კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ენდიაის კითხვა ბიძინა ივანიშვილის „მოწოდებასთან“ დაკავშირებით, ელემენტარულად, ფაქტობრივი უზუსტობაა!“

7 სექტემბერი, 2012

გაზეთი „რეზონანსი“

„ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის - ენდიაის კვლევაში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. პრიორიტეტების მიხედვითაც იგივეა, რაც ადრე იყო. ახალია მხოლოდ ცესკოს მიმართ უნდობლობის ხარისხის გაზრდა. პარალელურად კიდევ იყო ერთი საინტერესო მონაცემი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვლაპარაკობთ გენდერულ თანასწორობაზე, კვლევაში მითითებულია, რომ ქალ კანდიდატს მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს. მოსახლეობის 37% ამბობს, რომ ქვეყანა დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. ეს არ ნიშნავს, რომ უკვე დემოკრატიული ქვეყანა ვართ“, - აცხადებს სოციოლოგი მარინე ჩიტაშვილი გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით  „ჩიტაშვილი: ენდიაის კვლევაში ახალი არაფერია და არც პოლიტიკური რეიტინგები იქნება განსხვავებული“.

„ყველაზე თვალში საცემი კითხვა, ამ კვლევაში რაც წავიკითხე, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებასთან დაკავშირებითაა დასმული. „არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას საპროტესტო აქციებისკენ. დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას?“ - რამდენადაც მეხსიერება არ მღალატობს, ბიძინა ივანიშვილს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, ან თუ გააკეთა, ამ შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ციტატა! კვლევა აგვისტოს დასაწყისშია მოწყობილი და აგვისტოს ბოლოს ივანიშვილმა სრულიად საპირისპირო რამ განაცხადა თავის ექვსპუნქტიან დეკლარაციაში, სადაც წერია, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, ის არ მოუწოდებს ხალხს საპროტესტო აქციებისკენ და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად შეეცდება, სამართლიანობა ყველანაირი კანონიერი გზით აღადგინოს“, - განმარტავს სოციოლოგი.

„საპროტესტო აქციებისკენ მოწოდება და ის განცხადება, რაც ივანიშვილმა აგვისტოს ბოლოს გააკეთა, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება. მაშინ, როცა საერთოდ არ იყო ქუჩაში გამოსვლებისკენ მოწოდება, ივლისის თვეში მოსახლოების 26% მაინც უჭერდა მხარს ქუჩაში გამოსვლას. ახლა კი, როცა ივანიშვილს არ მოუწოდებია მოსახლეობისთვის აქციებისკენ, გამოკითხულთა 16%-ია თანახმა გამოსვლებში მონაწილეობაზე და მას მხარს არ უჭერს 62%. ასეთი მოწოდება კი რეალურად არ გაკეთებულა! რას უნდა ნიშნავდეს მოსახლეობისთვის დასმული ეს კითხვა, ვერაფერს გეტყვით. ეს იმასთან უნდა გადაამოწმოთ, ვინც კითხვარი შეადგინა. ეს კითხვა, ელემენტარულად, ფაქტობრივი უზუსტობაა! მხოლოდ ამის თქმა შემიძლია“, - ამბობს მარინე ჩიტაშვილი

„არის კიდევ მეორე კითხვაც - ეთანხმებით თუ არა ვანო მერაბიშვილის დანიშვნას პრემიერ-მინისტრად? - რასაც მოსახლეობის 63% მხარს უჭერს. დავიჯერო, ამაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის არაფერია, ან სხვა კანდიდატი არ მოიძებნებოდა, რომ დანიშნულიყო? იმას კი არ ვამბობ, რატომ დაინიშნა მერაბიშვილი პრემიერად, არამედ იმას, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემით, მოსახლეობა მთავრობის გადაწყვეტილებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკას მხარს ერთმნიშვნელოვნად უჭერს. თუმცა, იმ ფონზე, როცა სიღარიბისა და სამუშაო ადგილების პრობლემაა ქვეყანაში და ამ რეფორმების განხორციელების მოლოდინი უახლოეს ექვს თვეში არ გვაქვს, როგორ შეიძლება ამ ცვლილებას მხარს უჭერდეს მოსახლეობის 63%? ჩემთვის ეს ცოტა გაუგებარია. ამასთანავე, კვლევის დროს დასმულ კითხვას - მერაბიშვილის გეგმიდან რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - მოსახლეობის 26% პასუხობს, რომ ეს 1000-ლარიანი ვაუჩერია. ამ შემთხვევაში დგება საკითხი, რომ თურმე იმ ადამიანებმა, რომლებმაც იციან გეგმის შესახებ, მათი ძირითადი პრობლემა ხელისუფლებისგან დამატებითი 1000 ლარის მიიღება ყოფილა. თავად გეგმას კი მხარს 47% უჭერს“, - განაგრძობს რესპონდენტი.

„აქ კიდევ ერთი რამეც არის საყურადღებო. ბიძინა ივანიშვილის გეგმის შესახებ როცა ისმება კითხვა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც „მაესტროს“, „კავკასიასა“ და „მე-9 არხს“ არ უყურებენ, არაფერი იციან, რაც ნიშნავს, რომ მედიასთან ხელმისაწვდომობა ადამიანების უმეტესობას არ აქვს. შესაბამისად, ადამიანებმა არ იციან ივანიშვილის გეგმების შესახებ და მას ამიტომ ჰყავს გეგმის მხარდამჭერთა ნაკლები რაოდენობა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თანაბრად როდესაც გვექნება, ჩვენ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ეს კვლევა გვაძლევს თუ არა რეალურ სურათს. თუკი მოსახლეობის 65%-ს საერთოდ არა აქვს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რა გასაკვირია, რომ მან არ იცოდეს არაფერი ივანიშვილის გეგმის შესახებ“, - დასძენს მარინე ჩიტაშვილი

„რომელი სამი რეფორმა იქნებოდა ყველაზე ნიშვნელოვანი საქართველოში და მოელით განხორციელდება თუ არა ის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში?“ - ეს კითხვა კვლევაშია დასმული. სამივე რეფორმა - ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საპენსიო რეფორმა - მაღალი პროცენტული მაჩვენებლითაა დასახელებული. მოლოდინი კი ყველაზე მაღალი განხორციელების ალბათობით აქვს ჯანდაცვის რეფორმას - 37%. თუმცა, მარტო 24%-ს აქვს მოლოდინი, რომ ის განხორციელდება. რაც ელემენტარულად ნიშნავს, რომ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რასაც ეუბნებიან ან ჰპირდებიან. ანუ ხალხს მომავლის არ სჯერა, რაც ძალიან ცუდია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ხელისუფლებას უჩვენებს, რა არის გასაკეთებელი, თუმცა რატომ არ აკეთებენ ამას, ეს თავად ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ხელისუფლება საერთოდ არ უსმენს და იმას ლაპარაკობენ, რაც თვითონ გაუხარდებათ“, - აცხადებს სოციოლოგი და შეკითხვას - „ენდიაი მალე პარტიების რეიტინგს გამოაქვეყნებს, რა მოლოდინი გაქვთ და იქნება თუ არა მასში ცვლილებები?“ - პასუხობს: „საუკეთესო შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ცოტა უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდეს, ვიდრე ენდიაის ბოლო კვლევებში იყო. არ მგონია, რამე პრინციპული სხვაობა ვიხილოთ. შესაძლებელია, ასევე, ქდმ-ს პოლიტიკურ ლიდერებს ცოტათი მაინც გაუსწრონ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. სხვა მოლოდინი არ მაქვს“.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები