კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქველმოქმედო ორგანიზაცია ორი ათასი ლარით დაჯარიმდა

26 სექტემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცესკოს განცხადებით მიმართა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. განცხადების ავტორის აზრით, 2013 წლის 4 აგვისტოს გურიის რეგიონში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე ადგილი ჰქონდა საქველმოქმედო ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას, რაც პარტიასთან ერთად საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან პარტიის ოფისში მისი მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაში გამოიხატა.

„საიას“ ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გურიაში, კერძოდ ოზურგეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 12 პირს ინვალიდის ეტლი გადასცა.

აქციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისათვის კომენტარი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მაია კვეზერელმა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, „ქართული ოცნების“ ლოგოს ფონზე გააკეთა.

მანვე მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ ჩოხატაურშიც და ოზურგეთშიც, საჩუქრების დარიგებას პოლიტიკურ პარტიასთან ერთად "ჩაუდგა სათავეში":

მაია კვეზერელი: „3 აგვისტოს ჩოხატაურში დაგხვდა საკრებულოს წარმომადგენელი, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" წარმომადგენელია და კურირებს იქ ამ საკითხებს; იმხელა სია გადმოიღო, რომ ძალიან გაგვიკვირდა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ "ქართულ ოცნებასთან" ერთად ჩავდგომოდით სათავეში ამ აქციას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საკმაოდ ბევრია, სახელმწიფოს პროგრამის სიებსაც გადავხედე და ამ კუთხით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი არის დასაკმაყოფილებელი.“

ჟურნალისტის კითხვაზე, წინასაარჩევნო პერიოდში ხომ არ გამოიწვევდა მსგავსი აქცია რაიმე უხერხულობას, კვეზერელმა უპასუხა:

„ ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით, ჩვენ ვართ აპოლიტიკური ორგანიზაცია. არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვაქვს საქმე. უბრალოდ, ჩვენ მოგვმართა "ქართულმა ოცნებამ" და ჩამოვიტანეთ ეტლები. რა შუაშია აქ პარტია?!”- აღნიშნა კვეზერელმა. 

მედიასთან კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო დარჩიამაც: „ქალბატონმა მაიამ ყველაფერზე გაგცათ პასუხი. მე პირადად დიდი მადლობა მინდა მას გადავუხადო მეგობრობისთვის; არანაირ კავშირში არაა აქ არჩევნები.“

აღნიშნულ ფაქტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)  2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მეორე ანგარიშში აღნიშნავს, რომ  „გამოვლინდა არაუფლებამოსილი პირების მიერ აგიტაციის გაწევის შემთხვევა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ - „ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების“ აგიტაცია გასწია. ორგანიზაციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადასცა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ საზოგადოებას ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბიდან მიაწოდა და  გაწეული დახმარებისათვის პარტიას მადლობა გადაუხადა. აღნიშნული ქმედებით ორგანიზაციამ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა კანონის დარღვევით მიიღო“.

ცესკო–ში შეტანილი განცხადებით საიამ მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება. შედეგად, რასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო, 2 ათასი ლარით დაჯარიმდა.

ახალი ამბები