შორენა კაკაბაძე, იმერეთი
ქუთაისში წინასაარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის. 23 სექტემბერს ქალაქის მასშტაბით 127 საარჩევნო უბანი გაიხსნა.
დაკომპლექტდა საუბნო საარჩევნო კომისიები, თითოეული 6 წევრით.
"იმისთვის, რომ არჩევნებზე მომზადებული კადრი ვიხილოთ, კომისიის წევრებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. თუმცა, კომისიის წევრთა უმრავლესობას უკვე აქვს არჩევნებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, რაც, ბუნებრივია, დადებითად აისახება საარჩევნო პროცესის გამართულად წარმართვაზე", - აცხადებენ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სპეციალურმა კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული განაცხადების შედეგად შეარჩია.
კონკურსი 19 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით იყო გამოცხადებული.
რაც შეეხება ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას, იგი 13 წევრისგან დაკომპლექტდა. აქედან ხუთი მუდმივმოქმედი წევრია, ერთი ცენტრალური საარჩევნო კომისიას წარმოადგენს, ხოლო შვიდი - სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას.