კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვეძათხევიდან თბილისში – აქციები განსახლების სამინისტროსთან

15 ივნისი, 2012

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის მაცხოვრებლები პროტესტის ნიშნად, თბილისში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან კიბეებზე ცხოვრებას აპირებენ. ვეძათხეველები ითხოვენ, რომ სამინისტრომ სიცოცხლისათვის საშიში სოფლიდან მათი განსახლება უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს.

ვეძათხევი დუშეთიდან 12 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელი 6 წელია მეწყერულ ზონაშია მოქცეული. სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაასკვნეს, რომ იქ ადამიანების ცხოვრება საშიშია, მაგრამ სამინისტრო ვეძათხეველებს ყურადღებას არ აქცევს. სოფელში მცხოვრები 11 ოჯახი თვეების განმავლობაში გარესამყაროს არის მოწყვეტილი. გაუსაძლის პირობებს უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა.
 
2010 წელს, სოფელში 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „საღამოს კბილი სტკიოდა. გზა არ იყო, რომ სასწრაფო მოსულიყო. დილით მკვდარი დაგვხვდა“, - ამბობს ვეძათხევში მცხოვრები ნინო ქაფიაშვილი.
 
2011 წლის სექტემბერში, ვეძათხევში მცხოვრებ თამუნა ფროდიაშვილს, რომელიც ორსულად იყო, მუცელი ასტკივდა. ვიდრე თანასოფლელებმა ზურგზემოკიდებული ახალგაზრდა ქალი მეზობელ სოფელში გადაიყვანეს, სადაც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ელოდებოდათ, ნაყოფი დაიღუპა.
 
2012 წლის 21 მაისს ვეძათხევში 24 წლის გარსევან გოგოჭური დაიღუპა. ვეძათხევის მაცხოვრებლების თქმით, სოფლამდე მისასვლელი გზა აღარ არსებობს და ხევის გავლით დადიან. „მეზობელ სოფელში იყო და სახლში ბრუნდებოდა. ხევზე რომ გადმოდიოდა, წყალი ადიდდა და ადიდებულმა წყალმა წაიღო. 3 დღის განმავლობაში ვეძებდით და წყალმა ნაპირზე გამორიყა“, - განაცხადა თამარ ინაშვილმა.
 
სოფლამდე მისასვლელი გზა მეწყერს ახლაც წაღებული აქვს. მეზობელ სოფელ დუდაურებიდან, სადაც გზა წყდება, ვეძათხევამდე 2 კილომეტრია. ბილიკი ტყეზე და ხევზე გადის. ვეძათხევში შემორჩენილი 7 ბავშვიდან მეზობელი სოფლის სკოლაში 4 დადის. ვეძათხევში აღარც სკოლაა. ისიც მეწყერმა დაანგრია. დანარჩენ ბავშვებს წერა – კითხვა რომ ესწავლათ, სოციალური მომსახურების სააგენტომ მშობლებს უფლებები შეუზღუდა და ბავშვები მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართო. „ჩემი შვილი აქ რომ იყოს, მაგის მეტი არაფერიც არ მინდა, მაგრამ ბავშვმა წერა – კითხვა მაინც ხომ უნდა იცოდეს. ამიტომ, იძულებულები გავხდით, მშობლის უფლებები შეეზღუდათ და ბავშვი სხვაგან წაეყვანათ“, – აღნიშნეს ვეძათხევის მაცხოვრებლებმა.
 
მოსახლეობა სამინისტროსგან იმ სახლების ჩვენებას ითხოვს, სადაც მათი გასახლებაა შესაძლებელი. სამინისტროში ამაზე აღნიშნეს, რომ ვეძათხეველებს ექსკურსიაზე ვერ წაიყვანენ.

ახალი ამბები