კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი გაუმართლებლად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეებისათვის ქვეყნიდან გასვლის მსგავსი შეზღუდვის დაწესებას

2 ოქტომბერი, 2013
 
საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ 2013 წლის 19 სექტემბერს ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამატების შეტანას „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში. 
  
კანონპროექტის მიხედვით, ზემოაღნიშნული კანონის მე–10 მუხლს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ქვეყნიდან დროებით გასვლაზე შეზღუდვებს აწესებს, ემატება ახალი „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი ეთქვას „სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე“. კანონის მე-10 მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია კი იკითხება შემდეგნაირად: „საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ან პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, აგრეთვე საზღვრის გადაკვეთაზე: ა) თუ იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; ბ) თუ წარმოადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს“. 
  
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მისი მიზანია საქართველოს საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა, რათა შევსებული იქნეს საქართველოს კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრული შეზღუდვა. ამასთან, განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის, შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თუ სხვა მსგავსი საფუძვლით პირს შეეზღუდოს ქვეყნიდან გასვლის უფლება, თუმცა, არ იყოს ინფორმირებული ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვის რეალური მიზეზების შესახებ.  

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უშიშროება და საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ისევე როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კანონპროექტის ეს ფორმულირება არის იმდენად ზოგადი, რომ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მისი იმპლემენტაციის დროს განუზომლად ფართო დისკრეციას და მისი სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციის უფლებამოსილებას ანიჭებს, რაც კანონის განჭვრეტადობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს. 

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 27-ე ზოგადი კომენტარის მიხედვით, რომელიც განმარტავს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-12 მუხლით დაცულ მიმოსვლის თავისუფლებას, კანონი უნდა ადგენდეს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის პირობებს. კომიტეტი განმარტავს, რომ მსგავსი კანონების მიღების დროს სახელმწიფო ყოველთვის უნდა ხელმძღვანელობდეს იმ პრინციპით, რომ შეზღუდვამ არ უნდა დაარღვიოს უფლების არსი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ უფლების/ნორმის ადგილი დაიკავოს შეზღუდვამ და გამონაკლისმა. ამასთან, კანონი, რომელიც მსგავს შეზღუდვებს აწესებს უნდა ადგენდეს ზუსტ კრიტერიუმებს და ამ კანონის აღმასრულებელ პირსა თუ უწყებას არ უნდა აღჭურავდეს განუზომელი დისკრეციით. 
  
შესაბამისად, ვერ გავიზიარებ, განმარტებით ბარათში მოყვანილ განმარტებას, რომ ინიცირებული დამატება აღმოფხვრის კანონში არსებულ ხარვეზს და საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც მოყვანილ შეზღუდვას გაიმეორებს. 
  
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის მე-12 მუხლი ადგენს ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის მხოლოდ ჩარჩოს/პრინციპებს, ხოლო, კანონში მათი იმპლემენტაცია ზუსტი და განჭვრეტადი ფორმულირებებით უნდა ხდებოდეს. 
  
საქართველოს კონსტიტუციის 22–ე მუხლი იცავს საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლის, მათ შორის ქვეყნის დატოვების უფლებას. ხოლო, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.“ დებულების პირდაპირი/დაუზუსტებელი გადატანა კანონში, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება ამ კონსტიტუციური მოთხოვნის სამართლებრივად გამართულ იმპლემენტაციად. კონსტიტუცია ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვას უშვებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კონსტიტუციის იმავე დებულებაში ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 27-ე ზოგადი კომენტარის მიხედვით, ნათელია, რომ მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევისათვის არ არის საკმარისი რომ შეზღუდვა ემსახურებოდეს ერთ-ერთ ჩამოთვლილ მიზანს, აუცილებელია რომ ეს შეზღუდვები ამავე დროს იყოს აუცილებელი. ამასთან, შეზღუდვა უნდა იყოს მისაღწევი მიზნის პროპორციული და ამავდროულად, ყველაზე ნაკლებად უნდა ახდენდეს მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევას. შესაბამისად, ცხადია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს ზოგად პრინციპებს, ხოლო კანონში უნდა მოხდეს კონკრეტული შემთხვევების გაწერა, რომელიც გასაგები და განჭვრეტადი იქნება როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოსა თუ უფლებამოსილი პირისათვის და არ გამოიწვევს მიმოსვლის თავისუფლების არსის დაკარგვას. 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კანონი ზუსტად და დეტალურად განსაზღვრავდეს მსგავსი შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი განმარტავს, რომ პროპორციულობის პრინციპი დაცული უნდა იყოს არა მარტო იმ კანონის მიერ, რომელიც მსგავს შეზღუდვებს აწესებს, არამედ ყველა იმ ადმინისტრაციული და სასამართლო უწყებების მიერ, რომელიც ამ კანონს იყენებს. 
  
შესაბამისად, სახალხო დამცველის მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებსა და საქართველოს პარლამენტის წევრებს მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორი და კანონში ცვლილებები განხორციელდეს იმგვარად, რომ მიღებული კანონი არ გახდეს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორის აქტებით დაცული მიმოსვლის თავისუფლების დარღვევის წყარო.   

ახალი ამბები