პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

ჟურნალისტი სულხან მესხიძე პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

19.06.2012
გაზეთი „ვერსია“ 15 ივნისის ნომერში წერს, რომ მედია-ჰოლდინგი “აჭარა P.S” გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

გაზეთის ცნობით, ჟურნალისტი სულხან მესხიძე ქობულეთის პოლიციის წინააღმდეგ საქმისწარმოების გაგრძელებას სასამართლო წესით აპირებს.

საქმე ეხება მედია-ჰოლდინგ „აჭარა P.S“- ის ჟურნალისტის მიმართ 6 აპირლს განხორციელებულ ქმედებას, რა დროსაც სამართალდამცავებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მესხიძეს და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

მესხიძემ უფლებადარღვევის ფაქტზე პროკურატურას მიმართა. მოგვიანებით ჟურნალისტს პოლიციის პოლკოვნიკისგან მიუვიდა პასუხი, რომ ინსპექციამ ჩაატარა საქმის მოკვლევა და სამმართველოს მხრიდან დისციპლინარული გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა.

„ვერსიის“ ცნობით, მედია-ჰოლდინგმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტის მიმართ ქობულეთის პოლიციის უფროსი ძალადობს. გამოძიების საპასუხოდ გავრცელდა ოფიციალური განცხადებაც, სადაც  აღნიშნულია: „არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა, არავინ დაუკითხავთ გარდა დაზარალებული მესხიძისა, რომელსაც, საქმესთან დაკავშირებული დეტალების გარდა ყველაფერზე ესაუბრნენ“.

Media.ge

<< უკან დაბრუნება