კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით

25 ოქტომბერი, 2013
 
ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს, გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართლებრივი საკითხის თაობაზე და ასევე, გამოვთქვათ შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.

2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია “ტრანს ელექტრიკა ლიმითედს” შორის (სხვა მხარეებთან ერთად) დაიდო ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მოიპოვებს პროექტის განსახორციელებლად  აუცილებელ ნებართვებსა და ლიცენზიებს. სწორედ  ნებართვებისა და ლიცენზიების გზით იღებს სახელმწიფო (კომპეტენტური ორგანოები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელებაზე (გარკვეული პირობებით), ან საერთოდ განუხორციელებლობაზე. სწორედ ამ გზით შეუძლია სახელმწიფოს შეაფასოს ისეთი პროექტის ავკარგიანობა, რომელიც „ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან“ (კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“) და სწორედ ასეთთა რიგს მიეკუთვნება  ხუდონჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი. 
 
ჩვენდა სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჯერ არც კი მიუმართავს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის ნებართვების მოსაპოვებლად და შესაბამისად, ამ ორგანოებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება პროექტის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი აცხადებენ, რომ ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში საერთოდ არ შედის ამგვარი პროექტის განხორციელება-განუხორციელებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
 
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს დაგეგმილ პროექტზე გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების სრულ უგულებელყოფას და ზეწოლას კომპეტენტურ ორგანოებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე. ამასთანავე, ეს არის იმ სამარცხვინო და ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც საქართველოში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გამოიყენებოდა - როდესაც ქვეყნის მმართველი პირველი პირები, ყოველგვარი ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი გათვლების გარეშე, ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელებაზე, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს კი, უბრალოდ მოეთხოვებოდათ ამ გადაწყვეტილებების შესრულება - ნებართვების გაცემა.
 
ჩვენთვის, ასევე, სრულიად მიუღებელია ის, რომ ხუდონჰესის პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა და ორგანიზაციების მიმართ გრძელდება რეპუტაციის შემლახავი დაუფარავი კამპანია; პროექტის ოპონენტები საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების აგენტებად და ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეებად ინათლებიან. გავიხსენებთ, რომ მსგავსი განცხადებები ენერგეტიკის მინისტრმა რამდენიმე თვის წინაც გააკეთა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი საპასუხო განცხადებით დაგმეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი გამონათქვამების რიგს მიეკუთვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 16 სექტემბერს გაკეთებული განცხადებაც, სადაც მან პირდაპირ მოუწოდა საზოგადოებას, არ მოუსმინონ და არ გაითვალისწინონ პროექტის ოპონენტების მოსაზრებები („არ შეიძლება, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შეუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებიც ხმაურობენ და მათ მეტი არაფერი არ შეუძლიათ“). ამით, მან ასევე წარმოაჩინა ის, რომ მისთვის აპრიორი მიუღებელია ნებისმიერი შენიშვნა თუ მოსაზრება, რომელიც მცირედ მაინც ეწინააღმდეგება მის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას - „ხუდონჰესი არის ასაშენებელი, როგორც სხვა ბევრი ჰესი...“.
 
ამჟამად, ხუდონჰესის პროექტი გადის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესს, რომელსაც ატარებს კომპანია და სწორედ ამ პროცესის ნაწილია საჯარო კონსულტაციები საზოგადოებასთან. სამწუხაროდ, ეს პროცესიც კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიმდინარეობს: მაშინ, როდესაც მთელ პროცესს უნდა წარმართავდეს პროექტის განმახორციელებლი კომპანია, ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები აქტიურად ერევიან შეფასების/კონსულტაციების ჩატარების პროცესში, საჯარო განხილვებზე და მედიის საშუალებით, კომპანიის ნაცვლად, სცემენ პასუხს საზოგადოების წარმომადგენელთა კითხვებს და კომპანიის სახელით გასცემენ დაპირებებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინტერესი სრულად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავდროულად არ ავლენენ მცირედ  მზაობასაც კი ამისთვის; მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა - განხილულ იქნეს პროექტის განხორციელების ისეთი ალტერნატივა, რომლის შემთხვევაშიც არ დაიტბორება სოფლები - კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროსთვის. სამინისტროს წარმომადგენლები (ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი), ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება ხუდონჰესის პროექტის ამჟამად წარმოდგენილი სახით განხორციელების გარდაუვალობაში.
 
შემაშფოთებელია, ასევე ისიც, რომ დღემდე არ არის გამოქვეყნებული პროექტის განსახლების პროგრამა, რაც წარმოადგენს როგორც მსოფლიო ბანკის (კომპანიას ხელშეკრულებით მოეთხოვება ამ ბანკის სტანდარტების დაცვა), ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.
 
ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით, დასასრულს, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ხუდონჰესის პროექტს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის. ჩვენ ეს მტკიცება დაუსაბუთებლად მიგვაჩნია შემდეგ მიზეზთა გამო: 
 
 ქვეყანას არ გააჩნია არც ენერგეტიკისგანვითარების და არც ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც დაასაბუთებდა პროექტის განვითარების სახელმწიფო ინტერესს და სტრატეგიულ მნიშვნელობას; 
 მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“,2012 წლის საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ საქართველოში აიკრძალებოდა დიდი ჰესების მშენებლობა. 2012 წლიდან დღემდე, არც საქართველოს ეკონომიკაში და არც ენერგო-სექტორში, არ მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც უბიძგებდა „ქართულ ოცნებას“ უარი ეთქვა მის მიერვე ჩატარებული პროგნოზის/ანალიზის საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
 საქართველოს მთავრობის პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, აღნიშნულია, რომ ეკონომიკა უნდა დაეფუძნოს მდგრადი განვითარების მოდელს. სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებად გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვა; ამ პრიორიტეტებს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ხუდონჰესის პროექტი. ამასთან, დიდი ჰესების მშენებლობა საერთოდ არ წარმოადგენს მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებას; 
 არც სახელმწიფოს და არც ინვესტორ კომპანიას დღემდე არ ჩაუტარებია პროექტის ხარჯ-სარგებლის ანალიზი.
 
ამგვარად, არ არსებობს (საზოგადოებისთვის უცნობია) ხუდონჰესის პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დამადასტურებელი სტრატეგიული დოკუმენტი ან სხვა ობიექტური გარემოებები. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს სუბიექტური გარემოებები, რომლებიც უბიძგებს ქვეყნის მმართველობაში მყოფ თანამდებობის პირებს, საერთოდ დაივიწყონ საქართველოს მოქალაქეთა წინაშე სულ რაღაც ერთი წლის წინ აღებული ვალდებულებები. ასეთი გარემოება კი, დიდი ალბათობით, პირადი ინტერესიც შეიძლება იყოს, იმის გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელებს უახლოეს წარსულში ენერგო-სექტორში გააჩნდათ კომერციული ინტერესი. 
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ: 
 
 ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს;
 მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან, გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე აშკარა ზეწოლისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებისგან;
 გამოკვლეულ იქნეს ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციის მექანიზმები, რათა   გამოირიცხოს მათი არსებობის მცირე შესაძლებლობაც კი.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები:
 
1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
2. ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
3. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC)
4. ალტერნატივა განვითარებისათვის
5. არასამთავრობო ორგანიზაცია ''დროა იცოდე შენი უფლებები”
6. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე"
7. გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი
8. გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლვითი ცენტრი
9. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
10. იდენტობა
11. იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია "ასა"
12. ინვალითთა და დევნილთა კავშირი
13. კავკასიური სახლი
14. კავშირი "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის"
15. კონსტუტუციის 42-ე მუხლი 
16. კავშირი საფარი
17. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი ჩთჩ 
18. მეოხი – 2010
19. მედიის ინსტიტუტი
20. მწვანე ალტერნატივა
21. მწვანე ხაზი
22. პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო
23. ჟურნალისტთა ასოციაცია "გენდერ მედია კავკასია"
24. საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი
25. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
26. საზოგადოებრივი დამცველი
27. სათემო განვითარების ცენტრი
28. სათემო კავშირი „ნუკრიანი“
29. საინფორმაციო და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი
30. საუნჯე
31. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
32. საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი
33. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
34. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო
35. „სვანეთის კულტურისა და განათლების ვენტრი“
36. სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი ლაგუშედა
37. სვანეთის ტურიზმის ცენტრი
38. სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
39. სტეფანწმიდა
40. „სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე“ (StudioMobile – Accent on Action)
41. სპექტრი
42. უსაფრთხო სივრცე
43. ფრიდრიხ ებერტის ფონდი
44. ქალები რეგიონების განვითარებისთვის
45. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
46. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
47. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია
48. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რებილიტაციის ცენტრი – GCRT 
49. წიგნიერების განვითარების ცენტრი
50. ჯანმრთელი სამყარო
51. ჯანმრთელი სიცოცხლე
 
ხელმოწერები გრძელდება. განცხადების მხარდაჭერის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: greenalt@greenalt.org და gyla@gyla.ge 

ახალი ამბები