პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

აწყურელი გლეხი, რომელმაც პრეზიდენტის სადღეგრძელო არ დალია, დააპატიმრეს

09.08.2012
ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მკვიდრი, დავით ბერიძე ადგილობრივმა პოლიციამ იმის გამო დააკავა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სადღეგლძელო არ დალია.

ეს ფაქტი „ივერონს“ „ქართული ოცნების“ ახალციხისა და ასპინძის ოფისების წარმომადგენლებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, გიორგი ბერიძე მეზობლის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც მიწვეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ადგილობრივი აქტივისტი. სწორედ მას შეუთავაზებია თანამეინახეთათვის პრეზიდენტის სადღეგრძელო.

„მიხეილ სააკაშვილი იმ სუფრაზე, იმ ნაციონალი ახალგაზრდის გარდა, გულზე არავის ეხატებოდა, მაგრამ ხალხი დაშინებულია და ყველამ სულმოუთქმელად დალია ეს სადღეგრძელო. გიორგი ბერიძემ კი უარი განაცხადა - ჩემი ქვეყნის დამაქცევრის სადღეგრძელოს არ დავლევო. მეორე დღეს, ბერიძე დააკავეს და აწყურის პოლიციაში 2 დღე და ღამე ამყოფეს“, - განუცხადეს „ივერონს“ „ქართული ოცნების“ ახალციხის ოფისის წარმომადგანლებმა.

„ქართული ოცნების“ წევრთა თქმით, ბერიძეზე ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა. დაკავებული მანამდე არ გამოუშვეს წინასწარი დაკავების საკნიდან, ვიდრე განსხვავებული სასმისით 5-ჯერ არ დაალევინეს პრეზიდენტის სადღეგრძელო.

„5-ჯერ იმიტომ დაალევინეს მიშას სადღეგრძელო, რომ ხუთიანი ნაციონალთა სარჩევნო ნომერია. ამით ბერიძეს თან დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ“, - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

გიორგი ბერიძე არც ერთი ოპოზიციური პარტის წევრი არ არის და აპოლიტიკური პიროვნებაა.  ის და მისი ოჯახის წევრები სოფლის მეურნეობას მისდევენ.

ლევან ჯავახიშვილი,
საინფორმაციო სააგენტო „ივერონი“

<< უკან დაბრუნება