პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

„თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქონება დაუყადაღეს

01.08.2012
 
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მოსიაშვილს ჯარიმის გადაუხდელობის გამო ქონება დაუყადაღეს. როგორც მოსიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მას ქონების დაყადაღებასთან ერთად ჯარიმა 125 070 ლარიდან 134 025 ლარამდე გაუზარდეს.

„21 ივლისამდე მქონდა ჯარიმის გადახდის ვადა, მაგრამ არ გადავიხადე და ქონება დამიყადაღეს. თუ რამე იყო ჩემს სახელზე, ყველაფერი დააყადაღეს, მათ შორის საბანკო ანგარიშებიც. ამასთან, ჯარიმა 134 025 ლარამდე გაზარდეს, მაგრამ ჯარიმის გადახდას არც ამჯერად ვაპირებ. ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ამიტომ ახლა მასალებს ვამზადებთ და სტრასბურგში ვაპირებთ გასაჩივრებას“, – განუცხადა გიორგი მოსიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 მოქალაქე პოლიტიკური პარტიებისთვის უკანონო შემოწირულობის განხორციელებაში სამართალდამრღვევად სცნო და ბიუჯეტის სასარგებლოდ შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

<< უკან დაბრუნება