პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

გაეროს სპეცმომხსენებელი საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შესახებ

22.06.2012

ლელა კუნჭულია, რადიო „თავისუფლება“

არათანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფო რესურსებზე, პოლიტიკური ნიშნით დევნის შესაძლებლობები და მოქალაქეთა შეზღუდული უფლება აირჩიონ ანგარიშვალდებული ლიდერები - ასეთია მცირე ჩამონათვალი საქართველოში არსებული პრობლემებისა, რომლებიც მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებულ და 20 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ასახული.

საუბარია მაინა კიაიზე, რომლის მწვავე შეფასებებმაც ყურადღება ჯერ კიდევ თებერვალში მიიპყრო, როცა საქართველოში მისი ერთკვირიანი ვიზიტის კვალდაკვალ, წინასწარი მოკლე ანგარიში გამოქვეყნდა.

13 თებერვალს, როდესაც საქართველოში ვიზიტის მიწურულს, მაინა კიაიმ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, ხელისუფლების ოპონენტებს ის მეტად მწვავე და პირდაპირი ეჩვენათ.

ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველთან შეხვდრის შემდეგ, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მაგალითად, დაასკვნა, რომ  2011 წლის დეკემბრის ბოლოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები „არათანაბარ პოლიტიკურ გარემოს ქმნის“ და რომ ეს ცვლილებები კონკრეტული პირის (ბიძინა ივანიშვილის) „პოლიტიკური საქმიანობის გაკონტროლების სურვილით“ უფროა ნაკარნახევი, ვიდრე ობიექტური მიზეზებით. მაინა კიაის ამ და სხვა არანაკლებ მწვავე შეფასებებმა 14 თებერვალს დებატები პარლამენტის სხდომაზეც გამოიწვია. უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა ოპონენტების დამშვიდება იმ მოსაზრებით სცადა, რომ მაინა კიაის პირველადი მწვავე შეფასებები ვიზიტის ფარგლებში სტუმრისთვის „მიყრილი ალარმისტული“ ინფორმაციების შედეგია და რომ საბოლოო დასკვნები მთელი რიგი საკითხების დაზუსტების შემდეგ მომზადდება და ის აუცილებლად უფრო ობიექტური იქნება.

„გარწმუნებთ, რომ ეს დასკვნები იქნება დაახლოებული იმ რეალურ ვითარებასთან, რაც ქვეყანაში არის. და ეს რეალური ვითარება რომ დემოკრატიაა, თქვენი განცხადებების თავისუფლება მეტყველებს ამაზე“, - მიმართა ოპონენტებს დავით დარჩიაშვილმა.

თუმცა, გაეროს სპეციალური მომხსენებლის თებერვლის პირველად დასკვნაში ასახულ აქცენტებს სიმწვავე არც ივნისის საბოლოო დასკვნაში დაუკარგავს. მაინა კიაის ანგარიშში, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის არის გამიზნული, სხვა საკითხებთან ერთად, კვლავაც შენარჩუნებულია სერიოზული კრიტიკა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, კვლავაც ხაზგასმულია პრეტენზიები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონთან მიმართებით და კვლავაც ვხვდებით აქცენტს ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტივობის გაკონტროლებასთან დაკავშირებით.

გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ანგარიშის მიხედვით, მეტად პრობლემურია, რომ კანონმდებლობა საშუალებას იძლევა ის კონტროლის პალატის მიერ პიროვნებათა პოლიტიკური მიზნებით შევიწროების საბაბად იყოს გამოყენებული. აქვეა მითითებული, რომ საქართველოში კვლავაც  პრობლემას წარმოადგენს მმართველი პარტიის როლის აღრევა ხელისუფლების როლთან, რასაც ადმინისტრაციული რესურსის არათანაბარი გამოყენების პრობლემასთან მივყავართ.

მაინა კიაის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „სპეციალური მომხსენებელი შეშფოთებულია“ საქართველოში იმ გარემოს არარსებობის გამო, რომელიც „მოქმედებების თანაბარ საშუალებას მისცემდა პოლიტიკურ პარტიებს“. და იქვე დაზუსტებულია: „რესურსების განაწილების თვალსაზრისით  მკვეთრი განსხვავებები შეინიშნება როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, რაც იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის მუდმივად ხელყოფილია უფლება გაერთიანების თავისუფლების კუთხით. ვიდრე ვითარება არ გამოსწორდება, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შესაძლებლობა ეფექტიანად აირჩიონ ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ მათ ინტერესებს და არიან ანგარიშვალდებული“.

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში ასახული ამ და სხვა არაერთი პრობლემის გამომზეურებას მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების ხელმძღვანელი ნინა ხატისკაცი.

„ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. გამოდის, რომ მხოლოდ ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ თემებზე და მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ ასე... ნათელია, რომ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან შიდა პოლიტიკაში ჩაბმული და არ არიან კონკრეტული საქმიანობით დაკავებული ქვეყნის შიგნით, ზუსტად იმგვარად ხედავენ პრობლემებს, როგორც ჩვენ. ალბათ ერთობლივად, ვთქვათ, მედიის, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, ამ პრობლემების წინა პლანზე წამოწევა უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ეს პრობლემები იქნეს მინიმუმამდე დაყვანილი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინა ხატისკაცმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამების ხელმძღვანელი შეგვახსენებს, რომ მაინა კიაის საქართველოში ვიზიტის შემდეგ სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ ძალისხმევით მოხერხდა ყველაზე უხეში პრობლემების აღმოფხვრა კანონში მოქალაქეთა  პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. თუმცა კამპანიის წარმომადგენელი თუ მხარდამჭერი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო გარემოში კვლავაც რჩება არაერთი მწვავე პრობლემა - როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკის დონეზე.

ორიგინალი

<< უკან დაბრუნება