კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ეს არის დარღვევა“ - არასამთავრობოები გამგეობაში გამართულ პარტიულ თათბირს ეხმაურებიან

23 სექტემბერი, 2013
 
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პარტია ,,ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის მისვლას და ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლებისადმი მიმართვას, თანამდებობების დატოვების შესახებ, ზეწოლად აფასებენ. ამის შესახებ ,,სამართლიანი არჩევნების“, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენლები საუბრობენ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ 2013 წლის 3 სექტემბერს, სამუშაო საათებში, დილის 11 საათზე, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ონოფრიშვილმა მუნიციპალიტეტის გამგეობას საკრებულოს მიერ არჩეული ახალი გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი წარუდგინა.

სხდომის დაწყებისას სააქტო დაარბაზში, სადაც მხოლოდ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულები იმყოფებოდნენ, პარტია ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი რამაზ ბერიანიძე მივიდა:

,,არჩევნები უნდა ვისწავლოთ. არჩევნები უნდა იყოს საზეიმო დღე…. ჩვენ ვნახავთ, რა შედეგებს მივიღებთ ტანდემში – დავით ონოფრიშვილი, გამგებელი, თქვენი მონამორჩილი რამაზ ბერიანიძე და თქვენ.  ვიცით, აქ ძველი შემორჩენილები ხართ და, ვიღაცას თუ გინდათ ისევ ერთი კაცის ბელადის მონები იყოთ, თქვენი ოჯახებით გადადით იმ ნაციონალურ მოძრაობაში. ვიდრე ახალი გამგებელი ოპტიმიზაციას გამოაცხადებს, ის ვინც აქ უბრალოდ ყავის დასალევად დადიხათ, თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და წახვიდეთ. ყველას გიცნობთ, სულ ყველას, ძალიან კარგად” – ეუბნებოდა პარტიის შტაბის უფროსი რამაზ ბერიანიძე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. მან სიტყვით გამოსვლისას მაგიდაზე მუშტიც რამდენჯერმე დაარტყა. აღნიშნული ფაქტი ვიდეოკამერითაცაა გადაღებული.

მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა ბერიანიძის გამოსვლა ახალ გამგებელთან ცალკე შეხვედრაზე გააპროტესტეს. 

,, შეურაცხყოფილები ვართ, რა სახსენებელი იყო ყავის ჭიქები. მისი საუბრის ტონი და ფონი, გაღიზიანების მეტს არაფერს ტოვებს” – აცხადებდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

,,თუკი რამე კეთდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ქართული ოცნების დამსახურებაა.  თუ ვინმე ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, უნდა წავიდეს” – იძლეოდა დირექტივებს კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილიც.

,,სამართლიანი არჩევნების“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტს საარჩევნო დარღვევების შემსწავლელ უწყებათაშორის კომისიას აუცილებლად მიაწვდის: ,,სახეზე აშკარაა პარტიის მხრიდან ზეწოლა თვითმმართველობის თანამშრომლებზე. რასაც ვუყურე ვიდეოში, ესაა არაჯანსაღი ვითარება. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც არავითარი ურთიერთობა და სამსახურებრივი მდგომარეობა არ აკავშირებს მუნიციპალიტეტთან, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. ადგილი აქვს გარკვეულ ზეწოლას და ჩარევას თვითმმართველობის საქმიანობაში. ფაქტობრივად, პარტიის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს“ - ამბობს ნინო ლომჯარია.

ფაქტი ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც“ დეტალურად შეისწავლეს. ,,ამ ფაქტზე ორგანიზაციაში მსჯელობა გვქონდა. საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით, ფაქტი დარღვევად შეიძლება არ ჩაითვალოს, მაგრამ ვითარება, რაც ვნახეთ, მიუღებელია“ - ამბობს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი. უწყებათაშორის კომისიაში, სადაც აღნიშნული ფაქტის შესწავლა მოხდება, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებიც შედიან.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი თამარ ლუკავა ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი: ,,ის პირდაპირ მოუწოდებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომ რომ დატოვონ თანამდებობა. აიძულებს მას ახალ წესზე და ახალ ურთიერთობებზე გადასვლას. საარჩევნო კანონმდელობით ასეთ ფაქტს დარღვევად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ ზოგადად არაჯანსაღი პროცესი რომ არის, ფაქტია“ - აცხადებს თამარ ლუკავა.

რა სახის დარღვევას გამოავლენს უწყებათაშორისო კომისია, ეს მომავალ სხდომაზე გაირკვევა. არ არის გამორიცხული, უწყებათაშორისო კომისიის წევრებმა მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოზე რამაზ ბერიანიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ.

ახალი ამბები