კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს მათი უფლებებისთვის ბრძოლას პირდება

17 აგვისტო, 2012
 
ინგა გვასალია, ფოთი

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის   კანდიდატი, ეკა ბესელია გადამზიდავი ავტომანქანების მძღოლების მიერ 12 აგვისტოს გამართულ აქციას მეორე დღესვე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. იგი მძღოლებს მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვას დაპირდა. 

ეკა ბესელიამ ხელისუფლებას არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ერთკვირიანი ვადა მისცა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლების გაუაზრებელი და უსამართლო გადაწყვეტილების გამო, გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს ორი თვეა, სერიოზული პრობლემები შეექმნათ. 

„საქართველოში სააკაშვილის მიერ აბსოლიტურად მონოპოლიზებულია ბიზნესი. რკინიგზას მთლიანად ფლობს სააკაშვილი და მისი გუნდი (საუბარია ნიკა გილაურის ფონდზე). სწორედ ამის შედეგია, რომ ასეულობით მძღოლი დატოვეს დღეს ქუჩაში. აქ არიან მძღოლები, რომლებიც ორი თვეა, დგანან ქუჩაში და ეძებენ სამართალს.  უმრავლესობამ აიღო კრედიტები, იყიდა მანქანები, რათა ტვირთების გადაზიდვა განეხორციელებინათ. ისინი პატიოსნად იხდიდნენ გადასახადებს. ახლა კი კრედიტებს ვერ გადაიხდიან, რადგან მათ გაუჩერეს გადაზიდვის ყველა საშუალება. თუმცა, მეზობელი ქვეყნების გადამზიდავები თავისუფლად ახდენენ საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვებს, რადგან მათ ხელს არავინ უშლის. მივმართავ ხელისუფლებას, პასუხი გასცენ ამ ადამიანებს. მათ უკან ოჯახები დგანან. ისინი შიმშილით დაიხოცებიან, რადგან ამის გარდა მათ სხვა შემოსავალი არა აქვთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ 13 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. 

მისი თქმით, კოალიცია „ქართული ოცნება“ დაეხმარება მძღოლებს და იგი პირადად იქნება მათი დამცველი: „დავიწყებთ ამ საქმის შესწავლას და მოვთხოვთ ხელისუფლებას, რამდენიმე დღეში მოაგვაროს ეს პრობლემა. მძღოლები ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომ მისცენ მუშაობის უფლება. ხელისუფლება ხალხს პირდება სამუშაო ადგილებს შექმნას და აცხადებს, რომ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას. ამის სანაცვლოდ, ჩანს, რომ სინამდვილეში ყოველდღიურად იზრდება უმუშევართა რიცხვი. ჩვენ კვირის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, რათა გადაწყდეს ეს პრობლემა და მძღოლებს მისცენ საშუალება კეთილსინდისიერი შრომით არჩინონ ოჯახები. თუ ორშაბათისთვის კონკრეტული დადებითი პასუხი არ იქნება, ჩვენ დავგეგმავთ საპროტესტო ღონისძიებებს, შესაძლებელია, მანიფესტაციაც ჩავატაროთ“.

ბრიფინგს წინ უძღოდა ფოთში ლარნაკას ქუჩაზე სატვირთო ავტომანქანების მძღოლების  მიერ გამართული საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები ტვირთების სარკინიგზო გზით გადატანის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და დაკარგული სამუშაო ადგილების დაბრუნებას ითხოვდნენ. მათი თქმით, უკვე თითქმის ორი თვეა, გადამზიდი კომპანიების ასობით მძღოლი ამ უსამართლო გადაწყვეტილების გამო უმუშევარი დარჩა. უმეტესობას ბანკში კრედიტი აქვს და ისინი ვალის დაფარვას ვერ შეძლებენ. 

„გამიჩერენ ერთი მანქანა, მეორე მანქანა, დამიყადაღეს მისაბმელები. რითი ვიმუშაო?! ახლა ვმუშაობ სხვის მანქანაზე, მაგრამ სამუშაო არაა. არადა, რომ უსმინო, ხელისუფლება სულ დასაქმებაზე ლაპარაკობს, სინამდვილეში კი აგერ, სამუშაოს გვართმევენ. აზერბაიჯანის, სომხეთისა თუ თურქეთის მოქალაქე გადამზიდავი მძღოლები ისევ მუშაობენ. მხოლოდ ქართველები ვართ გაჩერებულები. რატომ არ შეიძლება გადანაწილდეს ტვირთები ორივეზე - მანქანამაც წაიღოს და რკინიგზამაც?! ბანკიდან მაქვს კრედიტი აღებული. ჩემს მსგავსად სატვირთო მანქანების მფლობელების 90 %-ს კრედიტი აქვს. სახლები გვაქვს ვალში ჩადებული. ვართ გადამხდელები, მაგრამ უნდა გვამუშაონ. აბა, ისე როგორ გადავიხდით ვალებს?!“ - აღშფოთებული საუბრობს სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ზური გვალია.  

„გვეუბნებიან, ტვირთები რკინიგზამ უნდა გადაზიდოს, რკინიგზა უნდა დავტვირთოთო. გასაგებია, მაგრამ ჩვენც გვინდა მუშაობა, რომ ოჯახები ვარჩინოთ. მძღოლების 80%-ს გადამზიდი მანქანები კრედიტებით გვაქვს ნაყიდი. ბანკებში პროცენტები იზრდება და ზოგმა ჩვენგანმა უკვე დაკარგა ბინა. მანქანები გაჩერებულია, გაჭედილია სადგომი“, - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას გადამზიდავები, რომლებმაც საპროტესტო აქციები დაიწყეს და გაჩერებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათდამი დამოკიდებულებას არ შეიცვლის და მათ მუშაობის საშუალებას არ მისცემს.

მძღოლებთან ერთად პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრება ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბი.

ახალი ამბები