხმარება აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების ერთ-ერთ ხელისშემწყობ ფაქტორად ითვლება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. რაც შეეხება BB და C ჰეპატიტებს ამ კუთხით სტატისტიკა საქართველოში არ იწარმოება. თუმცა, შემთხვევების მატებას სპეციალისტები არ უარყოფენ. ამ კუთხით ვითარებას ისიც ართულებს, რომ C  ჰეპატიტის სრული მკურნალობა 12 000-დან 17 000 ლარამდე ღირს (სირთულის მიხედვით). სახელმწიფოს კი ამ კუთხით დაავადებულებისთვის ჯერჯერობით სერვისი არ შეუთავაზებია. მეტიც, საქართველოში მომქმედი არც ერთი სადაზღვეო კომპანია B და C ჰეპატიტით ინფიცირებულთა არც ერთი პროცენტით დაფინანსებას არ ითვალისწინებს. 

საქართველოში კი ნარკომომხმარებლების ანუ დაავადებულების კრიმინალიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა, დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაწესებული სანქციები ნარკოტიკების მომხმარებლებს თავიანთი ჩვევის დანებების მოტივაციას აღუძრავს. კიდევ ერთი ფაქტორი: სპეციალისტები თვლიან, რომ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ადამიანს დამოკიდებულების სინდრომი უყალიბდება _ იგი წამალდამოკიდებული ხდება. ზოგადად დამოკიდებულება კი შეიძლება ადამიანს ნებისმიერი ნივთიერების მიმართ გაუჩნდეს და ის საბოლოდ ავადმყოფობაში გადაიზარდოს, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.

საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს, რომ "წამალდამოკიდებულება მძიმე ქრონიკული დაავადებაა, დამოკიდებულების მქონე ადამიანი კი ავადმყოფი.  საყურადღებოა, რომ აქ ზოგადად დამოკიდებულებაზეა საუბარი ნებისმიერი მედიკამენტის ან ნივთიერების მიმართ.

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრის "ახალი გზის" ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი დალი უშარიძე ამბობს:  "უდავოა, რომ ნარკომანია ზეგავლენას ახდენს საზოგადოების თითქმის ყელა ფენაზე, მათ შორის - ახალგაზრდებზე და მოზარდებზე. ამდენად, პრობლემის დროული გადაჭრა და მოგვარება მნიშვნელოვანია. მეტიც - ნარკომომხმარებლებს უნდა მიეცეს განკურნების, რეაბილიტაციის საშუალება და ეს მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნარკოტიკი პირველად თავიანთი სურვილით გასინჯეს, დღეს ეს ადამიანები წამალდამოკიდებულები არიან და მინდა გითხრათ, ნებისმიერი დამოკიდებულება დაავადებაა და მკრნალობას საჭიროებს".

2006 წლის 15 აგვისტოდან კი ძალაში შევიდა ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში, რომლის საფუძველზეც ნარკოტიკის მოხმარებისათვის დაწესებული ჯარიმები მკვეთრად გაიზარდა.

საინტერესოა სტატისტიკური მონაცემები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში ნარკომომხმარებელთა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში, 200 000 ნარკომომხმარებელია. მათი ასაკი 20-დან 45 წლამდე მერყეობს. მათ შორის დაახლოებით 10% ქალი მომხმარებელია.

ნათლად ჩანს, რომ ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში კვლავ ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება. ამას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2011 წლის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შედეგებიც ადასტურებს. სადაც ჩანს, რომ ლაბორატორიულად   ნარკოტიკული  საშუალებების  მოხმარების  ფაქტი დაუდგინდა  8015  პირს. კონკრეტულად ბენზოდიაზეპინების  მოხმარება  კი 1043 პირს.

ფაქტია, რომ ქართული კანონმდებლობა თავად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, როცა ნარკომომხმარებლებს დაავადებულ ადამიანებად აღიარებს და მეორე მხრივ, მათ ამ დაავადების გამო სჯის.

ახალი ამბები