კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაყალბებული კონკურსი ქუთაისის მერიაში - კონკურსის მონაწილეები შედეგს აპროტესტებენ

1 ოქტომბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქუთაისის საკონკურსო-საატეტაციო კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებების არჩევნებამდე შეჩერების შესახებ  უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას ითვალისწინებს და მუშაობას დროებით წყვეტს. კონკურსის პირეველი ეტაპის შედეგები კი, საზოგადოების მხრიდან კვლავ განსჯის საგნად რჩება. 

კონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ  საკრებულომ გამოაცხადა,  საკონკურსო-საატეტაციო კომისიას კი, სათავეში საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ჩაუდგა, იმთავითვე კრიტიკის ობიექტი გახდა. მას მიკერძოებულობასა და არაკომპეტენტურობაში დასდეს ბრალი.
 
"თუ კონკურსის მეორე ნაწილიც ისეთივე მიკერძოებით დასრულდა, როგორც პირველი, ჩათვალეთ, რომ ქუთაისი ისეთ ჩიხში აღმოჩნდება, საიდანაც კარგახანს ვერ გამოვა", - აცხადებენ საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები.

კონკურსის პირველი ეტაპი ვიცე-მერების არჩევით დასრულდა (მომდევნო ეტაპი მერიის სამსახურების უფროსების არჩევას ითვალისწინებს). საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ აღნიშნულ პოსტებზე იგივე კადრი დატოვა. კოტე ლომიძე, თენგიზ თოფურიძე და გია შარაბიძე, რომლებიც რეორგაიზაციის შემდეგ ვიცე-მერების მოვალეობას ასრულებდნენ, აღნიშნულ კონკურსში უალტერნატივოები აღმოჩნდნენ.

"ესაა გაყალბებლი კონკურსი, სადაც გარკვეული ადამიანების, მაგალითად ჩემი კანდიდატურა საერთოდ არ განიხილეს. მიზეზად კი, რაღაც სულელური არგუმენტი დაასახელეს, რომ თითქოს საჭირო დოკუმენტები არ წარვადგინე. ყველაფერი ნათელია. უკეთესი იქნებოდა, ეს კონკურსი საერთოდ არ ჩატარებულიყო და პირდაპირ სასურველი კადრი დაენიშნათ", - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში ერთერთი კონკურსანტი, სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე.

იგი კომისიას მოკერძოებულობასა და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და მაგალითად ვიცე-მერობის ერთერთი მსურველის ბაკურ ბალანჩივაძის შემთხვევას ასახელებს. ბალანჩივაძე ქუთაისის ყოფილი მერი (2006-2007წწ), ასევე, მიმდინარე წლის მაისში გამოცხადებული მერის კონკურსის მონაწილეა.

"ბატონი ბაკურის მაგალითი საკმარისია იმისთვის, რომ ეს კონკურსი შევაფასოთ. კაცს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ წარმატებით გაიარა მერის კონკურსის პირველი ეტაპი, ამჯერად დოკუმენტაცია დაუწუნეს. უბრალოდ, ამ ქალაქში არ აწყობთ ჭკვიანი, საქმიანი და პატრიოტი ხელისუფლება. აქ, სამწუხაროდ, სხვა უნარჩვევები და თვისებებია მნიშვნელოვანი", - აცხადებს მანაგაძე.

აღნიშნულ კონკურსში ბალანჩივაძის ე.წ. დამარცხება საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმაც გააპროტესტა. გასულ კვირას ქუთაისის მერიის წინ საპროსეტო აქციაზე შეკრებილი ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ "ქალაქს ბნელი წარსულისა და  გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაცის ადამიანები მართავენ და არავის ჭირდება არც ბალანჩივაძის და არც დიმიტრი კოპალიანის მსგავსი წესიერი და განათლებული ადამიანები." 

საპროტესტო აქცის მონაწილეებმა 11 სექტემბრის ფაქტი გაიხსენეს, როცა შვებულებიდან დაბრუნებულ დიმიტრი კოპალიანი მის კაბინეტში, ვიცე-მერებთან და საკრებულოს წევრებთან გამართული ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მოულოდნელად მერის თანამდებობიდან გადადგა. 

humanrights.ge ქუთაისის ყოფილ მერს, კონკურსის მონაწილეს ბაკურ ბალანჩივაძეს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თხოვა. 
   
"რა საჭიროა კომენტარი?ამათთვის სულერთია კომენტარი, სტატია, რუბრიკა,კრიტიკა.როდესაც ადამიანი სირცხვილის გრძნობას დაკარგავს და შუბლის ძარღვი გაუწყდება,მისი მოქმედება უყურადღებოდ უნდა დატოვო.ამაზე დიდი კომენტარი არაფერია.ცუდი ის არის, რომ ასე მგონია,საზოგადოებაც შეეგუა ამ ვითარებას.სად არის"ოცნების"გულანთებული აქტივი? რა,უკვე თანამდებობები დაირიგეს და ამით დამთავრდა ყველაფერი?სად არის მაჟორიტარი დეპუტატი, მისი ბიურო? რას წარმოადგენს დღევანდელი საკრებულო და მისიკომისია? ვისი გადასაწყვეტია ქალაქის ბედი, ამ მომთაბარე ვაი დეპუტატების? მეტს არაფერს ვიტყვი. დანარჩენი ხალხმა, საზოგადოებამ განსაჯოს."

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა: "კონკურსის პირობები ყველა აპლიკანტისთვის თანაბარი იყო. კომისიამ მაქსიმალური დატვირთვით, და რაც მთავარია, ობიექტურად იმუშავა. გარკვეული კითხვები და შესაბამისად, პრეტენზიები, ნებისმიერ კონკურსს მოსდევს. რაც შეეხება კომისიის  მიმართ უნდობლობის გამოცხადებას, ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა,"- ამბობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე.

ახალი ამბები