კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხეებში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას მონიტორინგის ჯგუფი სწავლობს

26 ოქტომბერი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება. ინიციატივა, რომელსაც ექსპერტები დადებითად აფასებენ, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკუთვნის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება N 01-59-ის საფუძველზე, მონიტორინგის ორი, 10 კაციანი ჯგუფი შეიქმნა. ისინი მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. აღნიშნულ ჯგუფებში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

„ეს მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ უპრეცედენტოა. მსგავსი რამ საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. ციხეებში არასდროს არავის არათუ წინასაარჩევნო ვითარება არ შეუსწავლია, არამედ პატიმართა 100 პროცენტიდან თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ერთ პროცენტსაც არ მისცემია. ის, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საპყრობილეებში შედიან, ნახულობენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი ამომრჩევლები არიან, იგებენ მათგან თუ რამდენად არიან ინფორმირებული არჩევნების შესახებ, კანდიდატების, მათი პროგრამების შესახებ და ა. შ. ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათზე ვიღაცა ზრუნავს. მათ ეძლევათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს გარკვეული მესიჯია ხელისუფლების მხრიდან - „ჩვენ არ გვინდა ვაკონტროლოთ ყველა ხმა.“ ამდენად, ეს ფაქტი სხვა არაერთ ფაქტთან ერთობლიობაში არის უმნიშვნელოვანესი,“ - აცხადებს საარჩევნო საკითების ექსპერტი ნინა ხატისკაცი humanrights.ge-სთან საუბარში. იგი დადებითად აფასებს, ასევე, იმ ფაქტს, რომ მოხდა პატიმართა პირადობის მოწმობებით უზრუნველყოფა.

რაც შეეხება მონიტორინგის ჯგუფებს, მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ნაწილი უკვე მოინახულეს და იქ არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე პირველი კომენტარებიც გააკეთეს: „ჩვენ ადგილზე გავეცანით ვითარებას.  მონიტორინგის მიზანი გახლავთ გავიგოთ, რამდენად არის ციხეებში წინასაარჩევნო მზადება, არიან თუ არა პატიმრები ინფორმირებული მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ა. შ. დღეს ვიმყოფებოდით ქუთაისის მე-2 და გეგუთის მე-14 დაწესებულებებში. ზოგადი ვითარება დამაკმაყოფილებელია. თუმცა, გვაქვს რამდენიმე საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მოვამზადებთ რეკომენდაციებს, რათა არჩევნებამდე ეს პრობლემა აღმოიფხვრას“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში მონიტორინგის ჯგუფის წევრი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ლუკავა.

მისი განმარტებით ქუთაისის მე-2 საპყრობილეში ქალ პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ წინასაარჩევნო საინფორმაციო  საშუალებებზე. კერძოდ, ისინი იზოლირებული არიან, ხოლო საარჩევნო პლაკატები გაკრულია იქ, სადაც მათთვის ამის ნახვა ფიზიკურად შეუძლებლია: „როგორც ციხის ადმინისტრაციაში გვითხრეს, მათ მიეწოდათ საინფორმაციო საშუალებების შეზღუდული რაოდენობა, რამაც ეს პრობლემა წარმოქმნა. ჩვენ ამის შესახებ დაუყოვნებლივ მივმართავთ როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე, სასჯელაღსრულების სამინისტროს და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ვადაში საკითხი მოგვარდება“, - ამბობს ლუკავა.

აღნიშნულ დაწესებულებაში, რომელიც ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის 129-ე სპეცუბანია, ხმას 460 ამომრჩეველი აძლევს. 59-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, ამ რიცხვში შედიან ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებიც (სპეციალური სია).

რაც შეეხება გეგუთის მე-14 დაწესებულებას, არსებული ვითარების გამო იქ სპეცუბანი მხოლოდ ციხის თანამშრომლებისთვის გაიხსნება.

„როგორც გაირკვა, საპყრობილეში მყოფი 30 პატიმრიდან ხმის მიცემის სურვილი მხოლოდ ორმა გამოთქვა. ამიტომ ამ დაწესებულებაში მათი ხმები გადასატან ყუთში ჩაიყრება. როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, პატიმრებმა წერილობითი უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია ოქმები“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი.

სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგი გრძელდება. დასრულებიდან 10 დღის ვადაში კი, მონიტორინგის ჯგუფი შედეგებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს.

ახალი ამბები