კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო პატიმარი

28 ივნისი, 2012

ნათია დანელიშვილი, გელა მთივლიშვილი,
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახმეტის შტაბის უფროსი, რესპუბლიკური პარტიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზაქარია ქინქლაძე პოლიციამ 24 ივნისს დააკავა. თელავის სასამართლომ მას 25 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ზაქარია ქინქლაძეს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

დაკავება და ადვოკატების უარი დაცვაზე

ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა ზაქარია ქინქლაძე „ქართული ოცნების“ ოფისიდან 24 ივნისს, 13:00 საათისთვის წაიყვანეს. „ხუთი პოლიციელი მოვიდა და მამაჩემს უთხრეს, პოლიციაში წამოდიო. ჩასვეს თავის მანქანაში და წაიყვანეს. სამი საათი რომ გავიდა და არ გამოჩნდა, დავიწყეთ გარკვევა, რა მოხდა, რატომ ჰყავდათ ამდენი ხნის განმავლობაში პოლიციის შენობაში. მერე გავიგეთ, რომ დილით, „ქართული ოცნების“ ოფისთან ერთ–ერთი მოქალაქისთვის მანქანის სხვა ადგილზე გაჩერება უთხოვია და იმ მოქალაქეს პოლიციაში შეუტანია განცხადება, შეურაცხყოფა მომაყენაო. მამაჩემთან კონტაქტი არ გვქონდა, რადგან ტელეფონი არ შეატანინეს. დავუკავშირდი ახმეტაში მომუშავე ადვოკატებს ვაჟა ტერტერაშვილს და დავით ახალაურს. ვუთხარი, რომ მამაჩემი უკვე რამდენიმე საათი პოლიციაში ჰყავდათ და მათ საქმეში ჩართვა ვთხოვე, რაზედაც უარი მითხრეს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლევან ქინქლაძემ.

ახმეტელმა ადვოკატები ზაქარია ქინქლაძის დაცვაზე უარის თქმა მოუცლელობით ახსნეს.

„მე არ მეცალა და სხვისი არ ვიცი“, – განუცხადა სააგენტო „ინფო 9“–ს ვაჟა ტერტერაშვილმა.

„არ მეცალა. რა წესია, რას მეკითხებით ვერ გავიგე“, – აღნიშნა დავით ახალაურმა.

ზაქარია ქინქლაძის უფლებების დასაცავად „ქართულმა ოცნებამ“ ახმეტაში ადვოკატი ქეთი ზაქარიაშვილი თელავიდან ჩაიყვანა. ქეთი ზაქარიაშვილი „ქართული ოცნების“ წევრია.

საქმე N 017240612001

ადვოკატი ქეთი ზაქარიაშვილი ზაქარია ქინქლაძეს ახმეტის პოლიციის შენობაში 16:36 საათზე შეხვდა. „ზაქარია ქინქლაძე სსკ–ის 239–ე მუხლის I ნაწილით არის დაკავებული. მოწმეები არიან დასაკითხი, რა სიტუაცია იქნება, გაგვაგებინებენ. მე ასეთი წარმოდგენა შემექნა, რომ თვითონაც გაურკვევლობაში არიან, რა ბედი ელის ამ ადამიანს. გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩვენ თვითონ შეგატყობინებთ, როგორც კი მას ადვოკატი დასჭირდება, დაგიკავშირდებითო. არ არიან მოწმეები ფაქტიურად. მე ვესაუბრე ზაქროს და იქ არანაირი სიტუაცია არ ყოფილა დაძაბული. 50 მეტრში იყო პოლიცია, სადაც მათ ე.წ. კამათი მოუვიდათ და არანაირად არ იმსახურებდა იმას, რომ ის დაეკავებინათ“, – განაცხადა პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა.

ოფიციალური ინფორმაციით, შსს ახმეტის რაიონულ სამმართველოში პაატა სუხიშვილის განცხადების საფუძველზე, გამოძიება 24 ივნისს, სსკ–ის 239–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

პროკურატურის დადგენილებაში ვკითხულობთ: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 24 ივნისს, დაახლოებით 08:30 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქისტაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი პაატა სუხიშვილი იმყოფებოდა ქალაქ ახმეტაში, რა დროსაც მან ავტომანქანა, ავტოსადგომის მუშაკის მითითებით გააჩერა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, თავისუფალ ადგილას, თვითონ კი შევიდნენ ბაზარში. ბაზრიდან გამოსვლის შემდეგ მასთან ავტომანქანით მივიდა „ქართული ოცნების“ ოფისის ხელმძღვანელი ზაქარია ქინქლაძე, პაატა სუხიშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა გაეყვანა მანქანა მითითებული ადგილიდან. შემდეგ იგი გადავიდა ავტომანქანიდან, პაატა სუხიშვილს დაუწყო ყვირილი და გინება, ამასთან რამდენჯერმე გამოუხსნა და მიუხურა ავტომანქანის კარი. ამის შემდეგ ზაქარია ქინქლაძე შევიდა ოფისში, რა დროსაც შესვლისას და ოფისიდანაც განაგრძობდა გინებას. აღნიშნული ქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში რითად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ პაატა სუხიშვილი, მისი დედა მედეა სუხიშვილი და შემთხვევის შემსწრე პირები ზურაბ მაისურაძე, ტრისტან ბერძენიშვილი და ბექა ხვედაგურიძე, რომელთაც დაადასტურეს ზემოაღნიშნული ფაქტი, ამავე დროს აჩვენეს, რომ ზაქარია ქინქლაძის მხრიდან რაიმე ძალადობას ან პაატა სუხიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საქმეზე ასევე დაიკითხა ზაქარია ქინქლაძე, რომელმაც დაადასტურა პაატა სუხიშვილთან კამათის ფაქტი, თუმცა აჩვენა, რომ პაატა სუხიშვილისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია“.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზაქარია ქინქლაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პაატა სუხიშვილს, რითაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ამავე დროს დადგენილია, რომ ზაქარია ქინქლაძის მხრიდან რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მაშასადამე, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებას და არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. ასევე, არ იკვეთება სხვა რაიმე დანაშაულის ნიშნები, რის გამოც საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს“, – აღნიშნავს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლევან ღვედაშვილი დადგენილებაში და იქვე მიუთითებს, რომ მასალები შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეგზავნოს თელავის რაიონულ სასამართლოს, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი“.

პროკურორის დადგენილების მიღების შემდეგ ახმეტის პოლიციამ ე.წ. სამართალდარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. „წვრილმანი ხულიგნობა, ე.ი. საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა – გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით“.

7 საათიანი დაკითხვის შემდეგ ზაქარია ქინქლაძე პოლიციის შენობიდან ისე გაიყვანეს, რომ შენობის წინ შეკრებილ ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წევრებსა და ჟურნალისტებს არ შეუმჩნევიათ. ქინქლაძის ადვოკატს ქეთი ზაქარიაშვილს არც საქმის გადაკვალიფიცირების შესახებ აცნობეს, არც იმაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თელავის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს. ადვოკატთან დაკავშირების უფლება არც ზაქარია ქინქლაძეს მისცეს.

განხილვა 15 წუთში

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა განიხილა. სხდომას ზაქარია ქინქლაძე და ოქმის შემდგენი პოლიციელი მიხეილ ბერძენიშვილი ესწრებოდნენ. ზაქარია ქინქლაძის მოთხოვნის მიუხედავად, საქმის განხილვის შესახებ ადვოკატს არ შეატყობინეს.

სხდომის ოქმში მითითებულია, რომ სხდომა 19:30 საათზე დაიწყო და საქმის განხილვა 15 წუთი გაგრძელდა. სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე თელავის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ – გამომძიებელმა მიხეილ ბერძენიშვილმა განმარტა: (სინამდვილეში მიხეილ ბერძენიშვილი ახმეტის შს სამმართველოს თანამშრომელია) „24 ივნისს ახმეტის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მომართა პაატა სუხიშვილმა იმის შესახებ, რომ დილის საათებში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზაქრო ქინქლაძემ და აღნიშნული ფაქტი გაგრძელდა 15 წუთის განმავლობაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სსკ–ის 239–ე მუხლით. დაიკითხნენ მოწმეები, კერძოდ: ტრისტან ბერძენიშვილი, ზურაბ მაისურაძე, ბექა ხვედაგურიძე, პაატა სუხიშვილი, ზაქარია ქინქლაძე. ამ მოწმეთაგან ორნი, ტრისტან ბერძენიშვილი და ზურაბ მაისურაძე მუშაობენ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ქალაქ ახმეტაში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე გაკეთებულ ავტოსადგომზე და უზრუნველყოფენ ავტომანქანების დგომა – გაჩერების მოწესრიგებას. მათ დაადასტურეს, რომ დილით, დაახლოებით 08:30 საათზე, სადგომის ტერიტორიიდან შემოესმათ ხმამაღალი ლანძღვა – გინების ხმა, მიახლოებისას კი დაინახეს ქალაქ ახმეტაში მცხოვრები ზაქარია ქინქლაძე თავის მანქანაში მჯდომი აგინებდა ავტოსადგომის ტერიტორიაზე გაჩერებულ შავი ფერის BMW–ში მჯდომ მძღოლს და ეუბნებოდა გაეთრიე აქედანო“. მოწმეთა დაკითხვით დადგინდა, რომ ზაქარია ქინქლაძემ ნამდვილად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პაატა სუხიშვილს“.

სხდომაზე ზაქარია ქინქლაძემ პაატა სუხიშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი უარყო. „დილის 9 საათზე დანიშნული გვქონდა თათბირი კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში. რომ მივედი ოფისთან, ჩემი მანქანის გასაჩერებელ ადგილას იდგა BMW–ს მარკის ავტომობილი. მძღოლს ვუთხარი, რომ მანქანა გადაეყენებინა, რადგან ეს ადგილი იყო ჩემი. მისი მანქანა იდგა გარდიგარდმო და ოფისის ასასვლელი კიბეც დაკეტილი იყო. დამიწყო ლაპარაკი, რომ მე ვინ მკითხავდა სად გააჩერებდა მანქანას. მე ავუხსენი და ვუთხარი, რომ გზას კეტავდა და გაესწორებინა ავტომანქანა. მან ამოიღო ტელეფონი და მითხრა, კობა მაისურაძეს დავურეკავო (კობა მაისურაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელია. ავტ). გაწევ – გამოწევა არ გვქონია. საუბარი გაგრძელდა რამდენიმე წუთი. ავედი ოფისში, ფანჯრებს ვხსნიდი და დავინახე, რომ ამ ავტომობილში მძღოლის გვერდით ჩაჯდა ქალბატონი და მანქანა წავიდა. ეს ყველაფერი გაგრძელდა 7–8 წუთი. არ მიგინებია. მე ვარ ახმეტის რაიონის საკრებულოს დეპუტატი. შემიძლია, როგორც მოქალაქემ მოქალაქეს მივუთითო წესრიგის დაცვისაკენ. მას უწესრიგოდ ჰქონდა მანქანა გაჩერებული. მე არაფერი დამიშავებია, კანონი არ დამირღვევია. მისი მანქანის გაჩერებით ხელი უნდა შეშლოდა ჩვენს ოფისში მანქანების მოძრაობას. თუ რამე დავაშავე იქვე იდგა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მათთვის მიემართა“, – აღნიშნა ზაქარია ქინქლაძემ სხდომის ოქმის მიხედვით.

ამის მერე როგორც ოქმშია მითითებული პოლიციელი მიხეილ ბერძენიშვილი აცხადებს: მოწმეთა დაკითხვით დადგენილია სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რის შემდეგაც მოსამართლე ლაბაზა დუიშვილი პოლიციელს ეკითხება: სახდელის სახედ რა მიგაჩნიათ მიზანშეწონილად, რომ გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის მიმართ?

პოლიციელი ზაქარია ქინქლაძისთვის 30 დღის ვადით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ოქმში მითითებულია, რომ ამის შემდეგ მოსამართლე საქმეში არსებულ მასალებს იკვლევს, ოღონდ რას, არ წერია და სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად გადის 19:45 საათზე. ოქმის მიხედვით, 20:05 საათზე მოსამართლე დადგენილების სარეზოლუციო ნაწილს აცხადებს. „სასამართლომ განიხილა რა მოცემული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა – განმარტებები, მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით და სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა განმარტებებით. შესაბამისად, ზაქარია ქინქლაძე ცნობილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და უნდა დაედოს ასკ–ის 166–ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ადმინისტრაციული პატიმრობა 25 დღე – ღამის ვადით“. ზაქარია ქინქლაძე ადმინისტრაციულ პატიმრობას ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდის.

მოსამართლე დადგენილებაში წერს, რომ „მოწმის ჩვენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე არის მტკიცების წყარო. „მოწმის სახით შესაძლოა მოწვეულ იქნეს პოლიციის მუშაკი, სამართალდარღვევის აღმკვეთი სხვა პირები. მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები, ახსნა – განმარტებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულების უმნიშვნელოვანეს წყაროს. მოწმეთა ეს ჯგუფი შედარებით მცირეა, მას ძირითადად პოლიციის ოპერატიული მუშაკები შეადგენენ“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

მოსამართლეს სხდომაზე არ დაუკითხავს არცერთი თვითმხილველი. იგი დაეყრდნო მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელის მიხეილ ბერძენიშვილის განცხადებას, რომელიც თვითონაც არ ყოფილა ფაქტის თვითმხილველი.

ნიშანდობლივია, რომ მოსამართლე ლაბაზა დუიშვილი წლების განმავლობაში ახმეტაში ცხოვრობს. ის კარგად იცნობს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც „ქართული ოცნების“ ოფისია და ისიც იცის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განსაკუთრებით კვირა დღეს ხალხმრავლობაა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, ფაქტს აუცილებლად ეყოლებოდა ბევრი თვითმხილველი. ამის მიუხედავად, მოსამართლეს მოწმის სტატუსით არავის დაკითხვა არ მოუთხოვია.

უფრო მეტიც, სასამართლოში ახმეტის პოლიციის მიერ წარდგენილ საქმეში არცერთი მოწმის ჩვენება არ იდო. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაქარია ქინქლაძის ადვოკატმა ქეთი ზაქარიაშვილმა განუცხადა. „დადგენილების გასაჩივრება რომ გადავწყვიტეთ, თელავის სასამართლოდან, 25 ივნისს, გამოვითხოვეთ ადმინისტრაციული საქმის მასალები სრულად. მოწმეთა ჩვენებები რომ ვერ აღმოვაჩინეთ მოწოდებულ მასალებში, სასამართლოს ისევ მივმართე და მოწმეთა ჩვენებების მოწოდებაც მოვითხოვე. სასამართლოში მითხრეს, რომ მოწმეთა ჩვენებების მისაღებად ახმეტის პოლიციისთვის უნდა მიმემართა, რადგან სასამართლოში არ ჰქონდათ. ახმეტის პოლიციამ მოწმეთა ჩვენებების მოწოდებაზე უარი გვითხრა, რაც სააპელაციო საჩივარშიც გვაქვს აღნიშნული“, – განმარტავს ადვოკატი.

მოწმეები სამართალდარღვევას არ ადასტურებენ, „დაზარალებული“ იმალება

სასამართლოს დადგენილებაში მითითებულია, რომ ახმეტაში მცხოვრები ტრისტან ბერძენიშვილი და ბექა ხვადაგურიძე საქმეზე მოწმის სტატუსით არიან დაკითხულები და ადასტურებენ ზაქარია ქინქლაძის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევას. „მათ დაადასტურეს, რომ დილით, დაახლოებით 08:30 საათზე შემოესმათ ხმამაღალი ლანძღვა – გინების ხმა, მიახლოებისას კი დაინახეს ახმეტაში მცხოვრები ზაქარია ქინქლაძე თავის მანქანაში მჯდომი აგინებდა შავი ფერის BMW–ში მჯდომ მძღოლს და ეუბნებოდა გაეთრიე აქედანო“, – მოცემულია სხდომის ოქმში პოლიციის თანამშრომლის მიხეილ ბერძენიშვილის სიტყვები, რომელიც მოსამართლემ სადაო არ გახადა და მთლიანად გაიზიარა გადაწყვეტილების მიღების დროს.

ტრისტან ბერძენიშვილმა და ბექა ხვადაგურიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ზაქარია ქინქლაძის მხრიდან გინების ფაქტი საერთოდ უარყვეს და განაცხადეს, რომ პოლიციისთვის ასეთი ჩვენება არ მიუციათ.

„დილის 6 საათიდან ვმუშაობ ახმეტაში, ავტოსადგომზე. ლანძღვა გინება არ გაგვიგია არც ზურას (მოწმის სახით დაკითხული ზურაბ მაისურაძე. ავტ. ) და არც მე“.

პროკურატურის დადგენილებაში წერია, რომ ზაქარია ქინქლაძემ პაატა სუხიშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უთხრა გაეყვანა მანქანა მითითებული ადგილიდან. შემდეგ იგი გადავიდა ავტომანქანიდან, პაატა სუხიშვილს დაუწყო ყვირილი და გინება, ამასთან რამდენჯერმე გამოუხსნა და მიუხურა ავტომანქანის კარი. ამის შემდეგ ზაქარია ქინქლაძე შევიდა ოფისში, რა დროსაც შესვლისას და ოფისიდანაც განაგრძობდა გინებას.

– ასეთი რამე არ მომისმენია. ოფისიდან აგინა თუ რა ქნა, არ მომისმენია. მე ახლა იქ ავტოსადგომზე ვარ, კაპიკებს ვაქუჩებ და იქ დავდგებოდი და იმათ დავუწყებდი ყურებას? ზაქრო მივიდა, იქ პირადად ელაპარაკებოდა და მე იქიდან რას გავიგებდი, არც დავინტერესებულვარ და არც მაინტერესებს“.

გადამოწმებული ინფორმაციით, პოლიციელი მიხეილ ბერძენიშვილი მოწმე ტრისტან ბერძენიშვილის ნათესავია, რასაც ტრისტან ბერძენიშვილიც ადასტურებს.

ბექა ხვადაგურიძე (ფარული ჩანაწერი): „დილის 8 საათიდან აქ ვიყავი, ინციდენტს შევესწარი. მე რაც დავინახე, ლაპარაკობდნენ. არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ იმიტომ, რომ ხალხი იყო, ბაზარია, ხმაური იყო და არ ისმოდა გარკვევით. რაც გავიგე ის იყო, რომ ზაქრო სთხოვდა იმ ადამიანს, მანქანა გადაეყენებინა, ოფისის წინ იყო გაჩერებული. ჩვეულებრივ ხმამაღლა საუბრობდა ზაქრო, რაც მომესმა, გადააყენე მანქანა, ნუ გააჩერებო. არავითარი ლანძღვა – გინება, არაფერი არ ყოფილა. ვერ გავიგე რაზე მიდიოდა საუბარი გარდა იმისა, რაც გითხარით. ეგ იყო, მერე ზაქრო ავიდა და იმან გადმოაყენა მანქანა. მანქანის კარი მიუკეტა, მიუჯახუნა და  ყვირილი, ჭყივილი, არა ყოფილა“.

ალექსი მებაღიშვილიც ერთ – ერთი თვითმხილველია, თუმცა ის და სხვა ადამიანები, ვინც შესაძლოა ინციდენტის თვითმხილველი ყოფილიყო და კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოკითხა, პოლიციას მოწმის სტატუსით არ დაუკითხავს.

„მანქანა იყო გაჩერებული, ზაქრო ქინქლაძე მივიდა და სთხოვა, რომ გადაეყენებინა. მძღოლმა, ვისი მანქანაც იყო, ჯერ უარი განაცხადა, არ გადავაყენებო, მერე კიდევ რომ უთხრა გადააყენე, ეს არ არის თქვენი ადგილი, ეს ოფისის ადგილია და მანქანა უნდა გავაჩეროო, ამის გულისთვის იმან ატეხა რაღაც ყვირილი და ჭყივილი“, – განაცხადა ალექსი მებაღიშვილმა „მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ფატი ხავაზურაშვილი „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, გზის მეორე მხარეს მდებარე მაღაზიის გამყიდველია: „24 ივნისს, დილის 07:00 საათზე გავხსენი მაღაზია. არაფერი არ გამიგია. შუადღეს გავიგე რომ ზაქრო პოლიციამ წაიყვანაო. გამიკვირდა იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაფერი ხმა არ გამიგია, არავითარი კონფლიქტის. აქედან არის 9–10 მეტრი ოფისამდე. კონფლიქტი რომ ყოფილიყო აუცილებლად გავიგებდი. კვირა დღეა, ხალხის ლაპარაკი არის, მაგრამ კონფლიქტი და ჩხუბი რომ ყოფილიყო, აუცილებლად გავიგებდი“.

ირმა ხუცურაული, მაღაზიის გამყიდველი: „დაახლოებით 8 საათზე უკვე გახსნილი გვქონდა მაღაზია, კვირა დღე იყო და ადრე გავხსენით. აქ არაფერი კონფლიქტი მე არ გამიგია აბსოლუტურად. მართალია, შევდივარ შიგნით და ვმუშაობ, მაგრამ გარეთაც ხომ ვარ კლიენტი როცა არ არის. ამგვარი არაფერი არ ვიცი. არის შემთხვევები, როდესაც ზაქრო თავის თანამშრომელს რაღაცაზე ხმამაღლა ესაუბრება, მაგ პიროვნებამ ხმამაღლა ლაპარაკი იცის. მანქანა გადააყენეო და იქ ჩხუბი და შენი ესე და გაწევა არ ყოფილა“.

მაღაზიის თანამშრომელი (ფარული ჩანაწერი): „საერთოდ არ გამიხედია, ისეთი რაღაც რომ ყოფილიყო, თვალიც და ყურიც გაიგებს, მაგრამ მე არ გამიგია არაფერი“.

ჩვენ ჯერ სამსახურში, ხოლო შემდეგ სახლში მივაკითხეთ ე.წ. დაზარალებულ პაატა სუხიშვილს, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქისტაურის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრია. მან სამსახურშიც და სახლშიც კითხვებზე პასუცის გაცემას თავი აარიდა და დაიმალა.

დასაბუთებულობის პრობლემა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი და თავისებურებები განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. პრინციპები, რომლებსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება ეყრდნობა, ასე გამოიყურება: ყოველი საქმის დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით.

იურისტ ლია ხუროშვილის თქმით, მოსამართლეს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, სწორედ ამგვარი გამოკვლევის საფუძველზე უნდა მიეღო, თუმცა დადგენილება ვერ იძლევა წარმოდგენას, რა კონკრეტულ მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო დადგენილების გამოტანისას.

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა კვლავ იმ საკვანძო პრობლემად რჩება საქართველოში, რომლის გადაუჭრელობაც კითხვის ქვეშ აყენებს სასამართლო ხელისუფლების შტოს საქმიანობის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემები ერთის მხრივ განპირობებულია სასამართლო ორგანოების მხრიდან ამ ტიპის საქმეებისადმი არასათანადო ყურადღების დათმობით, რაც შაბლონური გადაწყვეტილებების მიღებითა და საქმის განხილვისას მხარეთა უფლებების უგულვებელყოფით გამოიხატება.

„სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეთა ასეთ მოკლე დროში განხილვა განპირობებულია იმით, რომ ამ კატეგორიის საქმეთა განსახილველად კანონმდებლობა მცირე ვადას აწესებს. მართალია, საქართველოს კანონმდებლობით საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადებია დადგენილი, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს სხვა კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის დაცვის უფლების დარღვევის საფუძველი“, – აღნიშნავს გიორგი ტუღუში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სასამართლო მოსმენები ზედაპირულია, – წერს Human Rights Watch თავის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემას მიმოიხილავს. ანგარიში მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნდა.

„HRW-ის მიერ შესწავლილი საქმეებიდან ჩანს, რომ სასამართლო სხდომები ზედაპირული იყო და იშვიათად თუ გრძელდებოდა 15 წუთზე მეტს; მოსამართლის გადაწყვეტილებები უმეტესწილად მხოლოდ პოლიციელის მიერ მიცემულ ჩვენებებს ეყრდნობა. იმ შემთხვევებშიც კი, როცა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მიცემული პირები ახერხებდნენ ადვოკატის აყვანას, ადვოკატებს არასათანადო დრო ეძლეოდათ ეფექტური დაცვის განსახორციელებლად“, – ნათქვამია მოხსენებაში.

ოფიციალური მონაცემებით 2009 წელს 6 511 პირი გაასამართლეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით; 2010 წელს - 8 657, რომელთაგან 3 097 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შსს-ს მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრამდე ადმინისტრაციული პატიმრობა 2 550 პირს შეეფარდა.

ორიგინალი ვიდეოკომენტარებით

ახალი ამბები