პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

გია ხუხაშვილის სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს

14.06.2012
თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ექსპერტ გია ხუხაშვილის სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხუხაშვილმა განუცხადა, მისი მეზობლის გასარემონტებელი ბინიდან, რომელიც ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობს, ჭერი იყო ჩამოთხრილი და ჯერჯერობით გაურკვეველი აპარატურა იყო ჩამაგრებული.

“ეს რაღაც აპარატურა ჩემს ზემოთ მცხოვრებმა მეზობელმა აღმოაჩინა და სწორედ მან მაცნობა. აპარატურა მე არ მინახავს. სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურაა, რომელიც ჩამოთხრილი ჭერიდან იყო ჩემს სახლში ჩამოყვანილი”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტ გია ხუხაშვილის ოჯახის დამხმარე ქალბატონის ინფორმაციით, ერთი სართულით ზემოთ მცხოვრები მეზობლის სახლიდან ჩაქუჩის ხმა დაახლოებით 2 კვირის წინ ჩამოდიოდა. როგორც ქალბატონმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მოხდა მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება. მისი თქმით, ჩაქუჩს ისე ძლიერად ურტყამდნენ ჭერს, რომ ოთახში ჭერიდან სამშენებლო მასალაც კი ჩამოცვივდა.
 
“დღეს მეზობელი ჩამოვიდა და მკითხა, რა გვქონდა მისგან გაყვანილი. ჩვენ გავოცდით ამ შეკითხვით, ავედით და ვნახეთ, რომ იყო მოწყობილობა, რომელზეც დამაგრებული იყო მიკროფონი და ამონგრეულ იატაკში, რომელის ქვეშ ჩვენი ჭერია, ჩატენილი იყო ეს მიკროფონი. ღრმულზე კი გადაფარებული იყო გაზეთები”, - განმარტა ქალბატონმა.

ამ დროისათვის გია ხუხაშვილის მეზობლის სახლში კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გია ხუხაშვილის მეზობლის დაკითხვა. ცოტა ხნის წინ გია ხუხაშვილთან მივიდა მისი მეგობარი დავით მაღრაძე, რომელმაც თქვა, რომ მედიის საშუალებით შეიტყო გია ხუხაშვილის სახლში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ კი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ადგილზე იმყოფებიან საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები, მიმდინარეობს საქმის შესწავლა და ინფორმაციას შსს მოგვიანებით გაავრცელებს.

ინტერპრესნიუსი

<< უკან დაბრუნება