კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრის სარჩელი დააკმაყოფილა

18 ივნისი, 2012

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა სრულად დააკმაყოფილა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის ზვიად ყვირალაშვილის სარჩელი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა.

„რესპუბლიკური პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზვიად ყვირალაშვილი სამსახურიდან 9 მარტს გაათავისუფლეს. ყვირალაშვილი საკრებულოს მიერ დაფუძნებულ შპს „კეთილმოწყობა“-ში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 1 მაისამდე ჰქონდა გაფორმებული.

„შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“, - ნათქვამია ბრძანებაში. აღნიშნული პუნქტი ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევას ითვალისწინებს.

„2011 წლის 1 თებერვალს შეიქმნა შპს „კეთილმოწყობა“, სადაც 9 მარტამდე ვმუშაობდი დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 6 მარტს, გურჯაანში ორგანიზება გავუკეთე „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნას, რის გამოც 9 მარტს, სამსახურში რომ მივედი, დამხვდა თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების ბრძანება, სადაც არ იყო მითითებული რეალური მიზეზები. ბრზანება სასამართლოში გავასაჩივრე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრძანება კანონის დარღვევით იყო გამოცემული და გააუქმა. ეს ნიშნავს იმას, რომ განაცდური უნდა ამინაზღაურდეს 700 ლარის ოდენობით“, - განუცხადა ზვიად ყვირალაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

შპს „კეთილმოწყობა“-ს დირექტორი ფარნაოზ ბეროშვილი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი თქმით, ყვირალაშვილი მარტის დასაწყისიდან სამსახურში ხშირად არ ცხადდებოდა, რაზედაც სიტყვიერი სახით არაერთხელ მისცა შენიშვნა, 9 მარტს კი სამსახურიდან დაითხოვა.

მას შემდეგ, რაც ზვიად ყვირალაშვილის გათავისუფლების ფაქტზე კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა, ყვირალაშვილის საქმე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშებში მოხვდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები