კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი რეგულაციები და ძველი წესები ახალგორში

2 ოქტომბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალგორში 50 კილოგრამზე მეტი რაოდენობის ტვირთის შეტანა უკვე აიკრძალა. არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე დიდი რაოდენობის ტვირთის გადატანა მხოლოდ მათ აქვთ ნებადართული, ვინც ახალგორის რაიონის მაღაზიებს საკვები პროდუქტით ამარაგებს. შესაბამისად, აკრძალვა მარტო საკვებ პროდუქციას არ ეხება. ახალი რეგულაცია ძალაში ახლახან შევიდა.

18 სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ მიღებული 18 ივნისის ბრძანება, რომ დე ფაქტო საზღვარს სწორედ 18 სექტემბრიდან ვეღარ გადაკვეთდა ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნით. 

ახალი რეგულაციების თანახმად, თბილისიდან მგზავრი სოფელ ოძისამდე (სადაც ქართული გამშვები პუნქტია და ქართული პოლიცია დგას) ავტომანქანით უნდა მისულიყო; სოფელ ოძისშივე ქართული გამშვები პუნქტიდან 500 მეტრში რუსული ბლოკ-პოსტია, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი გადის. სწორედ ეს მანძილი მგზავრს ქვეითად უნდა გაევლო. რუსულ ბლოკ-პოსტზე რეგისტრაციის შემდეგ კი გზა უნდა გაეგრძელებინა სხვა ტრანსპორტით, რომელსაც ოსური ნომერი ექნება. 

ამ დღეს ახალგორელები პანიკური შიშით ელოდნენ. ადგილობრივ ორგანიზაცია-დაწესებულებებში შეგროვდა ხელმოწერები, რომლითაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობისგან მოითხოვდნენ, აღნიშნული ბრძანება ძალაში არ შესულიყო.    

ადგილობრივების ხელმოწერით შედგენილი ინფორმაციის შემდეგ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგად ახალგორში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ოსებიც და რუსებიც საკვები პროდუქტის გარეშე დარჩებოდნენ, დე ფაქტო ხელისუფლებამ რეგულაციების ამოქმედება გადადო. საკითხის განხილვისას გადაწყდა, რომ „სასაზღვრო დასახლებული პუნქტების მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო მიმოსვლას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. სპეციალურ სამუშაო ჯგუფს 1 დეკემბრამდე სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარება დაევალა, რაც ლენინგორის პროდუქტებით მომარაგებას გულისხმობს“. 

დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა ამჯერად მხოლოდ ის გადაწყვიტა, რომ სატვირთო მანქანების გადაადგილებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ეს ასეც მოხდა. ახალგორში (დე ფაქტო ტოპონიმიკით - ლენინგორი) პრდუქტების გარდა სხვა ტვირთს არ უშვებენ. ყოველგვარ ავტომანქანას კი სპეციალური ხელსაწყოებით ამოწმებენ როგორც ბარგს, ასევე მანქანის ქვედა მხარესაც.
  
ახალგორელები ახლა უკვე დეკემბრის მოლოდინში არიან. მათთვის ახალგორი-თბილისის გზა ისევ სამი ბლოკ-პოსტის გავლით გადის – თბილისიდან ჯერ ქართული გამშვები პუნქტია სოფელ ოძისში, შემდეგ – დაახლოებით 500 მეტრში რუსული ბლოკ-პოსტი, სადაც დე ფაქტო საზღვარი გადის და მესამეც – ოსური „ზონა დასმოტრა“ სოფელ მოსაბრუნში. 

ყველა უკვე დაეჩვია საჭირო პროცერურებს – სათითაოდ გადასვლასა და რეგისტრაციას. აქ უკვე აღარავინ წუწუნებს, ასე რატომ გვაწვალებენო. მხოლოდ იმას ამბობენ: „ოღონდ მეტად ნუ გაამკაცრებენ საგზაო წესებს და ეს არაფერია“. 

თუკი ადრე ყოველ ორ თვეში ერთხელ ახალგორელთა გაიგონებდით საუბარს, რომ „იანვრიდან ან მაისიდან ახალგორში ქართული პოლიცია შემოდის“, ახლა ამაზე აღარავინ ლაპარაკობს. 

„ყველა დვანისა და დიცის მავთულხლართებზე რომ ყვირის, ჩვენთან პირველად რომ გაავლეს ეს მწვანე მავთულები, ამაზე კაციშვილი არაფერს ამბობს!“ – აღშფოთებით არა, მაგრამ სინანულით ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მამაკაცი, - „რატომღაც ეს თითქოს არც არავის შეუმჩნევია და თითქოს არც იციან. ჩვენ, ახალგორელები, ყველასგან მივიწყებული ხალხი ვართ. არც ძველ მთავრობას ვახსოვდით და არც ახალს ვედარდებით“.

„ძველი მთავრობა გვიყიჟინებდა – მანდედან, ახალგორიდან წამოდით წეროვანში და გიშველითო. ვინც წეროვანში გადაბარგდა, კი ეშველათ. ყოველ შემთხვევაში, მთავრობა პატრონობდა. ვინც აქ დავრჩით, მაშინ ოპოზიციაში მყოფი და ახლა ხელისუფლებაში მოსული პირები გვეუბნებოდნენ – ფეხი არ მოიცვალოთ მაქედან, ჩვენ მოგხედავთო. მოვიდნენ ხელისუფლებაში და რა?! ვინ მოგვხედა? ან ვის ვახსოვართ?! წეროვანში ვინც წავიდა, ახლა ისინიც კი უპატრონოდ დარჩნენ“, – გულისწყრომას ვერ მალავს ახალგორელი მოხუცი ქალბატონი.

ამ დროს დე ფაქტო საზღვარზე ვართ ხმამაღალი ლაპარაკი არ შეიძლება. ამიტომ ხმადაბლა მარცვლავს სიტყვებს. შემოდგომის სუსხის ბრალი თუ სიბრაზის, თვალებიდან ცრემლები ჩამოსდის და თავსაფრის კიდით იწმენდს. 

რუსული გამშვები პუნქტი უკვე საკმაოდ კაპიტალურად არის მოწყობილი. ირგვლივ მწვანე მავთულებია მწკრივად და მოწესრიგებულად გაბმული, როგორც დიცსა და დვანში. გამშვები ორად არის გაყოფილი. ცალ მხარეს ავტომანქანები მოძრაობენ, ცალი მეორე მხარე კი მხოლოდ რუსი სამხედროების როტაციისთვის იხსნება. ვიდეოკონტროლის აპარატები უხვად არის დამონტაჟებული, თითქმის ყველა ბოძზე. 

ბლოკ-პოსტის მოწყობა-დამონტაჟება შარშან ზამთრის დასაწყისში დაიწყო და წელს იანვარში დასრულდა. ძირითადად ჩეჩნები და დაღესტნელები მუშაობდნენ. მიუხედავად სამშენებლო მუშაობებისა, გამშვებმა პუნქტმა მგზავრების რეგისტრაცია ერთ დღესაც კი არ შეაჩერა. 

„ამათ სიცივე და ყინვა არ აშინებთ“, – იტყოდნენ ხოლმე სამარშრუტო ტაქსების ძღოლები.  

დე ფაქტო საზღვარზე წარწერებია თვალსაჩინოდ გამოკრული. ეს სამი თვის წინანდელი განცხადებებია, 18 სექტემრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედების შესახებ. 18 სექტემბერმაც ჩაიარა და ცხინვალის ახალმა ბრძანებამაც, მაგრამ ამ განცხადებების ჩამოხსნას აქედან არავინ ჩქარობს. ასეთი განცხადების შემცირებული ვარიანტი ოსურ გამშვებ პუნქტზეც იყო გაკრული, მაგრამ იქიდან უკვე ჩამოხსნეს.

ამ დროისათვის დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილებისათვის მთავარ დოკუმენტად ოსური პასპორტის შეცვლილი დოკუმენტი „ფორმა 9“ ან თვითონ ოსური პასპორტი რჩება. „ფორმა 9“ ყველა იმ პირს აქვს, ვინც ოფიციალურად, პირადობის მოწმობის მიხედვით ახლგორშია რეგისტრირებული. ოსური პასპორტი კი ახალგორელთა დაახლოებით 40%-ს ექნება აღებული.  

ახალი ამბები