პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

გამოძიება ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის

18.06.2012

ნინო ჟღენტი, http://for.ge 

ჩხრეკის ან ამოღების დროს ამოღებული ყველა დოკუმენტის დალუქვა სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი ცვლილება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შედის. მოქმედი ნორმების თანახმად, ჩხრეკის ან ამოღები დროს ამოღებული ნივთი უნდა დათვალიერდეს, დაწვრილებით აღიწეროს და დაილუქოს. დალუქულ ნივთზე დაიტანება თარიღი და იმ პირების ხელმოწერები, რომლებიც მის დალუქვას ესწრებოდნენ.

კოდექსში ამ ნორმებთან ერთად ჩნდება ახალი ნორმა, რომელშიც მითითებულია, რომ ჩრეკისა და ამოღების დროს არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება მისი შინაარსის გამო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასევე შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამომძიებლის დადგენილება საჭირო აღარ იქნება.

ცვლილებების პროექტით, ეს რეგულაცია ეხება ისეთ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და რა მოქმედებაც ტარდება მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის განჩინებით.

კერძოდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება. ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს გარეშე, მხოლოდ გამომძიებლის დადგენილებით. კანონპროექტით კი, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისთვის გამომძიებლის დადგენილებაც აღარ იქნება საჭირო.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი არის პარლამენტის წევრი ზვიად კუკავა, რომელსაც for.ge ამ ინიციატივის შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით, ამოღებული დოკუმენტის დალუქვა არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მისი ამოღება მოხდება არა როგორც ნივთმტკიცების, არამედ ამ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, ანუ თუკი გამოძიებისთვის საინტერესო იქნება არა დოკუმენტი, როგორც ნივთმტკიცება, არამედ საინტერესო იქნება ამ დოკუმენტის შინაარსი.

„დალუქვაში არის ის პრობლემა, რომ ნივთმტკიცების განლუქვა უნდა მოხდეს იმავე პირების თანდასწრებით, რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ამ მტკიცებულების დალუქვა. შესაძლოა, გამომძიებელს გამოძიების პროცესში რამდენჯერმე დაჭირდეს ამ დოკუმენტის გაცნობა და ამიტომ, მისი განლუქვა ზედმეტი ბარიერია, მით უმეტეს, როდესაც ეს ნივთი საინტერესოა არა როგორც ნივთმტკიცება, არამედ მხოლოდ მისი შინაარსია საინტერესო“, - აცხადებს ზვიად კუკავა for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ვინაიდან ასეთი ნივთმტკიცების დალუქვა-განლუქვის პრობლემა შესაძლოა გამოძიების გაჭიანურების მიზეზი გახდეს, ამიტომ პარლამენტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს ფორმალური ბარიერი მოეხსნა.

რაც შეეხება მეორე საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამომძიებელს დადგენილების გამოტანა აღარ დაჭირდება, ზვიად კუკავა განმარტავს თავად დადგენილების არსს. მისი თქმით, ეს დადგენილება არის აქტი, რომელიც უნდა იყოს მოტივირებული და რომელშიც გამომძიებელს უწევს იმის დასაბუთება, თუ რატომ მიიღო მან გადაწყვეტილება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ხოლო როდესაც არის გადაუდებელი აუცილებლობა, კუკავას განცხადებით, პრაქტიკაში ეს ხშირად ქმნის ფორმალურ ბარიერებს.

ზვიად კუკავა განმარტავს, რომ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება შემდეგში მოსამართლემ უნდა დააკანონოს. გამომძიებელი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ამ უკანასკნელს შეუძლია დააკანონოს ეს დადგენილება, ან უარი უთხრას გამომძიებელს. შესაბამისად, გამომძიებლის დადგენილება მოტივირებული უნდა იყოს.

„აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ამ ზედმეტი ბარიერის არსებობა მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან საბოლოო ჯამში შუამდგომლობაში, რომლითაც გამოძიების მხარე სასამართლოს მიმართავს, მაინც უნდა დაწეროს ყველა ის მოტივაცია, რომლის გამოც აღნიშნული საგამოძიები მოქმედებები განახორციელა. ხოლო თუ გამომძიებელი ამას ვერ დაასაბუთებს, მოსამართლე ბათილად სცნობს მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას“, - აღნიშნავს ზვიად კუკავა.

ჩნდება კითხვა - რამდენად მიზანშეწონილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასეთი ცვლილებების შეტანა მაშინ, როდესაც ეს ნორმები არსებული სახით ათეულობით წლების განმავლობაში მოქმედებდა და, ხომ არ მოახდენს ეს ცვლილებები გამოძიებაზე უარყოფით გავლენას - რაზეც ზვიად კუკავა პასუხობს, რომ არსებული ნორმები მხოლოდ ზედმეტი ბარიერებია და აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები გამოძიების დაკნინებას არანაირად არ გამოიწვევს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით for.ge ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ყველაფერი ფორმალობის დონეზეა დაყვანილი და გამოძიებას თუ პროკურატურას სასამართლო ნებისმიერ შუამდგომლობას უკმაყოფილებს. ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს შემთხვევა, როდესაც სასამართლომ გამოძიების ან პროკურატურის რომელიმე დადგენილების ან მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.

„თუ გამოვალთ იმ მახინჯი რეალობიდან, რაც დღეს საქართველოში არსებობს, რომ სასამართლო მაინც ფორმალურად არსებობს და გამომძიებელმა მას რა დადგენილებაც არ უნდა წარუდგინოს, მოსამართლე მას მაინც დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, მათი პოზიციიდან ამ ცვლილებების მიღება სწორი იქნება. მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით თითოეულ ამ დადგენილებას აქვს ის ძალა და მნიშვნელობა, რომ შემდეგ მას ვეღარ ამოფხეკ, ვეღარ შეცვლი. როდესაც ჩხრეკას ჩაატარებ, მერე უკვე როგორც გინდა შეცვლი იმ მოტივაციას, თუ რატომ ჩაატარე ჩხრეკა. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ კი თავიდანვე დასაბუთებული უნდა იყოს. როდესაც სადღაც შეხვალ და რაღაც ისეთს იპოვი, რის ნახვასაც იმ კონკრეტულ ადგილას არ ელოდი, ძალიან ადვილია მერე ამტკიცო, რომ იქ შესვლა საჭირო იყო, რადგან წინასწარ შენ არაფერი გეწერა ამის შესახებ. შეგიძლია ამტკიცო, რომ სწორედ იმიტომ შედიოდი იმ კონკრეტულ ადგილზე, რაც იქ დაგხვდა“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

მისი თქმით, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღება არის გამოძიების გათავისუფლება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან, რათა შემდეგ არავინ მიედავოს მას ჩხრეკას საფუძვლიანად ატარებს თუ არა. ამდენად, ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გამომძიებელი ნებისმიერ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მის დაკანონებაზე ზრუნვას.

რაც შეეხება დოკუმენტის დალუქვის აუცილებლობის მოხსნას, გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ დალუქვა და განლუქვა არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ჩატარებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

„გასათვალისწინებელია, რომ ნივთმტკიცებები გამოძიების ხელშია და აქ შეიძლება მხოლოდ ერთი წინადადების ამობეჭდვა გახდეს საჭირო, მაგრამ ისინი ყველაფრისგან ითავისუფლებენ თავს, რათა თავიანთ ქმედებებში არაფერში იყვნენ შეზღუდულები. ეს არის ამ ცვლილებების არსი“, - ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

ორიგინალი

<< უკან დაბრუნება