კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამომრჩეველზე ნადირობის სეზონი

18 ივლისი, 2012

ალეკო ცქიტიშვილი

მედიამონიტორინგის გამოცდილება უკვე მაქვს. გასულ წელს მაისიდან დეკემბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გადაცემა „მოამბეში“ მართლმსაჯულებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თემებს ვამონიტორინგებდი. ეს იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი, რომელშიც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიიღო მონაწილეობა. ამოცანა ადვილი არ იყო, მაგრამ არც ისეთი რთული ნიუანსების გარკვევა მიწევდა, როგორც ახლა - საერთაშორისო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ დაფინანსებული მონიტორინგის დროს მიწევს.

დაკვირვების ობიექტად ისევ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავირჩიე. ამჯერად პრაიმ-ტაიმს, ანუ დღეში 5-საათიან პერიოდს ვაკვირდები - 19:00-დან 24:00 საათამდე. სარეკლამო დროში პოლიტიკური რეკლამისთვის გამოყოფილი წამები და წუთები უნდა დავითვალო. ასევე - ისეთი სოციალური რეკლამები, სადაც საარჩევნო სუბიექტები შეიძლება ფიგურირებდნენ. ყველაზე რთული კი წინასაარჩევნო პერიოდში გასული ფარული რეკლამის კვლევაა. არ იცი, რომელ გადაცემაში შეიძლება ამოყოს თავი საარჩევნო სუბიექტმა - ამა თუ იმ პარტიამ ან პოლიტიკოსმა, თავისი მერკანტილური წინასაარჩევნო ამბიციებით.

ჯერჯერობით განსაკუთრებით საგანგაშო არაფერი ხდება, რადგან არჩევნების დღე ოფიციალურად არ არის გამოცხადებული და არც ყველაზე ცხელი ორთვიანი წინასაარჩევნო პერიოდია დაწყებული. შესაბამისად, მშვიდად ვარ - მჯერა, რომ ტელესერიალ „დეტექტივში“ ან „ჩემ მეგობარში“ ეპიზოდურ როლში რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი არ გამომეცხადება. შესაბამისად, ტელესერიალებს ნაკლებ გულისყურს ვუთმობ. მარტო მათ შორის ჩართულ რამდენიმე სარეკლამო ჭრას ვიკვლევ გულისყურით.

კარგი იყო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პერიოდი, რადგან 100% დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები ჩემპიონატის ოფიციალურ საფეხბურთო მატჩებში არ მიიღებდნენ მონაწილეობას. ამიტომ პირდაპირ ტრანსლაციებს მარტო იმიტომ ვუყურებდი, რომ ფეხბურთი  მიყვარს და არა მედიამონიტორინგის გამო. თუმცა, ყველაზე ცხელი წინასაარჩევნო დღეები რომ ყოფილიყო, 0,1%-ს მაინც დავუშვებდი, რომ მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი შეიძლებოდა მოულოდნელად შევარდნილიყო ესპანეთი-პორტუგალიის თამაშზე და კრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად კარში გადამწყვეტი პენალტი დაერტყა, ან თავისი განუყრელი ტრიბუნა სტადიონის ცენტრში დაედგა და საქართველოში დამზადებულ ჯავშანტრანსპორტიორ „ლაზიკაზე“ ელაპარაკა.

გული მიგრძნობს, ასეთებს ბევრს ვნახავ.

ჯერჯერობით კი არც არაპოლიტიკურ თოქშოუებში და გადაცემებში ჩანან ჩვენთვის საინტერესო სუბიექტები. აი, მაგალითად, ეკა ხოფერიას გადაცემა „აუდიტორიამ“ კულინარიის თემაზე ისე ჩაიარა, ერთი პოლიტიკოსიც არ გაჭაჭანებულა. ეთერ კაკულიამ ხახვი დაჭრა ღიღინ-ღიღინით - „და მე არ მინდა სხვა ნეტარებააა...“, მზარეულმა მანუელმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა თავისი ოსტატობა. მოკლედ, „აუდიტორია“ ჭეშმარიტად კულინარიული გახლდათ. მარტო ერთგან დავიძაბე, როცა „აჭარული ღვინის სახლის“ შეფმზარეულმა ქალბატონმა მის რესტორანში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის სტუმრობაზე ისაუბრა. თუმცა, ეს თემაც არ გასცდენია კულინარიის საზღვრებს.

იმედია, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როცა წინასაარჩევნო ბატალიები გახურდება, 1 არხი და ეკა ხოფერია კვლავ გაუძლებენ ცდუნებას და მსგავს გადაცემაში ვანო მერაბიშვილს არ მოიწვევენ ტაფით ხელში და ეთერ კაკულიას ნაცვლად, დეპუტატ ხათუნა ოჩიაურს არ დააჭრევინებენ ხახვს. ამ უკანასკნელის სატელევიზიო კომენტარები ხომ ისედაც გვატირებს მაყურებლებს და ახლა ზედ დაჭრილი ხახვის ეფექტი მიუმატეთ, როგორი ცრემლისღვრა გველის ბედკრულ მედიამონიტორებს.

რაიმე კურიოზს ხომ არ გავიხსენებდი? როგორ არა!

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია - გურჯაანში კენჭს დავით მესხიშვილი იყრისო. ისე მოხდა, რომ ამ ინფორმაციის მარტო სათაური მომხვდა თვალში და თვითონ ნიუსი არ წამიკითხავს, არც მასზე თანდართული ფოტოსთვის შემიხედავს. ვიფიქრე - აჰა, ეს სწორედ ის დავით მესხიშვილია, გადაცემა „ავტოპილოტი“ რომ მიჰყავს და „საფარის“ რეკლამა-ანონსშიც მარეკებისგან დამფრთხალ ტახს თოფს უმიზნებს - წარსულში რამდენიმე დღით ჯანდაცვის მინისტრად ყოფნა არგუნა ბედმა და ახლა, ალბათ, დიდ პოლიტიკაში ბრუნდება-მეთქი. ჰოდა, ick.ge-ს ნიუსის გავრცელების დღიდან მოსვენება დავკარგე - სათითაოდ ვითვლიდი გადაცემების - „ავტოპილოტისა“ და „საფარის“ ანონსებს. მეგონა, რომ ეს ჩვენი ტახებზე მონადირე „ავტოპილოტის“ წამყვანი „საფარიდან“ გამოვიდა და სანადირო თოფი (ცხადია - მეტაფორული მნიშვნელობით) ამომრჩეველს მიუშვირა.

ის-ის იყო ანგარიშის წერას შევუდექი და მედიამონიტორის საბოლოო ცხრილში შავი ჩანაწერების გადათეთრება დავიწყე, ბედად ის ნიუსი წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს დავით მესხიშვილი სხვაა და ის დავით მესხიშვილი კიდევ - სხვა, როგორც დიდი შოთა იტყოდა - „შუა უზის დიდი მზღვარი“.

ამ კურიოზზე ახლა გულიანად მეცინება და უკვე დავივიწყე ის ამაო ჯაფა, რაც „ავტოპილოტის“ და „საფარის“ ანონსების წამების თვლას ახლდა.

თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ამომრჩეველზე ნადირობის სეზონი დაწყებულია და მედიამონიტორის ვალია, არ გამორჩეს მსგავსი შემთხვევები, როცა ესა თუ ის პერსონა საფარიდან გამოვა და ფარული რეკლამების სახით, ამომრჩეველს უხილავ ხაფანგებს დაუგებს.  

ეს ბლოგპოსტი შექმნილია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი და იგი არ ასახავს IFES-ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები