კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის განცხადება მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას საქმესთან დაკავშირებით

3 ოქტომბერი, 2013
 

2013 წლის 1 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების  #8 დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველი შეხვდა მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას, ე.წ. „კოჭოიას“. მ.ყოლბაიას საქმეში უამრავი მძიმე დანაშაულის ნიშნები იკვეთება და ის არაერთხელ გახდა წამების მსხვერპლი. სახალხო დამცველთან საუბრისას მ.ყოლბაიამ ასევე ისაუბრა მსჯავრდებულ ელდარ ქობალიას წამებით სიკვდილზე, რომელიც ასევე დაკავებულ იქნა ტერორიზმის მუხლით. 
  
საქართველოს სახალხო დამცველი იწყებს მერაბ ყოლბაიას და მასთან ერთად დაკავებული პირების საქმეების შესაწვლას და  საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქვეყნებს მერაბ ყოლბაიას ახსნა-განმარტებას. 

  
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა მერაბ ყოლბაიამ განაცხადა, რომ ამჟამად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის სახით მოსახდელი დარჩა 9 წელი და 6 თვე. მსჯავრდებული აცხადებს, რომ იგი არის უდანაშაულო და მის საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას განმარტებით, დაკავების მომენტიდან მასზე ხორციელდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, ასევე სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსნები. 
  
მსჯავრდებულის განმარტებით, იგი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, 2011 წლის 15 თებერვალს ქართველი პარტიზანების ჯგუფმა დააკავა. მათ შორის იყვნენ 1. მანჩო შალამბერიძე, 2. მეტსახელად „ლისი“ გვარად ღურწკაია, 3. სოსო ხარჩილავა,  4. ვინმე „კაბამი“, 5. ვინმე ლადო - ან ლევანი, გვარად ჭელიძე. დანარჩენების სახელები და გვარები მან არ იცის. მისი დაკავება მოხდა საკუთარ სახლში, რა დროსაც მასთან სახლში იმყოფებოდნენ ბებია - მარგო ცხადაია, ბიძშვილები - ვეფხვია არჩვაძე, ჟანა არჩვაძე, დეიდა ლალი არჩვაძე, ბიცოლა - გულნაზი ცაავა, მეზობლები - თემური ყოლბაია, გოგა აბლოთია. 
  
ზემოთ აღნიშნული პარტიზანული დაჯგუფების წევრები შევიდნენ მის სახლში, რის შემდეგაც მანჩო შალამბერიძემ მერაბ ყოლბაიას იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში და დააგდო იატაკზე. შემდეგ მანჩო შალამბერიძემ მაყუჩიანი პისტოლეტით მარცხენა ფეხზე მიბჯენით ესროლა ორი ტყვია, რის შედეგადაც აიყვანეს ხელში და წაიყვანეს ტყის მიმართულებით. ამ დროს სახლში მყოფი სხვა პირები გაფრთხილებული ჰყავდათ რომ არაფერი მოემოქმედათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაემუქრნენ იარაღით. მას შემდეგ რაც შევიდნენ ტყეში პარტიზანების ჯგუფი შეჩერდა ერთ ადგილზე, რომელიც  ადრე ერთ-ერთ იქაურ მოსახლის მიერ გამოიყენებოდა სამეურნეო დანიშნულებისთვის. ამ დროს მანჩო შალამბერიძე ტელეფონზე დაუკავშირდა მერაბ ყოლბაიასთვის უცხო პირებს და უთხრა მათ, რომ საჭირო იყო ცხენის მოყვანა, ვინაიდან მათ მიჰყავდათ დაჭრილი კაცი და გაუჭირდებოდათ მისი ფეხით წაყვანა. ამის შემდეგ მანჩო შალამბერიძე მივიდა მერაბ ყოლბაიასთან და კვლავ ესროლა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში 6 (ექვსი) ტყვია. ამის შემდეგ ვინაიდან ვერ შეძლეს ცხენის მოყვანა ისინი ფეხით გაუდგნენ გზას ზუგდიდის მიმართულებით. მერაბ ყოლბაია აღნიშნავს, რომ როდესაც  მათთან სახლში მივიდნენ პარტიზანები, იქნებოდა დაახლოებით საღამოს 10 საათი. 

მსჯავრდებული მერაბ ყოლბაიას განმარტებით, დრო გამოშვებით მანჩო შალამბერიძე ტელეფონით უკავშირდებოდა მისთვის გაურკვეველ პირებს. გზად  მათ დაახლოებით შვიდი პიროვნება შეუერთდა, რომლებიც მათთან ერთად იყვნენ ზუგდიდის საზღვრამდე. მისივე განმარტებით, პარტიზანებმა წაიყვანეს „რუხის ციხის“ მიმართულებით, საიდანაც ზუგდიდისკენ მიდის გზა, გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. ენგურზე გადასვლის შემდეგ მათ დახვდათ „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა, სადაც ისხდნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები. პარტიზანების ჯგუფი ჩაჯდა აღნიშნულ ავტომანქანაში, რის შემდეგაც წაიყვანეს ზუგდიდში, მისთვის გაურკვეველ შენობაში, სადაც დაჰყვეს დაახლოებით ნახევარი საათი. 

  
მანქანაში მას ერთ-ერთმა სამხედრო ფორმიანმა პირმა, რომელიც იჯდა მძღოლის მარჯვენა მხარეს,  ჰკითხა იცნობდა თუ არა მეგის ქარდავას, რაზეც მერაბ ყოლბაიამ უარით უპასუხა. ფორმიანმა პირმა  კი უთხრა, რომ ის იყო მეგის ქარდავა. ავტომანქანიდან გადასვლის შემდეგ აღნიშნულმა პირმა ხელი მოჰკიდა და „პიკაპის“  სახურავის გვერდითა ნაწილზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მას გაუსკდა კანი  შუბლის არეში და წამოუვიდა სისხლი. 

მერაბ ყოლბაიას განმარტებით 15 თებერვალს ღამის საათებშივე წაიყვანეს თბილისის მიმართულებით. თბილისში მიიყვანეს მისთვის გაურკვეველ შენობაში, რა დროსაც მას თავზე ჩამოცმული ჰქონდა შავი ტომარა. იგი შეიყვანეს ოთახში, სადაც იდგა ორი მაგიდა  და ერთი დივანი. ამის შემდეგ იატაკზე  გაშალეს პოლიეთილენის პარკი და ზედ დააწვინეს. მსჯავრდებულის განმარტებით, მასთან მივიდა მისთვის უცნობი პირი სამოქალაქო ფორმაში, რომელმაც მიიტანა ფურცელი და საწერი ავტოკალამი და უთხრა გაეცა პასუხები მის შეკითხვებზე. ამ დროს ოთახში იმყოფებოდა კიდევ სამი პიროვნება, რომელთა ვინაობას მსჯავრდებული ვერ ასახელებს, მერაბ ყოლბაიას განმარტებით მან ოთახში მყოფებს განუცხადა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიაწვდიდა. აღნიშნულის შემდეგ ოთახში შემოვიდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი, რომელსაც ხელში ეჭირა „ბეისბოლის“ ჯოხი, სახეზე კი ეკეთა რუხი ფერის ნიღაბი. აღნიშნულმა პირმა მას დაუწყო ჯოხით უმოწყალოდ ცემა, თავზე ჩამოაფარეს პოლიეთილენის პარკი, ასევე აერთებდნენ დენზე. ყოველივე აღნიშნული გრძელდებოდა დაახლოებით საათნახევარი, რის შედეგადაც, მსჯავრდებულის განმარტებით მას ჩააცვეს სამხედრო ფორმა და წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში. 
  
გორის ჰოსპიტალში მიყვანისას, მსჯავრდებულის განმარტებით, იგი რეგისტრაციაში გაატარეს სხვისი სახელით და გვარით, რომელიც მას არ ახსოვს და მედპერსონალს უთხრეს თითქოს იგი მსახურობდა სენაკის ნაწილში, სადაც ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურესთან შელაპარაკების დროს დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. გორის ჰოსპიტალში გააჩერეს დაახლოებით საათნახევარი, რა დროსაც მას აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც წამოიყვანეს თბილისში.  მანქანაში მსხდომი პირები მას ურჩევდნენ, რომ დაკითხვის დროს მას აჩვენებდნენ ფოტოსურათებს და მას უნდა ამოეცნო პირები, რომლებთანაც თითქოს მას დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდა, რაზეც მან უარი უთხრა. აღნიშნულზე მას უთხრეს, რომ მას მიიყვანდნენ სადაც საჭიროა და ნახავდნენ რას იტყოდა. 
  
ამის შემდეგ წაიყვანეს მისთვის გაურკვეველ ადგილზე. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მან დაინახა, რომ ირგვლივ იყო ბევრი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რაც ნაგავსაყრელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მათთან ამ დროს მივიდა შავი ფერის ჯიპი, რის შედეგადაც მერაბ ყოლბაიას თავზე ჩამოაცვეს შავი ტომარა. ამის შემდეგ მასთან მივიდა ერთ-ერთი პირი და მეგრულად უთხრა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო გარკვეული პირებისთვის, სანაცვლოდ კი ყველაფერში დაეხმარებოდა. მან განუცხადა, რომ იგი იყო მინისტრი და შეეძლო მისთვის ბევრი რამ გაეკეთებინა. მსჯავრდებული განმარტავს, რომ აღნიშნული შემთხვევის მონაწილე პირების სახელები და გვარები არ იცის. ყოველივე აღნიშნულზე მერაბ ყოლბაიამ  განაცხადა, რომ იგი იყო უდანაშაულო და ვერც ვერავის ვერ დაადებდა ხელს, ვინაიდან არანაირი ინფორმაცია რაიმე დანაშაულზე მას არ გააჩნია. ყოველივე ამის შემდეგ მას დაუწყეს სასტიკად ცემა ხელებით, ფეხებით  და ხელკეტებით, რაც გაგრძელდა დაახლოებით ორი საათი და თან ეუბნებოდნენ, რომ აქ იქნებოდა მისი სასაკლაო. ამის შემდეგ ჩასვეს  მანქანაში და წაიყვანეს გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 
  
#18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასევე გაგრძელდა მისი წამება, რაშიც მონაწილეობდნენ ვაჟა ცხვედიანი #18 დაწესებულების დირექტორი, რომა მიქავა - ციხის კონტროლიორი, ვინმე გიორგი, რომელსაც ცალ თვალზე აქვს პრობლემა, ასევე საქმის ზედამხედველი პროკურორის თანმხლები პირები, რომელთა სახელები და გვარები მან არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა შეუძლია. მსჯავრდებულის განმარტებით, პროკურორი - სახელად დავითი ესწრებოდა მის წამებას, თუმცა იგი უშუალოდ არ მონაწილეობდა მის წამებაში. 
  
მერაბ ყოლბაიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც იგი გადაიყვანეს #8 დაწესებულებაში, ასევე გრძელდებოდა მისი წამება, კერძოდ, მას დროდადრო ცემდნენ და აწამებდნენ ალეკო მუხაძე, ვიქტორ ღაჭეიშვილი, გაგა მკურნალაძე, მეგის ქარდავა და სხვა პირები, რომლებიც არ იყვნენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი, თუმცა მასთან მიდიოდნენ რათა მოეპოვებინათ სასურველი ჩვენება. 
  
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ყოფნის დროს, ერთ დღეს კამერიდან გაიყვანა ოფიცერმა „კობამ“, რომელმაც მიიყვანა სამორიგეოსთან, რის შედეგადაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიიყვანა ალეკო ჯანჯღავას კაბინეტში, სადაც იმყოფებოდნენ გაგა მკურნალაძე და მეგის ქარდავა, ასევე პატიმრები კ. მ. და ე. ქ.. მერაბ ყოლბაიას განმარტებით მას მეგის ქარდავამ კითხა იცნობდა თუ არა კ. მ.-ს და ე. ქ.-ს, რაზეც მან უპასუხა, რომ კ. მ.-ს იცნობდა, ხოლო ე. ქ.-ს არა, რაზეც მეგის ქარდავამ მოსთხოვა, რომ მას ეთქვა თითქოს ორივეს იცნობდა. აღნიშნულზე მერაბ ყოლბაიამ უარი განაცხადა, რის გამოც კ. მ.-ს და ე. ქ.-სთან ერთად დააგდეს იატაკზე და დაუწყეს ცემა, ასევე დენით წამება. როდესაც იატაკზე იწვნენ ე. ქ.-მ მერაბ ყოლბაიას ურჩია ეღიარებინა რასაც სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა სიკვდილი. ე. ქ.-მ ასევე უთხრა, რომ იგი გააუპატიურეს ხელკეტით და თუ არ უნდოდა რომ მასაც იგივე  მოსვლოდა ეღიარებინა ყველაფერი. 

მერაბ ყოლბაიას განმარტებით წამების შედეგად მან წინასწარ გამოძიებაში აღიარა ბრალდებით წარდგენილი დანაშაული, რის შედეგადაც საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოში გადათქვა აღიარება და  მისცა სწორი ჩვენება, რასაც  ასევე მოჰყვა მისი წამება  #8 დაწესებულებაში. საბოლოოდ მას მიუსაჯეს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მერაბ ყოლბაიას განმარტებით მისი ადვოკატი არის გელა ნიკოლაიშვილი, რომელმაც დაახლოებით 2013 წლის მაისში მასთან იმყოფებოდა გამომძიებელთან ერთად, რა დროსაც მისი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მისცა ვრცელი ჩვენება, ასევე ამოიცნო მის წამებაში მონაწილე პირები (ფოტოების მიხედვით).

ახალი ამბები