კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, გაჭირვება კი რჩება“ – humanrights.ge-ს რეპორტაჟი უკანაფშავიდან

10 აგვისტო, 2012

გიორგი იორამაშვილი, მცხეთა-მთიანეთი

უკანაფშაველები თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობენ. ისინი პოლიტიკური ბატალიებითაც იშვიათად ინტერესდებიან და მოახლოებულ არჩევნებს ინდიფერენტულად ხვდებიან. მათ მიაჩნიათ, რომ რომელი პარტიაც არ უნდა მოვიდეს საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობითა თუ უმცირესობით, მათთვის მაინც არაფერი შეიცვლება.

როგორც ერთმა ადგილობრივმა გულისტკივილით გვითხრა: „ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, გაჭირვება კი რჩება“.

დუშეთის მუნიციპალიტეტში შემავალი უკანაფშავის თემი მდებარეობს თბილისიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 100 კილომეტრის მანძილზე, მდინარე ფშავის არაგვის ხეობაში. უკანა ფშავის თემი ერთ დროს წარმოადგენდა საკმაოდ ხალხმრავალ დასახლებას. როგორც აქაურებმა გვითხრეს, ადრე მარტო სოფელ გოგოლაურთაში 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი, სოფლების უმეტესობა გაუკაცრიელებულია. ზოგიერთ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. დარჩენილებიც, ძირითადად, საშუალო ასაკს გადაცილებული ადგილობრივი სალოცავების ხევისბერ-დეკანოზები არიან.
 
უკანა ფშავის თემის ცენტრია სოფელი შუაფხო, საიდანაც ავტობუსი მხოლოდ კვირაში სამჯერ მოძრაობს თბილისის მიმართულებით. სწორედ ეს ავტობუსია ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება, რომლის დახმარებითაც ადგილობრივები ახერხებენ რძის პროდუქტებისა და თაფლის დედაქალაქში რეალიზაციას და შემდგომ მძიმე ზამთრისათვის პროდუქტების მომარაგებას.
 
შუაფხოში ატანილი პროდუქტი ხეობის სიღრმეში მცხოვრებ ადამიანებს, სახლამდე, ძირითადად, ცხენებით მიაქვთ (მაგალითისთვის - შუაფხოდან სოფელ ვაკესოფლამდე 15 კოლომეტრია). ხეობაში არ ფუნქციონირებს არც ერთი მობილური კავშირგამბულობის საშუალება. ელექტროენერგია კი მხოლოდ სოფელ მუქუმდეა მიყვანილი. მუქუს ზემოთ მდებარე სოფლებში ხალხი მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეებით სარგებლობს.
 
ხეობის მოსახლეობაში მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი თითქმის არ შეინიშნება.

„ვერ გამიგია, რატომ ჭამენ ეს პოლიტიკოსები ერთმანეთს. რატომაა ასეთი ამბავი სკამების გულისათვის და რატომ არიან ერთმანეთზე მოსისხლეებივით გადაკიდებულნი?! არ ჯობია ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთს დავეხმაროთ?!“ – ამბობს ხეობის სულ ბოლო სოფელ ვაკესოფელში მცხოვრები 77 წლის ყოფილი პედაგოგი, ლადო წელაური.

ლადო პაპას დიდი შიში აქვს, რომ წლევანდელივით არ გაუმართლებთ და ადიდებულმა არაგვმა შეიძლება ადგილობრივებს დიდი პრობლემები შეუქმნას. „სოფლის დახმარების პროგრამებით გზას ვწმენთ ხოლმე. წელს ძალიან დაგვინდო არაგვმა. ისე არ ადიდებულა, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო და გზა გაეფუჭებინა, მაგრამ, მერე რა იქნება, არავინ იცის. მარტო იმას ვთხოვთ ხელისუფლებას, ამ გზას მაინც მიხედონ. აქაური ავად თუ გახდა ვინმე, 15 კილომეტრი ხელით ან ცხენით უნდა ვატაროთ შუაფხომდე. ტრანსპორტი აქ არ არსებობს და არაფერი. ამდენი მანძილის გავლა თუ შეგიძლია, აბა, ავადმყოფიც აღარ ყოფილხარ. ზამთარში ხომ ზედმეტია გადაადგილებაზე ლაპარაკი“.

ლადო წელაურის აზრით, ქვეყნის წინსვლა, პირველ რიგში, ასეთ მთის სოფლებზე უნდა აისახოს და ადგილობრივებმა უნდა იგრძნონ. ამას კი იგი დღეს ვერ ხედავს. „ქვეყანა ისე წინ თუ წავიდა, რომ ჩვენ აქ ვიგრძნოთ რაიმე სიკეთე, მაშინ მართლა ეშველება ამ ქვეყანას“.

Humanrights.ge-ს შეკითხვაზე - ადგილობრივები აპირებენ თუ არა არჩევნებზე წასვლას, 30 წლის მირიან წელაური ამბობს, რომ ახალგაზრდებმა შეიძლება მოახერხონ არჩევნებზე მისვლა, მაგრამ მოხუცების საარჩევნო უბნებამდე მიყვანა დიდ პრობლემას წარმოადგენს. როგორც უკვე ვთქვით, სოფელი ვაკესოფელი თემის ცენტრთან (შუაფხოსთან) 15 კილომეტრით არის დაშორებული და შემოდგომაზე არჩევნებზე ხმის მისაცემად მოხუცების მიყვანა, საკმაოდ რთული იქნება.

ახალი ამბები