კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ის თქმით, „ჯიჰადის ვიდეოების“ საქმე გახსნილია

3 ოქტომბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

3 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმში რუსული მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში მომუშავე IT სპეციალისტი ეჭვმიტანილია საქართველოსთვის მუქარის შემცველი ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გავრცელებაში. 

შსს-ის თქმით, დანაშაულის გახსნის შედეგად დადგენილია მისი ჩამდენი პირი -  ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი.

ჩოკუტაევი ქსელის უფროსი ინჟინერია "აკვაფონში", რომელიც რუსული მობილური ოპერატორის "მეგაფონის" შვილობილი კომპანიაა სეპარატისტულ აფხაზეთში.

ვიდეო-რგოლში სათაურით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, რომელიც ივნისის დასაწყისში ინტერნეტით გავრცელდა და სადაც რამდენჯერმე  ნახსენებია პრეზიდენტი სააკაშვილიც, მამაკაცის ხმა ინგლისურად ქართველ სამხედროებს და მათ ოჯახებს ემუქრება და საქართველოში ბრძოლის გადმოტანის შესახებ აფრთხილებს. ამ ვიდეოს მიმართ არსებობდა ეჭვი, რომ ეს თალიბანის იმიტირება იყო.

შსს-ს თქმით, სამარ ჩოკუტაევს ბრალი წარედგინა „საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებაში ტერორისტული აქტის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, რაც წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს“ და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად მის მიმართ, პოლიციის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები ტარდება. 

პოლიციის თქმით, დანაშაული ჩადენილია სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიიდან, რომლის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება ქართული GSM ოპერატორების სიხშირე იმ ანძებიდან, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა „კვალის დაფარვის მიზნით“ გამოიყენა ქართული მობილური ოპერატორების  (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) USB ინტერნეტ-მოდემები.

„გამოძიებით უდავოდ დადგენილია, რომ სამარ ჩოკუტაევმა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია ქ.თბილისში, ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ-ქსელში და კვალის არევის მიზნით, იმგვარად ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი აღნიშნულ ოფისებში განთავსებული როუტერების გამოყენებით, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი“, - აცხადებს შსს და იქვე დასძენს, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე პოლიციელებმა სწორედ თბილისში განთავსებული IP მისამართების იდენტიფიცირება მოახდინეს.

სამინისტრო, რომელიც მადლობას უხდის მოკავშირე ქვეყნების სპეცსამსახურებს დახმარებისთვის, აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიებას აგრძელებს და ამ ეტაპზე „ლიმიტირებული“ ინფორმაციის გავრცელებით შემოიფარგლება.

ამ საქმემ, რომელიც დროდადრო პოლიტიკურად აქტუალური ხდებოდა იმის გამო, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმ პირების დროულად არ გამოვლენის გამო, ვინც ამ ვიდეოს უკან იდგნენ, მორიგი პოლიტიკური დატვირთვა ბოლოს მიმდინარე კვირას შეიძინა, რამაც სულ ცოტა კომუნიკაციის ნაკლებობა აჩვენა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება საქმის გახსნის თაობაზე 1 ოქტომბერს მას შემდეგ გააკეთა, რაც წინა დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საჯაროდ გამოთქვა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე გაუხსნელი რჩებოდა. თუმცა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქმე უკვე ერთი თვეა გახსნილი იყო. მისმა პრესსპიკერმა ისიც კი თქვა, რომ ჯობდა ალასანიას ეს თავის კოლეგასთან გადაემოწმებინა, ვიდრე საჯარო განცხადებას გააკეთებდა.

ტელეკომპანია  TV3-ის თოქშოუში საუბრისას ალასანიამ 30 სექტემბერს მუქარის ვიდეოების გამოძიებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა: „ეს არ მოხსნილა დღის წესრიგიდან ჩვენი მხრიდან. სამწუხაროა ძალიან, რომ დღემდე არანაირი სიახლე ამ კუთხით არ არსებობს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეულწილად ნათელი მოეფინება ამ საკითხს ან ყოველ შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს ექნება ინფორმაცია რამდენად შესაძლებელია პროგრესი ამ კუთხით. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები გაგვაჩნია, ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვყავს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ და ამიტომ მაშინ ალტერნატიულ გზებს მივმართავს ჭეშმარიტების დადგენის“.

„თუკი პროგრესი არ იქნა გამოძიებაში, რომელსაც აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთავთ ჩვენს რესურსს საერთაშორისოს და თავად რესურსებს სადაზვერვოს, რაც გააჩნია თავდაცვის სამინისტროს იმიტომ, რომ  პირდაპირი თავდასხმა იყო ამითი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე. მე მესმის, რომ ეს რთულია, მე ამიხსნა თავად ღარიბაშვილმაც... მაგრამ უნდა გამოვიძიოთ“, - განაცხადა ალასანიამ 30 სექტემბერს.

1 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ საქმე უკვე ერთი თვის გამოძიებულია და მის დეტალებს საზოგადოებას სამინისტრო 3 ოქტომბერს გააცნობდა. გაურკვეველი რჩება, თუ რატომ არ გახმოვანდა ინფორმაცია ერთი თვის განმავლობაში საქმის გახსნის შესახებ ან რატომ არ იქნა ის გაზიარებული მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის, მათ შორის თავდაცვის მინისტრისთვის.

მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა საქმე გახსნილად გამოაცხადა, ალასანიამ 1 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა: „ყველას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ეს დანაშაული გამოძიებულია. ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს... ძალიან დიდი იმედი მაქვს მალე მოეფინება ნათელი იმ შეკითხვებს, რომელიც გვქონდა: არის თუ არა ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთილი? არის თუ არა ეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული?... მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება ძალიან მალე ამ პასუხებს საზოგადოებას აცნობებს“.

ახალი ამბები