კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მეგის ქარდავას სასამართლო სხდომაზე ოფიცერ თეთრაძის გარდაცვალების შესახებ მოწმეები დაიკითხნენ

2 ოქტომბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დაკითხული სასამართლო ექსპერტის განცხადებით, გარდაცვლილი ოფიცრის, სერგო თეთრაძის ცხედარს თავის ქალის ტრამვა და ცხვირის მოტეხილობა აღენიშნებოდა, რასაც  შესაძლოა მისი გარდაცვალება გამოეწვია. 
 
მეგის ქარდავას სასამართლო პროცესზე ოფიცერ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ დირექტორი,  ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხა. მოწმემ 2012 წლის დეკემბერში გარდაცვლილის ექსჰუმაციის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები წარმოადგინა. 

„ცხედრის გამოკვლევის შედეგად დადგინდა ცხვირის ძვლის ფრაგმენტაცია და ძგიდის ხაზოვანი მოტეხილობა. თეთრაძეს სახის მიდამოში ბლაგვი  საგნის მოქმედების შედეგად მიყენებული ტრავმა აღენიშნებოდა. ასევე დაფიქსირდა ქალა-ტვინის ტრავმა. ცხვირის მსგავსი მოტეხილობა, სულ მცირე ტვინის შერყევას გამოიწვევდა, მაგრამ რა სიმძიმის იყო  ტრავმა და გამოიწვია თუ არა მან პიროვნების გარდაცვალება, ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან პირის გარდაცვალებიდან უკვე დიდი ხანი იყო გასული,“ - აღნიშნა სამედიცინო ექსპერტმა. 

მოწმის თქმით, იქიდან გამომდინარე რომ შეუძლებელი იყო იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება,    ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც თეთრაძის გარდაცვალება გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით იყო გამოწვეული, არ შეიძლება უტყუარ ჭეშმარიტებას წარმოადგენდეს. გეჯაძის განცხადებით, ცხედრის ვიზუალური დათვალიერების შემდეგადაც კი აშკარა იყო დაზიანებები.

გამოძიების ინფორმაციით, ომის ვეტერანი, ოფიცერი სერგო თეთრაძე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით, თბილისში, 2011 წლის სექტემბერში დააკავეს. თეთრაძის ოჯახს, დაკავებიდან 6 დღეში აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამ პერიოდში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ბაჩო ახალაია იკავებდა, მეგის ქარდავა კი, სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. გამოძიების ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნის  4 დღის მანძილზე, სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებმა თეთრაძეს, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, არაერთხელ ცემეს, შეულახეს ღირსება და აწამეს. გამოძიების ინფორმაცით, 23 სექტემბრის ღამეს სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა. 
 
სასამართლო პროცესზე პროკურორმა პროცესის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა დააყენა, რადგან  სხდომაზე მოწმე სისაური უნდა დაეკითხათ, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ოფიცერ სერგო თეთრაძის წამებასა და შეურაცხყოფაში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. იგი ამჟამად ამავე საქმეზე მსჯავრდებულად არის ცნობილი.  მოსამართლე ბუგიანიშვილმა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

სხდომაზე თეთრაძის ეპიზოდთან დაკავშირებით ასევე დაიკითხა მსჯავრდებული ვიქტორ ჩარგაზია. მოწმის განცხადებით 2011 წლის 23 სექტემბერს მან ყაჭეიშვილის დავალებით დაწერა განცხადება, რითიც ადასტურებდა თეთრაძის ცუდად გახდომის ფაქტს.

 „23-ში ღამე კარანტინიდან გამიყვანეს და  1-ლი კორპუსის სამორიგეო ნაწილში ამიყვანეს, სადაც დამხვდა ყაჭეიშვილი, ფაცაცია და კიდევ სხვა პირები. ყაჭეიშვილმა მთხოვა, რომ დამეწერა განცხადება, თითქოს მე თეთრაძესთან ერთად ვიყავი საკანში, როდესაც ის გახდა ცუდად, გამოვიძახეთ ექიმი და გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მე დავთანხმდი ყაჭეიშვილს და დავწერე აღნიშნული შინაარსის განცხადება, ხელიც მოვაწერე, თუმცა რეალურად, ეს ტყუილი იყო.“ - აღნიშნა ჩარგაზიამ დაკითხვისას. 

ახალი ამბები